1 მაკაბელთა 13
- 1
გაიგო სიმონმა, რომ შეუკრებია ტრიფონს დიდძალი ჯარი იუდას ქვეყანაზე გასალაშქრებლად და მის გასანადგურებლად.
- 2
დაინახა, რომ ხალხი დამფრთხალი და შეშინებული იყო, და წავიდა იერუსალიმში და შეკრიბა ხალხი.
- 3
გაამხნევა ისინი და მიმართა მათ: თქვენ თვითონ ნახეთ ყოველი, რაც მე და ჩვმს ძმებს და მამაჩემის სახლს გაგვიკეთებია რჯულის საქმეთათვის და სამსხვერპლოსთვის. გახსოვთ ომებიცა და დარბევებიც, რაც გადაგვიტანია.
- 4
ამ ამბებში დაიღუპა ყველა ჩემი ძმა ისრაელისთვის, მე ერთიღა დავრჩი.
- 5
ახლა სიცოცხლეს არ დავზოგავ, რა გასაჭირიც უნდა მედგას, რადგან ჩემს ძმებზე უკეთესი არა ვარ.
- 6
მაგრამ ვიძიებ შურს ჩემი ერისთვის და საწმიდარისთვის, და თქვენი ცოლ-შვილისთვის, რადგან სიძულვილით შეთქმულა ყოველი ხალხი ჩვენს მოსასპობად.
- 7
სულით აინთო ხალხი, ეს სიტყვები რომ მოისმინა.
- 8
მიუგეს და ხმამაღლა უთხრეს: შენა ხარ ჩვენი წინამძღოლი ნაცვლად იუდასი და იონათანისა, შენი ძმისა.
- 9
გადაიხადე ჩვენი ომი და ყოველივეს, რასაც კი გვეტყვი, შევასრულებთ.
- 10
მაშინ თავი მოუყარა მთელს მხედრობას და დააჩქარა იერუსალიმის კედლების შეკეთება და გაამაგრეს ყოველი მხრიდან.
- 11
გააგზავნა იონათანი, ძე აბესალომისა და მასთან ერთად საკმარისი ჯარი იაფოში, გამორეკა იქ მყოფნი და დადგა იქ.
- 12
ტრიფონი კი გამოემართა პტოლემაისიდან დიდძალი ლაშქრით იუდას ქვეყანაში შესასვლელად; იონათანიც მასთან ერთად მოჰყავდა ყარაულით.
- 13
სიმონი კი ადიდაში, დაბლობის წინ დაბანაკდა.
- 14
მიხვდა ტრიფონი, რომ აღდგა სიმონი იონათანის, თავის ძმის ნაცვლად, და გადაწყვეტილი აქვს მასთან ბრძოლა. გაუგზავნა ელჩები, შეუთვალა:
- 15
იმ ვერცხლის გამო დავაკავეთ იონათანი, შენი ძმა, რომელიც მან სამეფო ხაზინიდან ისესხა საჭიროებისთვის.
- 16
ახლა კი გამოგზავნე ასი ვერცხლის ტალანტი და მისი ორი ვაჟი მძევლად, რომ არ გაბედოს ჩვენზე აღდგომა, და გამოვუშვებთ მას.
- 17
მიხვდა სიმონი, რომ მზაკვრულად ელაპარაკებიან, მაგრამ გაგზავნა ვერცხლი და ბავშვები, რომ ხალხის სიძულვილი არ გამოეწვია;
- 18
არ ეთქვა ხალხს: ვერცხლი და ბავშვები რომ არ გაუგზავნა სიმონმა, იმიტომ დაიღუპა იონათანიო.
- 19
და გაუგზავნა ბავშვები და ასი ტალანტი. მაგრამ მოატყუა ტრიფონმა და არ გაუშვა იონათანი.
- 20
ამის მერე მოვიდა ტრიფონი, რომ შესეოდა ქვეყანას და გაენადგურებინა. მან ადორის გზით მოუარა, სიმონი და მისი ლაშქარი კი მიჰყვებოდა ყველგან, საითაც გაემართებოდა.
- 21
ციხეში მყოფთ გაგზავნეს ელჩები ტრიფონთან, რომ წამოსულიყო მათკენ უდაბნოს გავლით და საკვები გამოეგზავნა მათთვის.
- 22
გაამზადა ტრიფონმა ცხენოსნები წასასვლელად, მაგრამ იმ ღამეს უზომოდ დიდი თოვლი მოვიდა და ვეღარ გაემგზავრნენ თოვლის გამო. ადგა და გალაადისკენ წავიდა.
- 23
როცა ბასკამას მიუახლოვდა, მოკლა იონათანი და იქ დამარხა.
- 24
მერე გაბრუნდა ტრიფონი და თავის ქვეყნისკენ გაემართა.
- 25
გაგზავნა სიმონმა ხალხი თავის ძმის, იონათანის, ძვლების ასაკრეფად და დამარხა ისინი მოდეინში, თავისი მამა-პაპის ქალაქში.
- 26
დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა და მწუხარებდნენ მრავალი დღის განმავლობაში.
- 27
აღმართა სიმონმა ძეგლი თავისი მამისა და ძმების საფლავზე; აამაღლა იგი გამოსაჩენად თლილი ქვებით წინა მხრიდან და უკანა მხრიდან.
- 28
დადგა შვიდი პირამიდა, ერთმანეთის პირისპირ, მამის, დედისა და ოთხი ძმისა.
- 29
შეამკო სამკაულებით, შემოავლო დიდი სვეტები და სვეტებზე საჭურვლები ჩამოკიდა საუკუნო სახელისათვის, ხოლო საჭურველთა გვერდით - გამოქანდაკებული ხომალდები, რომ ყოველ ზღვაოსანს დაენახა.
