3 ეზრა 16
- 1
ვაი შენ, ბაბილონო და აზიავ, ვაი შენ, ეგვიპტევ და სირიავ!
- 2
შეიმოსეთ ჯვალო და ფლასი, იტირეთ თქვენი შვილები და იმწუხარეთ, რადგან მოახლოვდა თქვენი აღსასრული.
- 3
მოვლენილია თქვენზე მახვილი და ვინ იქნება, რომ აგაცდინოთ იგი?
- 4
მოვლენილა თქვენზე ცეცხლი და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი?
- 5
მოვლენილია თქვენზე უბედურებანი და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს ისინი?
- 6
ნუთუ ტყიდან გამოსული მშიერი ლომი უკუაქცევს? ნუთუ ჩააქრობს ბზეში ახლადაბრიალებულ ცეცხლს?
- 7
ნუთუ უკუაქცევს ვინმე ისარს, გატყორცნილს ძლიერი მშვილდოსნის მიერ?
- 8
ყოველშემძლე უფალი გზავნის უბედურებებს და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს ისინი?
- 9
გამოვა ცეცხლი მისი რისხვისაგან და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი?
- 10
იელვებს და ვის არ შეეშინდება, დასჭექს და ვინ არ შეკრთება?
- 11
უფალი დაიმუქრება და ვინ არ შეირყევა ერთიანად მის წინაშე?
- 12
იძვრის მიწა და მისი საფუძველნი, ზღვა ღელავს ღურღუმელიდან, ბობოქრობენ მისი ტალღები და მისი თევზები უფლის პირისა და მისი ძალის დიდების წინაშე.
- 13
რადგან ძლიერია მისი მარჯვენა, მშვილდის მომზიდველი; წვერმახია მის მიერ გასროლილი ისრები და მიზანს არ სცდება, როცა ისვრის მათ ქვეყნის კიდეებისკენ.
- 14
აჰა, მოვლენილია უბედურებანი და არ შეიქცევიან უკან, ვიდრე არ მოაღწევენ დედამიწას.
- 15
დანთებულია ცეცხლი და არ ჩაქრება, ვიდრე არ შთანთქავს დედამიწის საფუძვლებს.
- 16
როგორც არ გაბრუნდება უკან ისარი, მაგარი მშვილდოსნის ხელით გატყორცნილი, ასევე არ უკუიქცევა დედამიწაზე მოვლენილი უბედურებები.
- 17
ვაი მე, ვაი მე, ვინ მიხსნის იმ დღეებში?
- 18
ტანჯვათა დასაბამი და მრავალი გოდება, შიმშილის დასაბამი და მრავალთა დაღუპვა! ომების დასაბამი და მძლეთა შეშინება, უბედურებათა დასაბამი და ყველას თავზარდაცემა!
- 19
მე რა ვქნა მაშინ, უბედურებები რომ მოგვადგება?
- 20
აჰა, შიმშილი და ჭირი, ტანჯვა და წვალება, მოვლენილია როგორც შოლტები ადამიანთა მოსარჯულებლად.
- 21
და მაინც არ მოიქცევიან უკეთურებათაგან და არც მუდამ ეხსომებათ შოლტები.
- 22
აჰა, იქნება ყოველწლიური სიიაფე დედამიწაზე, ეგონებათ, ჭეშმარიტი მშვიდობა დადგაო, მაგრამ სწორედ მაშინ წარმოიშობა დედამიწაზე უბედურება, მახვილი, შიმშილი და დიდი აღრეულობა.
- 23
შიმშილით გაწყდება დედამიწის მკვიდრთა უმრავლესობა და მახვილი მოსპობს დანარჩენთ, ვინც გადაურჩება შიმშილს.
- 24
ნეხვივით დახვავდება გვამები და არვინ იქნება მათი დამტირებელი, რადგან გაუკაცრიელდება დედამიწა და მისი ქალაქები დაემხობა.
- 25
აღარავინ დარჩება, რომ მოხნას მიწა და დათესოს თესლი.
- 26
ხე მოისხამს ნაყოფს, მაგრამ ვინ იქნება მისი მკრეფელი?
- 27
ყურძენი დამწიფდება, მაგრამ ვინ იქნება მისი დამწურავი? რადგან დიდ უდაბნოდ გადაიქცევა სანახები.
