1 მაკაბელთა 12
- 1
როცა დაინახა იონათანმა, რომ დაუდგა შესაფერი ჟამი, ამოირჩია კაცები და გაგზავნა რომში მათთან მეგობრობის განსამტკიცებლად და განსაახლებლად.
- 2
ასეთივე წერილები დაგზავნა სპარტაში და ყველა მხარეში.
- 3
გაემართნენ რომისკენ. შევიდნენ საბჭოში და თქვეს: მღვდელმთავარმა იონათანმა და იუდაელმა ხალხმა მოგვავლინა ჩვენ ერთმანეთს შორის ძველი მეგობრობისა და მოკავშირეობის განსაახლებლად.
- 4
მისცეს მათ წერილები, ყოველი მხარის გამგებელთა მიმართ მიწერილი, რათა მშვიდობით გაესტუმრებინათ ისინი იუდას ქვეყანაში.
- 5
აი, ასლი წერილისა, რომელიც მისწერა იონათანმა სპარტელებს:
- 6
მღვდელმთავარი იონათანი, ერის უხუცესნი, მღვდლები და დანარჩენი იუდაელი ხალხი სპარტელებს, ძმებს, მოგიკითხავთ.
- 7
ჯერ კიდევ წინანდელ დროში თქვენი მეფის, არეიოსის მიერ მღვდელმთავარ ონიასთან გამოგზავნილი ყოფილა წერილი, რომ თქვენ ჩვენი ძმები ხართ, როგორც ამას ასლი წარმოგვიდგენს.
- 8
პატივით მიიღო ონიამ გამოგზავნილი კაცი და გამოართვა წერილი, რომელიც ნათლად მოწმობდა მოკავშირეობასა და მეგობრობას.
- 9
თუმცა ჩვენ ახლა ეს აღარ გვჭირდება, რადგან გასამხნევებლად ხელთ წმიდა წიგნები მოგვეპოვება.
- 10
გადავწყვიტეთ თქვენთვის გამოგვეგზავნა წერილი ძმობისა და მეგობრობის განსაახლებლად, რათა არ გაგიუცხოვდეთ, რადგან მრავალ დროებას ჩაუვლია მას შემდეგ, რაც მოგვწერეთ.
- 11
ჩვენ ახლა ყოველ დროს, დღესასწაულებშიცა და დანარჩენ სადაგ დღეებშიც გიხსენებთ თქვენ აღსავლენის შეწირვისას და ლოცვებში, რადგან ჯერ არს და ხამს ძმების გახსენება.
- 12
თქვენი დიდებით გახარებულნი ვართ,
- 13
თუმცა ჩვენ უზომო გასაჭირით და ხშირი ომებით ვიყავით გარემოცულნი; გვებრძოდნენ ჩვენ გარეშემო მეფეები.
- 14
მაგრამ არ გვსურდა თქვენი და ჩვენი დანარჩენი მოკავშირეებისა და მეგობრეხის შეწუხება იმ ომებში;
- 15
რადგან ციდან გვქონდა შეწევნა და ჩვენ ბევრჯერ გადავრჩენილვართ მტრების ხელიდან, ჩვენი მოძულენი კი დათრგუნულან.
- 16
ახლა ავირჩიეთ ნუმენიოსი, ანტიოქოსის ძე, და ანტიპატროსი, იასონის ძე, და გამოვგზავნეთ რომაელებთან, რათა განვაახლოთ მათთან მეგობრობა და წინანდელი მოკავშირეობა.
- 17
დავავალეთ მათ თქვენთან გამომგზავრებაცა და თქვენი მოკითხვაც; აგრეთვე, რომ გადმოგცენ ჩვენი წერილი ჩვენი ძმობის განახლების თაობაზე.
- 18
ახლა კარგს იზამთ, თუ გვიპასუხებთ ამაზე.
- 19
აი, ასლი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს ონიას:
- 20
არეიოსი, მეფე სპარტელთა, მღვდელმთავარ ონიას მოგიკითხავ.
- 21
წერილში აღმოჩნდა, რომ სპარტელები და იუდაელები ძმები და აბრაამის მოდგმისანი არიან.
- 22
ახლა, რაკი ეს ამბავი შევიტყვეთ, კარგს იზამთ, თქვენს კეთილდღეობაზე თუ მოგვწერთ.
- 23
ხოლო ჩვენ გწერთ, რომ თქვენი ცხვარ-ძროხა და ქონება ჩვენია, ჩვენი კი - თქვენი. ნაბრძანები გვაქვს, გაცნობოთ ეს ამბავი.
