3 ეზრა 15
- 1
აჰა, ილაპარაკე ჩემი ხალხის გასაგონად წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებსაც ჩავდებ შენს ბაგეებში, ამბობს უფალი,
- 2
და დააწერინე ისინი ქაღალდზე, რადგან სარწმუნოა და ჭეშმარიტი.
- 3
ნუ შეგაშინებს შეთქმულებები შენს წინააღმდეგ, ნურც ნათქვამისადმი ხალხის ურწმუნობა ნუ შეგაშფოთებს.
- 4
რადგან ყოველი ურწმუნო თავისსავე ურწმუნოებაში მოკვდება.
- 5
აჰა, შემოვიტან, ამბობს უფალი, დედამიწაზე უბედურებებს: მახვილს, შიმშილს, სიკვდილს და განადგურებას.
- 6
რადგან წაბილწა უკეთურებამ მთელი დედამიწა და ზღვარს გადაცდა მათი მავნე საქმეები.
- 7
ამიტომ ამბობს უფალი:
- 8
მეტად არ გავუჩუმდები მათ უღვთო საქმეებს, რასაც მკრეხელურად სჩადიან, აღარც ამათ უკეთურებებს მოვითმენ. აჰა, უდანაშაულო და მართალი სისხლი მეძახის მე და მართალთა სულები მეძახიან გამუდმებით.
- 9
შურს ვიძიებ მათზე, ამბობს უფალი, და უდანაშაულოთა მთელ სისხლს მათ მოვკითხავ.
- 10
აჰა, ჯოგივით მიჰყავთ ჩემი ხალხი დასახოცად, ვეღარ მოვითმენ მეტად მათ ცხოვრებას ეგვიპტის მიწაზე,
- 11
არამედ გამოვიყვან მას მაგარი ხელითა და შემართული მკლავით, მოვწყლავ გვემით, როგორც რომ უწინ, და გავანადგურებ მთელს მის ქვეყანას.
- 12
ატირდება ეგვიპტე, ცემით შეირყევა მისი საძირკვლები და სასჯელით, რასაც მოუვლენს მას ღმერთი.
- 13
ატირდებიან მიწისმუშაკნი, რადგან მოაკლდებათ მათ თესლი ჟანგისა, სეტყვისა და საშინელი ვარსკვლავის გამო.
- 14
ვაი, წუთისოფვლს და მისთა მკვიდრთა!
- 15
რადგან მოახლოვდა მათი შემმუსვრელი მახვილი, სამტროდ აღდგება ტომი ტომის წინააღმდეგ და ხმალი იქნება მათ ხელში.
- 16
დაუდგება მერყეობის ჟამი ადამიანებს, ერთიმეორის დამჯაბნელნი არად ჩააგდებენ მეფეს და თავიანთი ბრძოლების წინამძღოლთ.
- 17
მოიწადინებს კაცი წასვლას ქალაქში და ვერ შეძლებს,
- 18
რადგან აჯანყდებიან ქალაქები სიამპარტავნის გამო, სახლები შეძრწუნდებიან, შიში შეიპყრობს ადამიანებს.
- 19
აღარ შეიბრალებს კაცი თავის ახლობელს, მახვილის საიერიშოდ შეიქნება მათი სახლები და გასაძარცვავად იქნება მათი დოვლათი, პურის შიმშილისა და მრავალი შფოთის გამო.
- 20
აჰა, მოვუხმობ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე დედამიწის ყველა მეფეს - ვის აღმოსავლეთიდან, ვის ჩრდილოეთიდან, ვის სამხრეთიდან, ვის ლიბანიდან, რათა მოიქცნენ და დააბრუნონ მათთვის მიცემული.
- 21
როგორც დღემდე ექცევიან ჩემს რჩეულთ, ასევე მოვექცევი და მივაგებ მათ ამას, ამბობს უფალი ღმერთი.
