გამოსვლა 27
- 1
"გააკეთე სამსხვერპლო აკაციის ხისგან, ხუთი წყრთა იყო მისი სიგრძე და ხუთი - სიგანე; ოთხკუთხა იყოს სამსხვერპლო და სამი წყრთა ჰქონდეს სიმაღლე.
- 2
გაუკეთე რქები ოთხივე კუთხეში; მისგანვე იყოს რქები და სპილენძით მოაპირკეთე.
- 3
გაუკეთე ქოთნები ფერფლის გასატანად, ნიჩბები, სასხურებელნი, ჩანგლები და აქანდაზები, მისი ყოველი ჭურჭელი სპილენძისგან გააკეთე.
- 4
გაუკეთე ბადისებრი ცხაური სპილენძისგან, გაუკეთე ბადეს ოთხი სპილენძის რგოლი ოთხივე კუთხეში.
- 5
დადე იგი სამსხვერპლოს წრიული შვერილის ქვეშ ისე, რომ ბადე სამსხვერპლოს შუამდე სწვდებოდეს.
- 6
გაუკეთე კეტები სამსხვერპლოს, კეტები აკაციის ხისგან და სპილენძით მოჭედე.
- 7
გაუყარე კეტები რგოლებში და იყოს სამსხვერპლოს ორივე მხარეს, მის სატარებლად.
- 8
ღრუიანი გააკეთე იგი ფიცრებისგან; როგორც მთაზე გაჩვენე - ისე გააკეთონ.
- 9
სამხრეთის მხარეს სავანის ეზო მოაწყვე, ასი წყრთის სიგრძის გრეხილი ბისონის ფარდები ჰქონდეს ეზოს ერთ მხარეზე.
- 10
სვეტები მისი - ოცი, თავისი სპილენძის ოცი კვარცხლბეკით: სვეტების სამაგრები და მათი კაუჭები - ვერცხლისა.
- 11
ჩრდილოეთის მხარის გასწვრივაც ასი წყრთის სიგრძის ფარდა იყოს; სვეტები - ოცი, თავისი სპილენძის ოცი კვარცხლბეკით; სვეტების სამაგრები და მათი კაუჭები - ვერცხლისა.
- 12
ეზოს სიგანეზე დასავლეთით ორმოცდაათი წყრთის სიგრძის ფარდა ჰქონდეს; თავისი ათი სვეტითა და ათი კვარცხლბეკით.
- 13
ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთით, მზის აღმოსავლისკენ - ფარდა ორმოცდაათი წყრთა იყოს;
- 14
თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთი მხარისთვის თავისი სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით.
- 15
მეორე მხარისთვისაც - თხუთმეტი წყრთა ფარდა სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით.
- 16
ჩამოსაფარებელი ეზოს შესასვლელისათვის - ოცი წყრთა, ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ქსოვილებისა და მოქარგული, დაგრეხილი ბისონისგან; ოთხი სვეტი და ოთხი კვარცხლბეკი.
- 17
ეზოს ყოველი სვეტი ვერცხლის კაუჭებით იყოს შეერთებული ირგვლივ; მათი სამაგრები ვერცხლის იყოს და მათი კვარცხლბეკები _ სპილენძისა.
- 18
ეზოს სიგრძე ასი წყრთაა, ხოლო სიგანე - ორმოცდაათი. სიმაღლე ხუთი წყრთაა; ფარდები გრეხილი ბისონისა, თავისი სპილენძის კვარცხლბეკებით.
- 19
სავანის ყველა ჭურჭელი, რაც კი იქ უნდა მოიხმარონ და ყველა მისი პალო და ეზოს პალო - სპილენძის უნდა იყოს.
- 20
და უბრძანე ისრაელის შვილებს, მოგიტანონ წმიდა ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი.
- 21
საკრებულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ანთებული ჰქონდეთ იგი აჰარონს და მის ძეებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის საუკუნო წესი ისრაელის ძეთათვის თაობიდან თაობამდე”.