გამოსვლა 28
- 1
"მიიახლოვე აჰარონი, შენი ძმა და მისი ძენი, ისრაელის ძეთაგან, რომ მღვდლობა გამიწიონ: აჰარონი, ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, აჰარონის ძეები.
- 2
გაუმზადე წმიდა სამოსელი აჰარონს, შენს ძმას, დიდებისა და მშვენებისათვის.
- 3
ელაპარაკე ყველა გულბრძენ კაცს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აჰარონს მის გამოსაცალკევებლად, რათა მღვდლობა გამიწიოს.
- 4
აჰა, სამოსელი, რომელიც უნდა დაამზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. დაუმზადონ სამოსელი აჰარონს, შენს ძმას და მის ძეებს, რომ მღვდლობა გამიწიონ.
- 5
აიღონ ოქრო, ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული მატყლი და ბისონი.
- 6
ოქროსგან გააკეთონ ეფოდი, ცისფერი და ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისა, ოსტატური ნაკეთობით.
- 7
ორი შემკვრელი სამხრე ექნება მას ორივე კიდეზე, რათა დამაგრებული იყოს.
- 8
ეფოდის სარტყელი, რომელიც მასზეა, ისეთივე ნახელავი უნდა იყოს - ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისა.
- 9
აიღე სარდიონის ორი ქვა და ამოკვეთე ზედ ისრაელის ძეთა სახელები.
- 10
ექვსი ამ სახელთაგან ერთ ქვაზე და დანარჩენი ექვსი სახელი მეორე ქვაზე, მათი წარმოშობის მიხედვით.
- 11
ქვისმთლელის ნაკეთობით, საჭრეთელით ამოკვეთე ორივე ქვაზე ისრაელის ძეთა სახელები და ჩასვი ოქროს ბუდეებში.
- 12
მიამაგრე ორივე ქვა ეფოდის სამხრეებზე - ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვები. და ატაროს აჰარონმა მათი სახელები უფლის წინაშე სამახსოვროდ ორივე სამხრეზე.
- 13
ბუდეები ოქროსი გააკეთე;
- 14
ასევე სუფთა ოქროს ორი ძეწკვი; გრეხილი ნაკეთობა, წნული ნამუშევარი და მიამაგრე წნული ძეწკვები ბუდეებზე.
- 15
გააკეთე განკითხვის სამკერდული, ოსტატური ნაკეთობით, ისეთივე ნაკეთობით დაამზადე, როგორც ეფოდია გაწყობილი. ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან დაამზადე.
- 16
ოთხკუთხედი იყოს, ორკეცი, მტკაველი - სიგრძე და მტკაველი - სიგანე.
- 17
და ჩასვი მასში ჩასასმელი ქვები, ქვების ოთხი მწკრივი - ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა - ერთი მწკრივი.
- 18
მეორე მწკრივი - ზურმუხტი, საფირონი და ალმასი.
- 19
მესამე მწკრივი - იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო.
- 20
მეოთხე მწკრივი - ქრიზოლითი, ონიქსი, იასპის ქვა; ოქროს ბუდეში უნდა ჩასვა ისინი.
- 21
ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი ქვა მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე თორმეტიდან თითო შტოს სახელი უნდა იყოს ამოტვიფრული.
- 22
ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი ქვა მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე თორმეტიდან თითო შტოს სახელი უნდა იყოს ამოტვიფრული.
- 23
ოქროს ორი რგოლიც გააკეთე სამკერდულზე და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორ კიდეზე.
- 24
ჩასვი ოქროს წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე.
- 25
ორთავე წნულის ორივე კიდე მიაბი მის ორ ბუდეზე და წინიდან მიამაგრე ეფოდის სამხრეებზე.
- 26
გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი სამკერდულის ორივე კიდეზე, მის არშიაზე, რომელიც ეფოდის შიგნითაა.
- 27
გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი ეფოდის ორთავე სამხრეზე ქვემოთა წინა მხრიდან, ეფოდის ოსტატურად ნაქარგ სარტყელთან შეერთების ადგილზე.
- 28
მიამაგრონ სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონარით, რათა იყოს იგი ეფოდის სარტყელზე და არ მოსცილდეს სამკერდული ეფოდს.
- 29
ატაროს აჰარონმა ისრაელის ძეთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, გულზე, წმიდაში შესვლისას, მუდმივ სამახსოვროდ უფლის წინაშე.
- 30
ჩასვი განკითხვის სამკერდულში ურიმი და თუმიმი. და იქნება ისინი აჰარონის გულზე, უფლის წინაშე მისი შესვლისას; მუდამ გულზე ატაროს აჰარონმა ისრაელის ძეთა სამართალი უფლის წინაშე.
- 31
დაამზადე მოსასხამი ეფოდისთვის, მთლიანად ცისფერი ქსოვილისგან.
- 32
შუაში თავის გასაყრელი ჰქონდეს ამოჭრილი, ჯაჭვის პერანგივით; ჭრილს ოსტატური არშია ჰქონდეს კიდეზე შემოვლებული, რომ არ შემოირღვეს.
- 33
მის კალთებზე, გარშემო ბროწეულები ამოქარგე ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის.
- 34
ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული სამოსლის კალთებზე ირგვლივ.
- 35
იყოს იგი აჰარონზე მსახურებისას, რათა ისმოდეს მისი ხმა წმიდაში უფლის წინაშე შესვლისას და გამოსვლისას, რომ არ მოკვდეს.
- 36
გააკეთე სუფთა ოქროს გვირგვინი და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფრით: წმიდა უფლისათვის.
- 37
მიამაგრე იგი ცისფერი ზონარით და იყოს იგი თავსაბურველზე. თავსაბურველის წინა მხარეს იყოს იგი.
- 38
ეკეთოს აჰარონს შუბლზე და იტვირთოს აჰარონმა შესაწირავთა ბრალი, რომელთაც შესწირავენ ისრაელის ძენი ყოველი შეწირვისას და მუდამ შუბლზე ეკეთოს, რათა სასურველი იყვნენ უფლის წინაშე.
- 39
მოქსოვე ბისონის კვართი და ოსტატურად მოქარგული სარტყელი გაუკეთე.
- 40
გაუმზადე აჰარონის ძეთ კვართი და გაუკეთე მათ სარტყელნი და ქუდებიც გაუკეთე მათ დიდებად და მშვენებად.
- 41
შემოსე ამ სამოსით შენი ძმა აჰარონი და მისი ძენი, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.
- 42
დაუმზადე მათ სელის ქვედა სამოსელი, სხეულის სიშიშვლის დასაფარად; წელიდან წვივამდე რომ სწვდებოდეს.
- 43
იქონიონ ისინი აჰარონმა და მისმა ძეებმა საკრებულო კარავში შესვლისას ან სამსხვერპლოსთან მიახლებისას წმიდაში მსახურებისთვის, რომ არ დაედოთ ცოდვა და არ დაიხოცონ. საუკუნო წესია ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მას შემდეგ”.