- 22
არ დაინდობს ჩემი მარჯვენა ცოდვილებს, არც მოეშვება ჩემი მახვილი უმანკოთა სისხლის მღვრელებს დედამიწაზე.
- 23
მისი რისხვისგან აღეგზნება ცეცხლი და შთანთქავს მიწის საფუძვლებს და ცოდვილებს, როგორც აბრიალებულ თივას.
- 24
ვაი მათ, ვინც სცოდავს და არ იცავს ჩემს ბრძანებებს! ამბობს უფალი.
- 25
არ დავინდობ მათ. განვედით, ურწმუნო შვილებო, ნუ ბილწავთ ჩემს საწმიდარს,
- 26
რადგან ყველას სცნობს უფალი, ვინც მას შესცოდა. ამიტომაც სასიკვდილოდ და შესამუსრად გასწირა ისინი.
- 27
მოედო უკვე მთელ დედამიწას ბოროტება და მასში ხართ ჩაცვენილნი. არ დაგიხსნით უფალი, რადგან შესცოდეთ მას.
- 28
აჰა, ხილვა საშინელი აღმოსავლეთიდან მომავალი:
- 29
მრავალი ეტლით წამოვლენ ხალხები არაბთა ურჩხულისა; ქარივით გადაუვლიან დედამიწას, რათა შეძრწუნდეს და თავზარი დაეცეს ყველას, მათი ხმის გამგონეს.
- 30
რისხვით გასენილი კარმონელნი ტახებივით გამოცვივდებიან ტყიდან, დიდი ძალით წამოვლენ, განეწყობიან მათთან საბრძოლველად და გააუკაცრიელებენ აშურელთა ქვეყნის ნაწილს.
- 31
ამის მერე იმძლავრებენ თავიანთი შობის მეხსიერი ურჩხულები და დიდ ძალასთან შეთქმულნი გაემართებიან მათ დასადევნებლად.
- 32
ისინი აირევიან და გაჩუმდებიან მათი ძალის წინაშე და ფეხებს მიატრიალებენ გასაქცევად.
- 33
აშურელთა მიწა-წყალზე მტერი ჩაუსაფრდება მათ და შემუსრავს ერთ მათგანს, და შიში და ზარი დაეცემა მათ ლაშქარს და უთანხმოება ჩამოვარდება მათ მეფეებს შორის.
- 34
აჰა, წამოვლენ ღრუბლები აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, და მეტისმეტად შემზარავი იქნება მათი სახე, რისხვითა და ქარიშხლით სავსე.
- 35
დაეძგერებიან ერთმანეთს და დაეძგერება მძიმე ქარიშხალი დედამიწას და სისხლი მახვილისგან წელამდე დადგება,
- 36
და ადამიანთა განავალი - აქლემის უნაგირამდე. იქნება დიდი შიში და ზარი დედამიწაზე,
- 37
შეძრწუნდებიან ამ რისხვის მხილველნი და შიში შეიპყრობს მათ. ამის მერე დაიძრებიან მძიმე ღრუბლები.
- 38
სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, დანარჩენი ნაწილი კი - დასავლეთიდან.
- 39
მომძლავრდებიან აღმოსავლეთიდან ქარები და ახსნიან მას და ღრუბელს, რომელსაც რისხვით აღაგზნებენ. და გამანადგურებლად მოვლენილი ქარიშხალი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარისაკენ განიდევნება იძულებით.
- 40
აღდგებიან დიდი და ძლიერი ღრუბლები, რისხვით აღსავსენი, და ქარიშხალი მთელი დედამიწის და მის მკვიდრთა დასამხობად და გადმოღვრის ყოველ მაღალ და წარმოსაჩენ ადგილზე საშინელ ქარიშხალს,
- 41
ცეცხლსა და სეტყვას, მფრინავ მახვილებს და წყალდიდობებს, რათა გადაპიპინდეს წყლით მინდვრები და მდინარეები,
- 42
რომ წაილეკონ ქალაქები და კედლები, მთები და ბორცვები, ტყეთა ხეები და მდელოთა ბალახი და მათი ხორბლეული.
