გამოსვლა 29
- 1
"აი, რა უნდა გააკეთო მათ განსაწმედად, რომ მღვდლობა გამიწიონ: აიყვანე ერთი ნორჩი მოზვერი და ორი უმანკო ვერძი,
- 2
აიღე ხმიადები და ზეთში მოზელილი უფუარი კვერები, ხორბლის გამტკიცული ფქვილისგან იყოს გამომცხვარი.
- 3
ერთ კალათაში ჩააწყვე და მოიტანე; მოზვერი და ორი ვერძიც მოიყვანე.
- 4
მიიყვანე აჰარონი და მისი ძენი საკრებულო კარვის კართან და განბანე წყლით.
- 5
აიღე სამოსელი და შემოსე აჰარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით; და შემოარტყი ეფოდის სარტყელი.
- 6
დაახურე თავსაბურავი და სიწმიდის ჯიღა მიამაგრე თავსაბურავზე.
- 7
აიღე საცხებელი ზეთი, დაასხი თავზე და სცხე.
- 8
მიაახლე მისი ძენი და ისინიც შემოსე კვართებით.
- 9
შემოარტყი სარტყელი აჰარონსა და მის ძეებს, დაახურე თავსაბურავები და იქნება მათი მღვდლობა სამუდამოდ; ასე მიუძღვენი აჰარონი და მისი ძეები.
- 10
მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან და თავზე დაადონ მოზვერს ხელები აჰარონმა და მისმა ძეებმა.
- 11
და დაკლავ მოზვერს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან.
- 12
აიღე მოზვრის სისხლი და სცხე თითებით სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დარჩენილი სისხლი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვარე.
- 13
აიღე მთელი ქონი, რომელიც შიგნეულს აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევლად.
- 14
ხოლო მოზვრის ხორცი, მისი ტყავი და განავალი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვი; ცოდვის შესაწირია იგი.
- 15
აიყვანე ერთი ვერძი და ხელები დაადონ თავზე აჰარონმა და მისმა ძეებმა.
- 16
დაკალი ვერძი, აიღე მისი სისხლი და მოაპკურე ირგვლივ სამსხვერპლოს.
- 17
დაჭერი ვერძი ნაწილებად, გარეცხე შიგნეული და კიდურები და დაალაგე მის ნაჭრებსა და თავზე.
- 18
მთლიანი ვერძი აღავლინე საკმევლად სამსხვერპლოზე; ეს სრულადდასაწველი შესაწირია უფლისა, კეთილსურნელებაა, საცეცხლო მსხვერპლია იგი უფლისთვის.
- 19
აიყვანე მეორე ვერძი და ხელები დაადონ თავზე აჰარონმა და მისმა ძეებმა.
- 20
დაკალი ვერძი, აიღე მისი სისხლი და სცხე აჰარონს და მის ძეებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერსა და მარჯვენა ფეხის ცერზე; და ირგვლივ მოაპკურე სისხლი სამსხვერპლოს.
- 21
აიღე სამსხვერპლოდან სისხლი, საცხებელი ზეთი და ასხურე აჰარონს, მის სამოსელს, მის ძეებსა და მათ სამოსელს და განიწმიდებიან ის და მისი სამოსელი და მისი ძენი და მათი სამოსელი.
- 22
აიღე ვერძისგან ქონი, დუმა, შიგნეულზე გამოკრული ქონი, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი ქონიანად და მარჯვენა ბეჭი, ვინაიდან მიძღვნის ვერძია ეს.
- 23
ერთი მთლიანი პური, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი ფუნთუშა უფლის საწინაშეო ხმიადების კალათიდან.
- 24
და ხელებზე დაუწყვე ყოველივე ეს აჰარონსა და მის ძეებს და შეარხიე შესარხეველ შესაწირად უფლის წინაშე.
- 25
მერე გამოართვი ყველაფერი ხელიდან და სრულადდასაწველ კეთილსურნელებად შესწირე სამსხვერპლოზე, უფლის წინაშე. საცეცხლო შესაწირია ეს უფლისთვის.
