2 მაკაბელთა 11
- 1
სულ მცირე ხნის შემდეგ ლისიამ, მეფის მცველმა და ნათესავმა, მომხდარი ამბებით ძლიერ შეწუხებულმა,
- 2
შეაგროვა ოთხმოციათასამდე ქვეითი ჯარი და მთელი მხედრობა და იუდაელებზე გამოილაშქრა, რაკი იმედოვნებდა, რომ მათ ქალაქს ელინთა სამკვიდრებლად გადააქცევდა.
- 3
ტაძარს გადასახადით დაბეგრავდა წარმართთა სხვა საკერპოების მსგავსად, მღვდელმთავრობას კი ყოველწლიურად გასაყიდად აქცევდა.
- 4
არაფრად ჩააგდო ღვთის ძალა თავისი ათიათასი ქვეითის, ათასი ცხენოსნის და ოთხმოცი სპილოს იმედით.
- 5
შემოვიდა იუდაში, მიუახლოვდა ბეთ-ცურს, გამაგრებულ ადგილს, რომელიც იერუსალიმიდან ხუთი სტადიონით იყო დაშორებული, და ძლიერ შეავიწროვა იგი.
- 6
როცა მაკაბელმა და მისმა თანამდგომებმა გაიგეს, რომ ლისიამ იერიში მიიტანა სიმაგრეზე, ხალხთან ერთად გოდებითა და ცრემლებით შესთხოვეს უფალს, რომ კეთილი ანგელოზი მოევლინებინა ისრაელის დასახსნელად.
- 7
პირველად მაკაბელმა აისხა იარაღი და სხვებს არწმუნებდა, საფრთხეს არ დარიდებოდნენ მასავით და ძმებს დახმარებოდნენ. და ყველანი ერთად დაიძრნენ.
- 8
იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ, უცებ წინამძღოლად გამოეცხადათ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მხედარი, რომელიც ოქროს იარაღს არხევდა.
- 9
მაშინ ყველამ ერთიანად შესწირა მადლი მოწყალე ღმერთს და სული გაიმაგრეს, მზად იყვნენ, არა მარტო ადამიანები, არამედ სასტიკი მხეცები ან თვით რკინის კედლებიც კი შეემუსრათ.
- 10
წამოვიდნენ საბრძოლო წყობით ცით მოვლენილი თანამებრძოლის მფარველობით, რადგან უფალმა მოიღო მათზე წყალობა.
- 11
ლომებივით დაეძგერნენ მტერს და გაანადგურეს იგი - თერთმეტი ათასი ქვეითი და ათასექვსასი ცხენოსანი, დანარჩენი ყველა უკუაქციეს.
- 12
ბევრი მათგანი შიშველი და დაჭრილი გაიქცა, თავად ლისიამაც სამარცხვინო უკუქცევით უშველა თავს.
- 13
რაკი უგუნური კაცი არ იყო და თავისით ასწონ-დასწონა მის თავს მოწეული მარცხი, მიხვდა, რომ უძლეველნი არიან ებრაელები, რადგან ძლიერი ღმერთი იბრძვის მათ მხარეზე.
- 14
ამიტომ მოციქულები გაუგზავნა მათ და არწმუნებდა, რომ ყველა კანონიერ მოთხოვნაზე დაყაბულდებოდა და მეფესაც დაარწმუნებდა, იუდაელებთან მეგობრობა დაემყარებინა.
- 15
რაკი მაკაბელს საერათო სიკეთე სურდა, დათანხმდა ყველაფერზე რასაც ლისია სთავაზობდა. მეფემაც დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რაც მაკაბელმა წარუდგინა წერილობით ლისიას იუდაელებთან დაკავშირებით.
- 16
იუდაელებისადმი გამოგზაგნილ ლისიას წერილში კი ეს იყო ნათქვამი: ლისია ყველა იუდაელს სალამს უთვლის.
- 17
იოანემ და აბესალომმა, თქვენმა მოციქულებმა, გადმოგვცეს თქვენი ხელმოწერილი სიგელი და იზრუნეს გაეცნოთ, რაც წერილშია წარმოდგენილი.