- 43
ასე ჩაივლიან ბაბილონამდე და დაამხობენ მას.
- 44
მიადგებიან ბაბილონს და გარს შემოერტყმებიან, გადმოღვრიან მასზე ქარიშხალს და მთელს რისხვას და ცამდე ავა მტვერი და კვამლი, და ყველანი ირგვლივ დაიგტირებენ მას.
- 45
გადარჩენილნი თავიანთ თავზარდამცემთ დაემონებიან.
- 46
აზიავ, ბაბილონის იმედის მოზიარევ და მისი ალის დიდებავ,
- 47
ვაი შენ, საბრალობელო, რომ დაემსგავსე მას! რომ ბოზობით შეამკე შენი ასულნი შენივე საყვარლების საამებლად და განსადიდებლად, რომელთაც მუდამ სურდათ შენთან ბოზობა!
- 48
საძულველს ბაძავ ყველა მის საქმეში და საქციელში. ამიტომ ამბობს ღმერთი:
- 49
მოგივლენ უბედურებებს, ქვრივობას, სიღატაკეს, შიმშილს, მახვილს და ჭირს, შენი სახლების გასაპარტახებლად ძალადობითა და სიკვდილით. შენი ძალის დიდება
- 50
დაჭკნება, როგორც ყვავილი, როცა შენზე მოვლენილი არმური შემოგენთება.
- 51
დაუძლურდები დიაცთა ხელით ნაცემ-ნაგვემი მათხოვარი ქალივით, რომ ვეღარ შეძლონ შენი აყვანა ძლევამოსილმა საყვარლებმა.
- 52
განა ასეთი შურისმგებელი ვიქნებოდი შენ მიმართ, ამბობს უფალი,
- 53
გამუდმებით რომ არ გეხოცა ჩემი რჩეულნი, ხელი რომ არ გქონოდა აღმართული მათ საგვემად და მთვრალს მათ სიკვდილზე არ გელაპარაკნა?
- 54
ხომ დაიმშვენე საკადრისად შენი პირისახე?
- 55
შენსავე წიაღშია შენი ბოზობის ჯილდო, ამიტომაც მიიღებ საზღაურს.
- 56
როგორც მოექეცი ჩემს რჩეულებს, ამბობს უფალი, ასევე მოგექცევა შენ ღმერთი და ბოროტს მიგცემს.
- 57
შიმშილით ამოწყდებიან შენი ნაშიერნი და შენც დაეცემი მახვილით, გაცამტვრდება შენი ქალაქები და ყველა შენიანი მახვილით დაეცემა ველზე.
- 58
მთებში მყოფნი შიმშილით ამოწყდებიან, საკუთარ ხორცს დაუწყებენ ჭამას და სისხლს დალევენ, პურს მოშიებულნი და წყალს მოწყურებულნი.
- 59
ზღვებით მოხვალ გაუბედურებული და კვლავ უბედურებას შეემთხვევი.
- 60
გზაში დაანგრევენ უბედურ ქალაქს და აღგვიან მიწის პირიდან შენი ქვეყნის რომელიღაც ნაწილს და ბოლოს მოუღებენ შენი დიდების წილს, დამხობილი ბაბილონისკენ გაბრუნებულნი.
- 61
ბზესავით გაილეწები მათთვის, ისინი კი ცეცხლად მოგევლინებიან.
- 62
და შთანგთქამენ შენ, შენს ქალაქებს, შენს მიწა-წყალს, მთებს, შენს ტყეებსა და ნაყოფიერ ხეებს გადაბუგავენ;
- 63
ტყვედ წაასხამენ შენს შვილებს, ნადავლად წაიღებენ შენს საბადებელს და შენი სახის დიდებას ბოლოს მოუღებენ.