- 28
კაცს მოენატრება კაცის ხილვა ან მისი ხმის გაგონება,
- 29
რადგან შემორჩება ქალაქიდან ათიოდე და სოფლებიდან ორიოდე კაცი, ვინც შეაფარებს თავს უღრანებს და კლდეთა ნაპრალებს.
- 30
როგორც ზეთისხილის ბაღში აქა-იქ ხეებს შერჩება სამი თუ ოთხი ნაყოფი,
- 31
ან როგორც გაკრეფილ ვენახში იპოვის თითოოროლა მტევანს ბეჯითი მძებნელი,
- 32
ასე გადაურჩება იმ დღეებში სამი ან ოთხი სახლი იმათ, ვინც მახვილით ხელში მათ გასაჩხრეკად წამოვა,
- 33
და დარჩება უდაბური მიწა, გაყამირდება მისი ყანები და მის გზებზე და ბილიკებზე ნარ-ეკალი ამოვა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს.
- 34
ატირდებიან უქორწინებელი ქალწულნი, ატირდებიან უქმროდ დარჩენილი ქალები, ატირდებიან უმწეოდ დარჩენილი მათი ასულები.
- 35
საქმროები ომში დაეხოცებათ და ქმრები შიმშილით გაუწყდებათ.
- 36
მაშ, ისმინეთ ეს და შეიგნეთ, უფლის მორჩილნო.
- 37
აჰა, უფლის სიტყვა, მიიღეთ იგი; ნუ გჯერათ ღმერთებისა, რომლებზედაც გელაპარაკათ უფალი.
- 38
აჰა, ახლოვდება უბედურება, არ დაყოვნდება,
- 39
როგორც ფეხმძიმეს, მეცხრე თვეში მყოფს, მოუწევს მშობიარობის ჟამი და ორი ან სამი საათით ადრე ტკივილები დაუვლის მუცელში, ერთი წუთითაც არ დააყოვნებს ბავშვის გამოსვლა საშოდან,
- 40
ასევე არ დაიგვიანებს უბედურებები მოვლინებას დედამიწაზე; კვნესა აღმოხდება წუთისოფელს და ტკივილები მოიცავს მას.
- 41
გაიგონე სიტყვა, ჩემო ხალხო, გაემზადეთ ბრძოლისათვის და ისე იყავით გასაჭირში, როგორც მოსულნი უცხო ქვეყანაში.
- 42
კაცი ყიდდეს და გასაქცევად ემზადებოდვს; ყიდულობდეს და კარგავდეს;
- 43
ვაჭრობდეს და სარგებელს ვერ პოულობდეს; აშენებდეს და ვერ სახლდებოდეს;
- 44
თესავდეს და ვერ იმკიდეს; ვაზს სხლავდეს და ვერ ისთვლიდეს;
- 45
ქორწინობდეს და შვილებს არ აჩენდეს; ვინც არ ქორწინობდეს, ქვრივივით იყოს.
- 46
ვინც რისთვის იღვწოდეს, ფუჭად იღვწოდეს.
- 47
მათ ნაყოფს უცხოტომი მოიმკის და დაიტაცებენ მათ დოვლათს, დაამხობენ მათ სახლებს და მათ შვილებს ტყვედ წაასხამენ; რადგან ეყვეობასა და შიმშილში შობენ თავიანთ ნაშიერთ.
- 48
ვინც ძარცვა-გლეჯას ეწევიან, რაც მეტ ხანს შეამკობენ თავიანთ ქალაქებსა და სახლებს, თავიანთ საბადებელს და საკუთარ თავს,
- 49
მით უფრო მოვიძულებ მათ მათი ცოდვებისთვის, ამბობს უფალი.
- 50
როგორც ბოზსა სძულს ღირსეული და სათნოებით აღსავსე ქალი,
- 51
ასე მოიძულებს მართლმსაჯულება უკეთურებას, როცა თავს იმკობს იგი, და პირისპირ დასდებს მას ბრალს, როცა მოვა ის, ვინც დაიცავს ყველა ცოდვის გამომჩხრეკელს დედამიწის ზურგზე.
- 52
ამიტომ ნურც მას მიბაძავთ და ნურც მის საქმეებს.
- 53
რადგან ცოტაც და, აღიგავება უკეთურება მიწის პირიდან და სამართალი გამეფდება თქვენში.
- 54
ვერ იტყვის მაშინ ცოდვილი, არ შემიცოდავსო, რადგან აგიზგიზებულ მუგუზლებს დაწვავს უფალი იმის თავზე, ვინც ამბობს: არ შემიცოდავსო უფალი ღმერთისა და მისი დიდების წინაშე.
