2ეზრა თავი 4

1 . 1. დაიწყო ლაპარაკი მეორემ, რომელიც მეფეთა სიძლიერეზე ამბობდა: 2. ო, კაცნო, ნუთუ ყველაზე ძლიერნი არ არიან ადამიანები, მპყრობელნი მიწისა და ზღვისა და ყოველივესი, რაც მათშია? 3. ხოლო მეფე ყოვლისმძლეველია და ბატონობს მათზე და მბრძანებლობს მათზე და რასაც მათ უბრძანებს, ყველაფერში ემორჩილებიან. 4. თუ ეტყვის შეებრძოლონ ერთმანეთს, შეასრულებენ; თუ გაგზავნის მტრების წინააღმდეგ, წავლენ და დასცემენ მთებსა და გალავნებს და ციხე-კოშკებს. 5. დაჰხოცენ და დაიხოცებიან, მეფის სიტყვას კი არ გადავლენ. თუ გაიმარჯვებენ, მეფესთან მოაქვთ, რასაც იალაფებენ, და სხვა ყველაფერი. 6. ხოლო რომელნიც ომში არ გადიან, არ იბრძვიან. არამედ მიწას ამუშავებენ, როცა თესლს ჩაჰყრიან, მომკილს კვლავ მეფეს მიართმევენ და ერთიმეორეს აიძულებენ ღალა მეფესთან მიიტანონ. 7. იგი ირთადერთია, რომელიც თუ ბრძანებს მოკვლას, მოჰკლავენ, ბრძანებს განტევებას, განუტევებენ. 8. ბრძანებს ცემას, სცემენ; ბრძანებს უდაბურყოფას, უდაბურჰყოფენ, ბრძანებს აშენებას, ააშენებენ; 9. თუ ბრძანებს მოჭრას, მოჭრიან, და ბრძანებს დარგვას, დარგავენ. 10. მთელი მისი ხალხი და მისი ჯარი ემორჩილება მას. 11. ამას გარდა, იგი წევს, ჭამს და სვამს და სძინავს, და ისინი იცავენ მას ყოველი მხრიდან და არ შეუძლიათ მიატოვონ და აკეთონ თავისი საქმე, ვერც შეეწინააღმდეგებიან მას. 12. ო, კაცნო, როგორღა არ არის მეფე ყველაზე ძლიერი, როცა ასე უსმენენ მას? და დადუმდა. 12. ხოლო მესამემ, რომელიც დედაკაცებზე და ჭეშმარიტებაზე ამბობდა, - ეს ზორობაბელი იყო - დაიწყო ლაპარაკი. 14. კაცნო, ხომ დიდია მეფე, ხომ ბევრნი არიან ადამიანები, ხომ ძლევს ღვინო? მაგრამ ვინ მბრძანებლობს მათზე ან ვინ ბატონობს მათზე? განა არა დედაკაცნი? 15. დედანი ჰშობენ მეფეს და ყოველ კაცს, რომელიც მბრძანებლობს ზღვაზეც და მიწაზეც; 16. მათგან არიან შობილნი და ისინი აწოვებენ მათ, ვინც ვაზი დარგო, რომლისგანაც ღვინო წარმოიქმნება. 17. ისინი უმზადებენ ადამიანებს სამოსელს, უქმნიან მათ დიდებას, და არ ძალუძთ მამაკაცებს ყოფნა უდედაკაცოდ. 18. თუ შეკრებენ ოქროს და ვერცხლს და ყოველგვარ ძვირფას ნივთს და მერე დაინახავენ ქალს, მშვენიერს და ლამაზ შესახედავს, 19. ამას ყოველივეს თავს ანებებენ და მისკენ მიილტვიან და პირდაღებულნი შეჰყურებენ; ყველაფერს ურჩევნიათ ქალი - ოქრო-ვერცხლსაც და ყოველგვარ ძვირფასეულობას. 20. კაცი სტოვებს თავის გამზრდელ მამას, თავის ქვეყანას და თავის ცოლს ეწებება. 21. სულს სტოვებს ცოლთან, არც მამას გაიხსენებს, არც დედას და არც ქვეყანას. 22. აქედან უნდა იცოდეთ, რომ დედაკაცნი ბატონობენ თქვენზე: განა თქვენი ნაშრომი და ჭირნანული - ყველაფერი ცოლებთან არ მიგაქვთ და მათ არ აძლევთ? 23. აიღებს კაცი თავის მახვილს და ავაზაკობის გზას დაადგება, ძარცვავს და ქურდობს, დაცურავს ზღვასა და მდინარეებზე; 24. ლომსაც გადაეყრება და წყვდიადში იხეტიალებს. და რასაც კი მოიპარავს, წაგლეჯს და მიიტაცებს, საყვარელს მიუძღვნის. 25. კაცს თავისი ცოლი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მამა და დედა. 26. ბევრს დაუკარგავს გონება დედაკაცთათვის და მონებად ქცეულან მათ გამო. 27. მრავალნი დაღუპულან და შემცდარან, წარწყმედილან დედაკაცთა მიზეზით. 28. ნუთუ ახლაც არ გჯერათ ჩემი? განა დიდი არ არის ხელმწიფე თავისი ძალაუფლებით? განა მთელი ქვეყანა არ ეკრძალვის მასთან მიკარებას? 29. მინახავს მე იგი და აპამე, განთქმული ბარტაკოსის ასული, ხელმწიფის ხარჭა, მის მარჯვნივ მჯდომელი; 30. მეფეს გვირგვინს ხდიდა და თავად იდგამდა თავზე, მარცხენით კი მეფეს ლოყაზე სცემდა. 31. მეფე მაინც პირდაღებული შეჰყურებდა: თუ ქალი გაუცინებდა მას, მეფეც გაუცინებდა; თუ ქალი გაწყრებოდა, მასზე, მეფე ეფერებოდა მას, რომ შემოერიგებინა იგი. 32. ო, კაცნო, როგორღა არ არიან ძლიერნი დედაკაცნი, როცა ამას აღწევენ? 33. მაშინ მეფემ და დიდებულებმა ერთმანეთს გადახედეს. 34. მან კი დაიწყო საუბარი ჭეშმარიტებაზე: კაცნო, მაშ ძლიერნი არ არიან დედაკაცები? დიდია მიწა, მაღალია ცა, სწრაფი სრბოლით მზე. რადგან ერთ დღეში გარშემოივლის ცის სიმრგვალეს და კვლავ თავის ადგილზე მოიქცევა. 35. განა დიდი არ არის ის, ვინც ამას აკეთებს? დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია. 36. ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა. ცა მას აკურთხებს, ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო. 37. უსამართლოა ღვინო, უსამართლოა მეფე, უსამართლონი არიან დედაკაცნი, უსამართლოა ყოველი კაციშვილი, უსამართლოა ყოველი საქმე მათი. არ არის მათში სიმართლე და თავიანთ უსამართლობაში წარწყმდებიან. 38. ჭეშმარიტება კი რჩება და მძლავრობს სამარადისოდ, ცოცხლობს და ძალმოსილია უკუნითი უკუნისამდე. 39. არ არსებობს მისთვის მიკერძოება და გარჩევა, არამედ აჩენს სამართალს ყოველივე უსამართლოსი და ბოროტის განდევნით; ყველას მოსწონს მისი საქმეები და არაფერია მის სამართალში უსამართლო. 40. მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა. 41. და შეწყვიტა ლაპარაკი. მაშინ ხმა აღმოხდა მთელ ხალხს და თქვეს: დიდია ჭეშმარიტება და მძლეთამძლე. 42. მაშინ უთხრა მას მეფემ: ითხოვე, რაც გსურს დაწერილზე მეტი და მოგეცემა, რადგანაც უბრძენესი აღმოჩნდი ყოველთა შორის. იჯდები ჩემს გვერდით და ჩემი ნათესავი გეწოდება. 43. უთხრა მაშინ მეფეს: გაიხსენე აღთქმა, რომელიც დასდე იერუსალიმის აღსაშენებლად იმ დღეს, როდესაც მეფობა მიიღე, 44. რომ უკან გააბრუნებდი იერუსალიმიდან წამოღებულ ყველა ჭურჭელს, რომელიც კიროსმა გამოიტანა, როდესაც ფიცი დასდო, რომ მოაოხრებდა ბაბილონს და ყველაფერს უკან დააბრუნებდა. 45. შენც დადებული გაქვს, რომ ააშენებ ტაძარს, რომელიც ედომელებმა დაწვეს, როდესაც მოოხრდა იუდა ქალდეველთაგან. 46. ახლა ამას მოვითხოვ, მეფე-ბატონო, და გევედრები - ესაა შენი სიდიადე: გევედრები, შეასრულო შენი პირისაგან გამოსული დანაპირები, რომელიც აღუთქვი ზეციურ მეფეს. 47. მაშინ წამოდგა მეფე დარიოსი, აკოცა მას და მიუწერა წერილები ყველა მმართველს და მხარეთა განმგებელს, მხედართმთავრებს და სატრაპებს, რათა გაისტუმრონ იგი და ყველა, ვინც მასთან ერთად მიდის იერუსალიმის აღსაშენებლად. 48. კოილე სირიისა და ფინიკის ყველა განმგებელს და ლიბანში მყოფთ მისწერა წერილები, მოზიდონ ლიბანიდან კედარის ძელები იერუსალიმში და მით ააშენონ ქალაქი. 49. მისწერა სამეფოდან იუდაში წამსვლელი ყველა იუდაელის განთავისუფლების შესახებ, რათა არცერთი უფლებამოსილი და სატრაპი, მხარეთა განმგებელი და მმართველი არ მიადგეს მათ კარს, 50. და მთელი მხარე, რომელსაც ფლობენ, ხარკისაგან გათავისუფლდეს, და რომ ედომელებმა დასტოვონ იუდაელთა სოფლები, რომლებიც მათ უჭირავთ. 51. მიეცეს ტაძრის ასაშენებლად ყოველწლიურად ოცი ტალანტი, ვიდრე არ დასრულდება შენება. 52. ხოლო სამსხვერპლოზე მისატანი ყოველდღიური აღსავლენისათვის დაწესებული ჩვიდმეტის გარდა გაეცეთ ათი ტალანტი ყოველწლიურად. 53. ყველა, ვინც გაემართა ბაბილონიდან ქალაქის ასაშენებლად, გათავისუფლდეს, ისინიც და მათი შვილებიც და ყველა მიმავალი მღვდელი. 54. მისწერა აგრეთვე სახსრისათვის და სამღვდელო სამოსელისთვის, რომელშიც შეასრულებენ იქ მღვდელმსახურებას. 55. ლევიანებს მიუწერა გასცენ სახსარი იმ დღემდე, ვიდრე არ დასრულდება სახლი და არ აშენდება იერუსალიმში. 56. მისწერა, რომ მისცემოდა ქალაქის ყველა მცველს კუთვნილი წილი და საზრდო. 57. დააბრუნა ყველა ჭურჭელი, რომელიც კიროსმა გაიტანა ბაბილონიდან; და ყოველივე, რის გაკეთებაც ბრძანა კიროსმა, მანაც ბრძანა აღსასრულებლად და იერუსალიმში წარსაგზავნად. 58. ხოლო როდესაც გამოვიდა ჭაბუკი, აღაპყრო პირი ზეცისაკენ იერუსალიმის მხარეს, ადიდა უფალი ზეციერი და წარმოსთქვა: 59. შენია ძლევა და შენია სიბრძნე, შენია დიდება, მე კი მონა ვარ შენი. 60. კურთხეული ხარ, რომელმაც მომანიჭე მე სიბრძნე; გმადლობ, შენ, ჩვენი მამა-პაპის უფალო. 61. წაიღო წერილები და მივიდა ბაბილონში და ახარა თავის ძმებს, ყველას. 62. ადიდებდნენ თავიანთ მამა-პაპის ღმერთს, რომ დაიხსნა ისინი და მისცა ნება, 63. წასულიყვნენ და აეშენებინათ იერუსალიმი და ტაძარი, რომელსაც ეწოდა სახელი მისი. ზეიმობდნენ მუსიკით და სიხარულით შვიდ დღეს.