- 18
მე მოვახსენე მეფეს ყველაფერი, რაც კი საჭიროა მისთვის წარსადგენად, და რაზეც შეიძლებოდა დათანხმება, მეფე დათანხმდა.
- 19
თუ კეთილგანწყობილებას შეინარჩუნებთ ხელისუფლების მიმართ, მომავალშიც ვეცდები შეგეწიოთ სასიკეთოდ.
- 20
რაც კერძო საკითხებს შეეხება, მე დავავალე თქვენს მოციქულებს და ჩემს რწმუნებულთ, მოილაპარაკონ თქვენთან ერთად.
- 21
დღეგრძელი იყავით. ასორმოცდარვა წელი, დიოს კორინთიოსის ოცდაოთხი.
- 22
მეფის წერილში კი ეს ეწერა: მეფე ანტიოქოსი ძმას, ლისიას სალამს უთვლის.
- 23
მას შემდეგ, რაც მამაჩვენი ღმერთებთან გადავიდა, ჩვენ მოვისურვეთ, სამეფოს ქვეშევრდომთ უშფოთველად წარემართათ თავიანთი საქმეები.
- 24
როცა გავიგეთ, რომ იუდაელები არ ეთანხმებიან მამაჩვენის ახლადშემოღებულ ელინურ წეს-ჩვეულებებს, საკუთარ წეს-ჩვეულებებს ანიჭებენ უპირატესობას და მოითხოვენ, ნება მიეცეთ საკუთარი რჯულის დაცვისა,
- 25
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხმა უდრტვინველად უნდა იცხოვროს, და დავადგინეთ: აღდგენილ იქნას მათი ტაძარი და იცხოვრონ თავიანთი მამაპაპეული რჯულის თანახმად.
- 26
შენ კი კარგს იზამ, თუ მოციქულებს გაუგზავნი და დაუზავდები მათ, რათა ჩვენს კეთილმოსურნეობაში დარწმუნებულებმა, სიხარულით და ხალისით აკეთონ თავიანთი საქმეები.
- 27
ხოლო იუდაელი ხალხისადმი მეფის წერილი ამას გვაუწყებდა: მეფე ანტიოქოსი იუდაელთა უხუცესთა საბჭოს და ყველა იუდაელს სალამს უთვლის.
- 28
ჯანმრთელად თუ ხართ, ჩვენც ეს გვინდა. ჩვენც კარგად ვართ.
- 29
მენელაოსმა გვაუწყა, რომ შინ დაბრუნებას აპირებთ თქვენი საქმეების მისახედად.
- 30
და ვინც ქსანთიკოსის ოცდამეათე დღემდე ჩამოვა, ყველა უზრუნველყოფილი იქნება მეგობრობითა და სრული ნებართვით
- 31
იუდაელთათვის, რომ წინანდებურად ჭამონ თავიანთი საჭმელები და დაიცვან თავიანთი რჯული, რომ არავის არავითარ შემთხვევაში არ შეაწუხებენ, რაც არ უნდა ჩაიდინონ თავიანთი უმეცრებით.
- 32
ვაგზავნი თქვენთან მოსალაპარაკებლად მენელაოსს.
- 33
ჯანმრთელად იყავით. ასორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი.
- 34
რომაელებმაც გაუგზაგნეს იუდაელებს წერილი, რომელშიც ეწერა, კვინტუს მემიუსი, ტიტუს მანიუსი, რომაელთა უხუცესნი სალამს უთვლიან იუდაელ ხალხს.
- 35
რაც ლისიამ, მეფის ნათესავმა, თქვენ დაგითმოთ, ამას ჩვენც ვადასტურებთ.
- 36
რასაც იგი გადაწყვეტს მოახსენოს მეფეს, მყისვე აწონ-დაწონეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ, რომ შეგეწიოთ თქვენთვის საჭირო საქმეში, რადგან ანტიოქიაში მოვდივართ.
- 37
ამიტომ იჩქარეთ, გვაუწყეთ ამბავი, რომ ჩვენც ვიცოდეთ, რა აზრს დაადექით.
- 38
ჯანმრთელად იყავით. ასორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი.