2 მაკაბელთა 10
- 1
ხოლო მაკაბელმა და მისმა თანამზრახველებმა, როცა უფალმა კვლავ იბრუნა მათკენ პირი, ტაძარიცა და ქალაქიც დაიბრუნეს,
- 2
მოედანზე კი უცხო ტომთა ნაგები სამსხვერპლოები და საკერპოები გაანადგურეს.
- 3
ტაძარი რომ განწმიდეს, ახალი სამსხვერძლო ააგეს; მერე კაჟებიდან დააკვესეს ცეცხლი და ორწლიანი შუალედის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს, აკმიეს საკმეველი, აანთეს სასანთლეები და მიიტანეს დასადებელი პურები.
- 4
აღასრულებდნენ ამ წესს და ევედრებოდნენ ღმერთს ქვედამხობილნი, აღარ დასტეხოდათ თავს ამგვარი უბედურებები; ხოლო თუ შესცოდავდნენ, დიდსულოვნებით დარიგებულიყვნენ მისგან და არ ჩაცვენილიყვნენ ღვთისმგმობელთა და ბარბაროსთა ხელში.
- 5
ერთსადაიმავე დღეს მოუწია ტაძარს უცხო ტომთაგან შეგინებამაც და განწმედამაც. ეს მოხდა ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღეს.
- 6
რვა დღეს ზეიმობდნენ მას, როგორც კარვობის დღესასწაულს, იხსენებდნენ, ცოტა ხნის წინ კარვობის დღესასწაულზე მთებსა და მღვიმეებში ველის მხეცებივით რომ დაეხეტებოდნენ.
- 7
ეპყრათ კვერთხები და მთის მცენარეთა ტოტები, აგრეთვე პალმის რტოები და მადლს სწირავდნენ მას, ვინც თავისი წმიდა ადგილი გააწმედინა მათ.
- 8
დააწესეს საერთო დადგენილებითა და კენჭისყრით, რომ იუდაელთა მთელ მოდგმას ყოველწლიურად აღენიშნა ეს დღეები.
- 9
ასეთი იყო აღსასრული ეპიფანედ წოდებული ანტიოქოსისა.
- 10
ახლა კი ანტიოქოს ევპატორის, უღვთო კაცის შვილის დროს მომხდარ ამბებს მოგახსენებთ და მხოლოდ ომების დროს მომხდარ ბოროტებათა აღწერით შემოვიფარგლებით.
- 11
როცა ანტიოქოსმა სამეფო მიიღო, საქმეები ჩააბარა ვინმე ლისიას, კოილეს სირიისა და ფინიკიის მთავარსარდალს.
- 12
რაკი პტოლემეოსი, მაკრონად წოდებული, სამართლიანობას იჩენდა იუდაელთა მიმართ მათ წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობათა სანაცვლოდ და ცდილობდა მათთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას,
- 13
ამიტომ მეფის მეგობრებმა მას ევპატორთან ცილი დასწამეს; ყველამ მოღალატედ აღიარა იგი, რადგან მან დატოვა კვიპროსი, რომელიც ფილომეტორმა ჩააბარა მას და ანტიოქოს ეპიფანესთან გადავიდა. ლისიამაც, ღირსეულად რომ ვერ წარმართა მისდამი რწმუნებული განმგებლობა, მოიწამლა თავი და ასე დაასრულა სიცოცხლე.
- 14
ხოლო გორგია, რომელიც ამ ადგილების სტრატეგოსი გახდა, ინახავდა უცხოელთა დაქირავებულ ჯარს და იუდაელებთან ომისთვის მუდამ მზად იყო.
- 15
ამასთან ერთად, ედომელნიც, რომელთაც მთავარი ციხე-სიმაგრეები ეჭირათ, უსაფრდებოდნვნ იუდაელებს; ისინი იერუსალიმელ ლტოლვილებს თავშესაფარს სთავაზობდნენ და მზად იყვნენ საომრად.
- 16
მაკაბელის მეომრებმა, მას შემდეგ რაც ილოცეს და შეევედრნენ ღმერთს, რომ მათი თანამებრძოლი გამხდარიყო, ედომის ციხე-სიმაგრეებს შეუტიეს.
- 17
იერიშით საბოლოოდ იგდეს ხელთ ყველა ადგილი და გალავანზე მებრძოლი ყველა შემუსრეს; კლავდნენ, ვინც კი გზად შეხვდებოდათ, გაწყვიტეს არანაკლებ ოციათასი კაცისა.
- 18
როცა ცხრაათასამდე კაცმა თავი შეაფარა ორ გოდოლს, რომლებიც საკმაოდ იყო გამაგრებული, რომ ალყისთვის გაეძლოთ,
- 19
მაკაბელმა დატოვა სიმონი და იოსები, აგრეთვე ზაკქეოსი და მისი ხალხი, საკმარისნი იმისათვის რომ გოდლები ალყაში მოექციათ, თავად კი წავიდა.