- 26
აიღე აჰარონის მიძღვნისათვის განკუთვნილი ვერძის მკერდი და შეარხიე იგი შესარხევ შესაწირად უფლის წინაშე; ეს იქნება შენი წილი.
- 27
გაწმიდე შესარხევი მკერდი და აღსავლენი ბეჭი, რომელიც მიძღვნის ვერძისგან შეირხა და აღიმართა; აჰარონისა და მისი ძეების კუთვნილებაა ეს.
- 28
და იქნება ეს აჰარონისა და მისი ძეებისთვის საუკუნო წესად ისრაელიანთა მიერ აღსამართ მსხვერპლთაგან; ისრაელის ძეთა აღსამართ მსხვერპლთაგან უნდა იყოს იგი. და იქნება იგი ისრაელიანთა აღსამართი, სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლთაგან უფლისადმი.
- 29
აჰარონის წმიდა სამოსელი, მის შემდგომ მის ძეთ დარჩეს, რათა მასში იყვნენ ცხებულნი და მიძღვნილნი.
- 30
შვიდი დღე იმოსებოდეს მასში ღვთის მსახური - მისი მაგიერი მის ძეთაგან, რომელიც საკრებულო კარვის საწმიდარში შევა მსახურებისთვის.
- 31
აიყვანე მიძღვნის ვერძი და წმიდა ადგილზე მოხარშე მისი ხორცი;
- 32
საკრებულო კარვის შესასვლელთან ჭამონ აჰარონმა და მისმა ძეებმა ვერძის ხორცი და საწინაშეო პური კალათიდან.
- 33
ჭამონ ყველაფერი, რითაც გამოსყიდვა მოხდა, მათ მისაძღვნელად და გასაწმედად; მაგრამ უცხომ არ ჭამოს იქიდან, რადგან წმიდაა იგი.
- 34
თუ დილამდე მორჩება მიძღვნის ხორცისა და პურისგან, მაშინ მორჩენილი ცეცხლში დაწვი: აღარ იჭამოს, რადგან წმიდაა იგი.
- 35
ყოველივე ისე გაუკეთე აჰარონსა და მის ძეებს, როგორც გიბრძანე - შვიდი დღის მანძილზე მიუძღვენი ისინი.
- 36
ყოველდღიურად შესწირე ცოდვისათვის შესაწირი მოზვერი გამოსასყიდად. ასე განწმედ სამსხვერპლოს, როცა მსხვერპლს მოიტან მასზე; სცხებ, და განიწმიდება იგი.
- 37
შვიდ დღეს ასრულებდე სამსხვერპლოს გამოსყიდვას და განწმედას და შეიქნება სამსხვერპლო წმიდათაწმიდა; ყველაფერი, რაც სამსხვერპლოს შეეხება, განიწმიდება.
- 38
აი, რა უნდა შესწირო სამსხვერპლოზე: ორი ერთწლიანი კრავი ყოველდღე, მუდმივად.
- 39
ერთი კრავი დილით შესწირე, ხოლო მეორე - მწუხრის ჟამს.
- 40
ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, მეოთხედი ჰინის გამოხდილ ზეთში შერეული და მეოთხედი ჰინი ღვინო საღვრელად ერთი კრავისთვის.
- 41
მეორე კრავი კი მწუხრის ჟამს შესწირე, დილის შესაწირის მსგავსად და ასეთივე საღვრელით შესწირე იგი, კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირად უფალს.
- 42
მუდმივი, სრულადდასაწველი მსხვერპლია ეს, თაობიდან თაობამდე, საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადები ხოლმე, რომ ვილაპარაკო შენთან.
- 43
იქ გამოვეცხადები ისრაელიანებს და განიწმიდება ჩემი დიდებით.
- 44
გავწმედ საკრებულო კარავს და სამსხვერპლოს და აჰარონს თავის ძეებიანად ჩემი მსახურებისთვის.
- 45
დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის.
- 46
და შეიცნობენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი, რათა დავივანო მათ შორის. მე ვარ უფალი, მათი ღმერთი”.