- 30
ეს სამარხი მოდეინში რომ გააკეთა, დღემდეა იქ.
- 31
ამასობაში ტრიფონი ვერაგულად მოექცა ყმაწვილ მეფეს, ანტიოქოსს, და მოკლა იგი.
- 32
გამეფდა მის ნაცვლად და აზიის გვირგვინი დაიდგა. დიდი უბედურება დაატეხა ქვეყანას.
- 33
ხოლო სიმონმა ააშენა ციხე-სიმაგრეები იუდაში, შემოზღუდა მაღალი გოდლებით, დიდი კედლებით და ურდულებიანი კარიბჭეებით და მოამარაგა სარჩოთი სიმაგრეები.
- 34
აარჩია სიმონმა კაცები და გაგზავნა მეფე დემეტრიოსთან, რომ ქვეყნისთვის შეღავათი მოეთხოვა მისგან, რადგან სულ ძარცვა-გლეჯაში იყო ტრიფონი.
- 35
შემოუთვალა მას მედე დემეტრიოსმა ამ სიტყვებზე და მიუგო მას, ასეთი წერილი მისწერა:
- 36
მეფე დემეტრიოსი სიმონ მღვდელმთავარს, მეფის მეგობარს, უხუცესებსა და იუდას ერს მოგიკითხავთ.
- 37
მივიღეთ თქვენი გამოგზავნილი ოქროს გვირგვინი და პალმის რტო და მზადა ვართ, დავდოთ თქვენთან დიდი ზავი და მივწეროთ გადასახადების ზედამხედველვბს, რომ ხარკისგან გაგათავისუფლონ.
- 38
ყოველივე, რაც თქეენ დაგიდგინეთ, უცვალებელი იყოს; სიმაგრეები, რომლებიც ააგეთ, თქვენვე გეპყრათ.
- 39
გვიპატიებია თქვენთვის უგუნურებები და დანაშაულები, რაც დღემდე ჩაგიდენიათ, ხოლო გვირგვინის გადასახადი, რომელიც გმართებთ, და სხვა რამ ხარკი, რომელიც იკრიფებოდა იერუსალიმში, მეტად აღარ აიკრიფება.
- 40
და, თუკი ვინმე თქვენიანი ჩვენს შორის ჩაწერის ღირსი აღმოჩნდება, ჩაიწერება. და იქნება ჩვენს შორის მშვიდობა.
- 41
ასსამოცდამეათე წელს მოეხსნა წარმართის უღელი ისრაელს.
- 42
ხალხმა ასე დაიწყო წერა სიგელებში და ხელშეკრულებებში: სიმონის, დიდი მღვდელმთავრის, ერისმთავრისა და იუდაელთა წინამძღოლის პირველ წელსო.
- 43
იმ დღეებში დაბანაკდა სიმონი გაზარასთან და ალყა შემოარტყა მას, გააკეთა საალყო მანქანა და ქალაქს მიუახლოვდა. შელეწა ერთი გოდოლი და აიღო.
- 44
გამოცვივდნენ მანქანაში მყოფნი ქალაქისკენ და შეიქნა დიდი მღელვარება ქალაქში.
- 45
ქალაქელები თავიანთი ცოლ-შვილით კედელზე ავიდნენ, შემოიხიეს ტანისამოსი და ხმამაღლა აყვირდნენ, უხმობდნენ სიმონს, რომ მარჯვენა მიეცა მათთვის.
- 46
თქვეს: ნუ მოგვაგებ ჩვენ ჩვენს ბოროტებათა წილ, არამედ შენი მოწყალების მიხედვით მოგვექციო.
- 47
შეიბრალა ისინი სიმონმა და აღარ შეებრძოლა მათ; მაგრამ გამორეკა ისინი ქალაქიდან და გაწმიდა სახლები, რომლებშიც კერპები იყო. ასე შევიდა იქ საგალობლებითა და კურთხევით.
- 48
განაგდო იქიდან ყოველი უწმიდურება და ჩაასახლა იქ რჯულის მიმდევარი ხალხი, გაამაგრა იგი და იქ აიშენა თავისთვის სამყოფელი.
- 49
იერუსალიმის ციხეში მყოფებს კი ნებას არ აძლევდნენ, ქვეყნიდან გასულიყვნენ და ქვეყანაში შესულიყვნენ სავაჭროდ; ძალზე შიმშილობდნენ და მათგან ბევრი დაიღუპა შიმშილით.
- 50
და შეჰღაღადეს სიმონს, რომ მიეცა მათთვის მარჯვენა და მანაც გაუწოდა მარჯვენა. გამოყარა ისინი იქიდან და გაწმიდა ციხე სიბილწეთაგან.
- 51
ასსამოცდამეთერთმეტე წელს, მეორე თვის ოცდამესამე დღეს, შევიდა იგი ქება-დიდებითა და ბაიის რტოებით, ქნარებითა და წინწილებით და სტვირებით, საგალობლებით და სადიდებლებით, რადგან იძლია დიდი მტერი ისრავლისა.
- 52
დააწესა, რომ იზეიმონ ეს დღე ყოველ წელიწადს სიხარულით. გაამაგრა ტაძრის ბორცვი ციხის გვერდით და დასახლდა იქ თავის თანამდგომებთან ერთად.
- 53
დაინახა სიმონმა, რომ დაკაცდა მისი ვაჟი იოანე და ჩააბარა მას მთელი ლაშქრის წინამძღოლობა. და დასახლდა გაზარაში.