- 55
აჰა, უფალმა უწყის ადამიანთა ყოველი საქმე, მათი განზრახვები და მათი ფიქრები და მათი გულები.
- 56
მან თქვა: იყოს მიწა და იქმნა მიწა; იყოს ცა და იქმნა ცა.
- 57
მისი სიტყვით დაფუძნდა ვარსკვლავები და მან უწყის ვარსკვლავთა რიცხვი.
- 58
მან გამოიძია ქვესკნელი და მისი საგანძურები, მან გაზომა ზღვა და მისი წიაღი.
- 59
მან მოამწყვდია ზღვა წყალთა შუა და წყლებს ზემოთ დაჰკიდა დედამიწა თავისი სიტყვით.
- 60
მან კამარასავით გადაფინა ცა, წყლებზე დააფუძნა იგი.
- 61
მან დასხა უდაბნოში წყაროს თვალნი და ტბები მთათა მწვერვალებზე, რათა იდინონ მდინარეებმა მაღალი კლდეებიდან მიწის მოსარწყავად.
- 62
მან გამოსახა კაცი და ჩაუდო გული მკერდში და და მოუვლინა მას სული, სიცოცხლე და გონება,
- 63
და სუნთქვა ყოვლისშემძლე ღმერთისა; მან შექმნა ყველაფერი და გამოიძია ყოველივე დამალული მიწის სამალავებში.
- 64
მან უწყის თქვენი განზრახვები და რასაც გულში ფიქრობთ ცოდვილნი, მსურველნი ცოდვათა დაფარვისა.
- 65
ამის გამო გამოწვლილვით გამოიძიებს უფალი ყველა თქვენს საქმეს და ყველას სააშკარაოზე გამოგიყვანთ.
- 66
და შერცხვებით, როცა გამოჩნდება თქვენი ცოდვები ადამიანთა წინაშე და ბრალმდებლებად თქვენი უკეთურებანი იმ დღეს.
- 67
რას იზამთ? ან როგორ დამალავთ თქვენს ცოდვებს ღვთისა და მისი ანგელოზების წინაშე?
- 68
აჰა, მსაჯულია, ღმერთი, გეშინოდეთ მისი. გაერიდეთ თქვენს ცოდვებს და დაივიწყეთ თქვენი უკეთურებებანი, განუწყვეტლივ რომ სჩადიხართ, და ღმერთიც გაგიძღვებათ თქვენ და გიხსნით ყოველი სატანჯველისგან.
- 69
აჰა, გიზგიზებს თქვენთვის ურიცხვი ურდოების რისხვა, გაიტაცებენ ვინმეს თქვენგან და გამოგკვებავენ კერპების ნამსხვერპლით.
- 70
თუ დაჰყვნენ მათ, მათი სამასხარაო, მათი გასაკიცხი და გასათელი შეიქნებიან.
- 71
რადგან გახშირდება სხვადასხვა ადგილებში და მეზობელ ქალაქებში თავდასხმანი უფლისმოშიშთა წინააღმდეგ.
- 72
შეშლილებივით იქნებიან და არავის დაინდობენ, ვინც ჯერ კიდევ უფლისმოშიშნი არიან.
- 73
გაანადგურებენ და დაიტაცებენ მათ დოვლათს და სახლებიდან გამოყრიან მათ.
- 74
მაშინ გამოიცდებიან ჩემი რჩეულები, როგორც ოქრო იცდება ცეცხლით.
- 75
ისმინეთ, ჩემო საყვარელნო, ამბობს უფალი, აჰა, მოაწია განსაცდელის დღეებმა და მე დაგიხსნით მათგან.
- 76
ნუ გეშინიათ და ნუ მერყეობთ, რადგან ღმერთია თქვენი წინამძღოლი.
- 77
თუ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და მცნებებს, ამბობს უფალი ღმერთი, არ გადაგწონით თქვენი ცოდვები, არ დაგძლევთ თქვენი უკეთურებანი.
- 78
ვაი მას, ვინც მოშთობილია თავისი ცოდვებით და დაფარულია თავისი უკეთურებებით, როგორც ღვარძლით მოშთობილი ყანა და ნარ-ეკლით დაფარული ბილიკი, სადაც ადამიანი ვერ გაივლის. გაიხვეტება იგი და ცეცხლს მიეცემა შთასანთქმელად.