- 20
მაგრამ სიმონის ხალხი, ვერცხლის სიყვარულით აღგზნებული, ზოგიერთებმა მეციხოვნეთაგან ვერცხლით მოისყიდეს და მათაც სამოცდაათიათასი დრაქმის საფასურად გააპარეს ზოგი მათგანი.
- 21
როცა მაკაბელს ეს ამბავი აუწყეს, მან შეკრიბა ხალხის წინამბრძოლები და ბრალი დასდო ამ კაცებს, რომელთაც ფულზე გაყიდეს მოძმენი და მტრებს ხელი გაუხსნეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.
- 22
მან სიკვდილით დასაჯა დამნაშავენი, როგორც მოღალატეები, და მაშინვე ორ გოდოლზე წარმატებით მიიტანა იერიში.
- 23
აიღო გოდლები გამარჯვების მომხვეჭელი იარაღით, გაანადგურა მათში მსხდომი ოციათასზე მეტი კაცი.
- 24
ახლა ტიმოთემ, რომელიც ადრე იუდაელებმა დაამარცხეს, შეკრიბა დიდძალი დაქირავებული ჯარი და აზიიდანაც არამცირედი რაოდენობის ცხენოსნები შეაგროვა, და დაიძრა იუდას დასალაშქრავად.
- 25
როცა მოახლოვდნენ ისინი, მაკაბელის ხალხმა თავზე მიწის მტვერი დაიყარა, ჯვალო შემოირტყა წელზე და ლოცვა-ვედრება აღავლინა ღვთისადმი.
- 26
სამსხვერპლოს კვარცხლბეკთან დამხობილნი ევედრებოდნენ ღმერთს, წყალობის თვალით მიეხედა მათთვის, მათი მტრების მტერი და მათ წინამდეგთა წინამდეგი გამხდარიყო, როგორც ამას რჯული აცხადებს.
- 27
ღვთისმსახურების შემდეგ იარაღი აისხეს და კარგა მანძილზე გაშორდნენ ქალაქს; მიუახლოვდნენ მათზე წამოსულ მტერს
- 28
და განთიადისას ორი ლაშქარი შეება ერთმანეთს: ერთნი, ვინც გამარჯვების იმედს თავის ძალაზე კი არა, არამედ უფლის შეწევნაზე ამყარებდნენ, და მეორენი, ვინც ბრძოლაში წინამძღოლად მძვინვარება დაიყენეს.
- 29
ბრძოლა რომ შენივთდა, მოწინააღმდეგეს ციდან მოეჩვენა ოქროს მოსართავებით შეკაზმულ ცხენებზე ამხედრებული ხუთი ღირსეული კაცი, რომლებიც გაუძღვნენ იუდაელებს;
- 30
მათ შუაში მოიქციეს მაკაბელების ლაშქარი, თავიანთი იარაღით იცავდნენ მათ და დაჭრისგან იფარავდნენ. მტრის ლაშქარს კი სტორცნიდნენ ისრებსა და მეხს, და თავგზააბნეულნი და დაბრმავებულნი აქეთ-იქით იფანტებოდნენ.
- 31
გაწყდა ორიათას ხუთასი კაცი, მხედარი კი ექვსასი.
- 32
თავად ტიმოთემ კი მიაშურა გაზარად წოდებულ ციხე-სიმაგრეს, რომელიც ქერეას ჰქონდა ჩაბარებული და კარგად იყო მომარაგებული.
- 33
ხოლო მაკაბელის ხალხი, გამარჯვებით გახალისებული, ოთხი დღე ალყით ადგა ციხეს.
- 34
ციხეში მყოფნი, მიუვალი ადგილით დაიმედებულნი, ღმერთს გმობდნენ და უკადრის სიტყვებს გაჰყვიროდნენ.
- 35
მეხუთე დღე რომ გათენდა, ოცი ახალგაზრდა მაკაბელის რიგებიდან ღვთისმგმობელობის გამო შურით ანთებული, ვაჟკაცურად მიეჭრა გალავანს და რისხვით გამძვინვარებული მუსრავდა ყველა დამხვდურს.
- 36
სხვებმაც მათ მსგავსად ციხეზე იერიში მიიტანეს; წაუკიდეს ცეცხლი გოდლებს და ცოცხლად წვავდნენ ღვთის მგმობელთ ცეცხლში. სხვებმა კარიბჭე შელეწეს და დანარჩენი რაზმებიც ციხეში შეუშვეს. ასე აიღეს ქალაქი.
- 37
მოკლეს ტიმოთე, რომელიც ჭაში იყო დამალული, ასევე მისი ძმა ქერეა, და აპოლოფანეც.
- 38
ამის შემდეგ საგალობლებითა და სამადლობლებით დალოცეს უფალი, რომელმაც დიდი სიკეთე მომადლა ისრაელს და გაამარჯვებინა.