საფლავის, ჩასვენებისა და აღდგომის შესახებ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 23 : 9 ; დაბადება 35 : 20 ; დაბადება 50 : 5 ; რიცხვნი 19 : 16 ; 2მეფეთა 3 : 31 ; ფსალმუნები 48 : 14 ; ეზეკიელი 37 : 1 ; ოსია 13 : 14 ; მათე 27 : 60 ; მარკოზი 6 : 29 ; იოანე 5 : 28 ; იოანე 11 : 31 ; 1კორინთელთა 15 : 54 ; გამოცხადება 11 : 9 ;
=3.47.26 საფლავის, ჩასვენებისა და აღდგომის შესახებ

სხვადასხვა სახის დაკრძალვა:
- მახფელას მღვიმე - სამარხად დაბ.23,9
- სვეტის აღმართვა საფლავზე დაბ.35,20
- მიწაში ამოთხრილი სამარხი დაბ.50,5
- იოსები ჩაასვენეს კიდობანში დაბ.50,26
- აბნერის ცხედარი კუბოში ესვენა 2მფ.3,31
- იესოს ცხედარი კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენეს მათ.27,57-61
- იოანე ნათლისმცემლის გვამი სამარხში ჩაასვენეს მარ.6,29

ნათქვამია სამარხებზე:
- სატირალი ადგილი იოან.11,31
- საფლავს შეხება აუწმიდურებს რიცხ.19,16.18
- გახრწნის ადგილი ფს.48,14
- დაუმარხავობა - სირცხვილი გმცხ.11,9

აღდგომა საფლავიდან:
- ნაწინასწარმეტყველებია ფს.48,15
- სიმბოლურად ხილვაში ეზეკ.37,1-14
- ნაუწყებია ოს.13,14
- არ უნდა იყოს საკვირველი იოან.5,28
- მოხდა იოან.11,32-44
- აღსრულდა 1კორ.15,54-58

ბიბლიის მუხლები

დაბადება 23
9. რომ მომცეს მახფელას მღვიმე, მისი მინდვრის კიდეზე რომ არის; სრულ ფასად მომყიდოს იგი, თქვენი თანდასწრებით, საკუთარი სამარხი რომ მქონდეს”.

დაბადება 35
20. და აღმართა იაკობმა სვეტი მის საფლავზე. დღესაც დგას იმ საფლავის ძეგლი.

დაბადება 50
5. მამაჩემმა დამაფიცა ამ სიტყვებით: "აჰა, ვკვდები მე, ჩემს სამარხში, ქანაანის ქვეყანაში რომ გავითხარე, იქ დამმარხეთ”. ახლა ნება მომეცი, წავიდე, დავმარხო მამაჩემი და დავბრუნდები”.
26. და მოკვდა იოსები 110 წლისა. და შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში.

რიცხვნი 19
16. ყველა, ვინც მინდორში მახვილით განგმირულს, მკვდარს, ადამიანის ძვალს ან საფლავს შეეხება, უწმიდურია იგი შვიდი დღე.
18. აიღოს სუფთა კაცმა უსუპი, ამოავლოს ამ წყალში, მოაპკუროს კარავს, მთელ ჭურჭელს და ყველა კაცს, რომელიც იქ იყო და შეეხო ან ძვალს ან მკვდარს ან მოკლულს ან საფლავს.

2მეფეთა 3
31. და უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ მთელ ხალხს: „შემოიხიეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და დაიტირეთ აბნერი.“ მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა კუბოს.

ფსალმუნი 48
14. ცხვრებივით მიეცნენ ჯოჯოხეთს; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;
15. მე კი, ღმერთი გამომისყიდის საფლავის ხელიდან, რადგან მიმიღებს მე.

ეზეკიელი 37
1. უფლის ხელი იყო ჩემზე; გამომიყვანა უფლის სულით და შუაგულ ველზე დამსვა, ძვლებით რომ იყო სავსე.
2. გამატარა მათ შორის; ირგვლივ, აჰა, ფრიად ბევრი ეყარა ველზე და ძალზე გამხმარი იყო.
3. მკითხა: "ძეო კაცისავ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები?” ვთქვი: "უფალო ღმერთო, შენ იცი!”
4. მითხრა: "უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა.
5. ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, სულს შევიყვან თქვენში და გაცოცხლდებით.
6. ძარღვებს მოგცემთ, ხორცით შეგმოსავთ, კანით დაგფარავთ და სულს ჩაგბერავთ, რომ გაცოცხლდეთ; გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი”.
7. ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე; ვწინასწარმეტყველებდი, რომ ხმაური გავიგონე და, აჰა, ზანზარი და ძვალი თავის ძვალს მიედგა.
8. შევხედე და, აჰა, ძარღვები აჩნდება, ხორცით იმოსება და კანით იფარება, სული კი არ იყო მათში.
9. მითხრა: "უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო და შთაბერე ამ დახოცილებს, რომ გაცოცხლდნენ”.
10. ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე, შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; ფრიად დიდძალი ლაშქარი წამოდგა ფეხზე.
11. მითხრა: "ძეო კაცისავ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ, გახმა ჩვენი ძვლები, დაიღუპა ჩვენი იმედი, მთლიანად ამოვიხოცეთო!”
12. ამიტომ უწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო, და ისრაელის მიწაზე მოგიყვანთ.
13. მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენს საფლავებს რომ გავხსნი და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო!
14. ჩემს სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; თქვენს მიწაზე დაგსვამთ და გაიგებთ, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე” - ამბობს უფალი.

ოსია 13
14. გამოვისყიდი მათ, ქვესკნელის ხელიდან! სიკვდილისგან გამოვისყიდი! მე ვიქნები შენი წყლული სიკვდილო! მე ვიქნები შენი განადგურება ქვესკნელო! არ დაგინდობს ჩემი თვალი!

მათე 27
57. როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც იესოს მოწაფე იყო.
58. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. და ბრძანა პილატემ, რომ მიეცათ.
59. აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში.
60. დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი; სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა.
61. იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც საფლავის წინ ისხდნენ.

მარკოზი 6
29. ეს რომ იოანეს მოწაფეებმა გაიგეს, მივიდნენ, აიღეს მისი ცხედარი და სამარხში ჩაასვენეს.

იოანე 5
28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან დგება ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მოისმენენ მის ხმას.

იოანე 11
31. მასთან სახლში სანუგეშებლად მისული იუდევლები, მარიამს გაჰყვნენ; ეგონათ, რომ სამარხისკენ მიდიოდა სატირლად.
32. მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და მოძღვარი რომ დაინახა, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: "უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა”.
33. იესომ ატირებული მარიამი და მასთან ერთად მოსული მტირალი იუდევლები რომ დაინახა, სულით შეიძრა და აღელდა.
34. ჰკითხა: "სად დაასვენეთ იგი?” მიუგეს: "მოდი და ნახე, უფალო”.
35. აცრემლდა იესო.
36. თქვეს იუდევლებმა: "ნახე, როგორ ჰყვარებია!”
37. ზოგი მათგანი ამბობდა: "ნუთუ ბრმისთვის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ არც ეს მომკვდარიყო?”
38. იესო კი, კვლავ სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული.
39. თქვა იესომ: "მოაშორეთ ლოდი”. უთხრა მართამ, მიცვალებულის დამ: "უფალო უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა”.
40. უთხრა მას იესომ: "განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ-მეთქი?”
41. და მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და თქვა: "მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.
42. მე ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ. ეს გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე”.
43. ეს რომ თქვა, დიდი ხმით შესძახა: "ლაზარე, გამოდი!”
44. გამოვიდა მიცვალებული; ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეხვეული, სახე კი - სუდარით დაბურული. უთხრა მათ იესომ: "გახსენით, გაუშვით, იაროს”.

1კორინთელთა 15
54. ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი - უკვდავებით, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით”.
55. სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?
56. სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია.
57. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
58. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში.

გამოცხადება 11
9. და უყურებენ სხვადასხვა ხალხებიდან და ტომებიდან, ენებიდან და ერებიდან მათ ცხედრებს სამნახევარ დღეს და არ მისცემენ მათი ცხედრების სამარხში დაკრძალვის ნებას.

-------------------------
სურათზე: მახფელას მღვიმე