- 24
გაიგო იონათანმა, რომ დაბრუნდნენ დემეტრიოსის მთავრები წინანდელზე მეტად ურიცხვი ლაშქრით მათთან საომრად.
- 25
გამოვიდა იერუსალიმიდან და დახვდა მათ ხამათის მხარეში და არ შეუშვა თავის მიწა-წყალზე.
- 26
გაგზავნა მზვერავები მათი ბანაკისაკენ; დაბრუნდნენ და მოახსენეს, რომ ღამით ამზადებდნენ მათზე თავდასხმას.
- 27
როცა მზე ჩაესვენა, იონათანმა უბრძანა თავისთან მყოფებს, ეფხიზლათ და იარაღასხმულნი მდგარიყვნენ, რომ მზად ყოფილიყვნენ ომისათვის მთელი ღამის განმავლობაშა და გუშაგებიც დააყენა ბანაკის გარშემო.
- 28
შეიტყვეს მოწინააღმდეგეებმა, რომ მზად არიან საომრად იონათანი და მასთან მყოფნიც. შეშინდნენ, გულები შეუდრკათ, კოცონები დაანთეს ბანაკში და უკუიქცნენ.
- 29
ხოლო იონათანს და მასთან მყოფებს დილამდე არ გაუგიათ ეს, რადგან ხედავდნენ ანთებულ ცეცხლებს.
- 30
მისდია მათ უკან იონათანმა, მაგრამ ვერ მიეწია, რადგან მდინარე ელეფთეროსს გაღმა იყვნენ გასულნი.
- 31
მაშინ არაბებს გადაწვდა იონათანი, რომლებიც ზაბადეიანებად იწოდებოდნენ, სძლია მათ და მოხვეტა ნადავლი.
- 32
მერე აიყარა და მიადგა დამასკოს, და გაიარა მთელი ის მხარე.
- 33
სიმონი კი გაეშურა და იარა აშკელონამდე და მახლობელ ციხე-სიმაგრეებამდე, შემდეგ გაუხვია იაფოში და აიღო იგი,
- 34
რადგან გაიგო, რომ იქაურებს სურდათ ციხე-სიმაგრე დემეტრიოსთან მყოფთათვის გადაეცათ. ჩააყენა იქ ჯარი მის დასაცავად.
- 35
დაბრუნდა იონათანი, მოუხმო ხალხის უხუცესებს და მოითათბირა მათთან, რომ აეგოთ სიმაგრეები იუდაში,
- 36
აემაღლებინათ იერუსალიმის კედლები და აღემართათ დიდი ზღუდე ციხე-სიმაგრესა და ქალაქს შორის, რათა გამოეყოთ ის ქალაქისგან, რომ ცალკე ყოფილიყო და შემწყდარიყო მათ შორის ყიდვა-გაყიდვა.
- 37
შეიკრიბნენ ქალაქის ასაშენებლად და აღადგინეს ჩანგრეული კედელი ხევთან, აღმოსავლეთით, ხაფენათად წოდებული.
- 38
ხოლო სიმონმა ააგო, ადიდა შეფელაში, გაამაგრა ის და დაუყენა ურდულებიანი კარიბჭე.
- 39
ტრიფონი კი ცდილობდა, აზიის მეფე გამხდარიყო, გვირგვინი დაედგა და ხელი აღემართა მეფე ანტიოქოსზე.
- 40
ეშინოდა, არ დაებრკოლებინა იგი იონათანს და ომი არ დაეწყო მის წინააღმდეგ. ამისთვის ცდილობდა მის შეპყრობას მოსაკლავად ადგა და ბეთ-შანისკენ გაემართა.
- 41
გამოვიდა იონათანი მის დასახვედრად ორმოციათასი საბრძოლოდ მზადმყოფი კაცით და მიადგა ბეთ-შანს.
- 42
როცა დაინახა ტრიფონმა. რომ იგი დიდძალი ლაშქრით არის მოსული, შეეშინდა, აღემართა ხელი მასზე.
- 43
ამიტომ პატივით მიიღო იგი და წარუდგინა ყველა თავის მეგობარს, უბოძა საჩუქრები და უბრძანა თავის მეგობრებსა და ლაშქარს, დამორჩილებოდნენ, როგორც თავად მას მორჩილებდნენ.
- 44
უთხრა იონათანს: რისთვის გასარჯე მთელი ეს ხალხი, თუ ომი არ გველის?
- 45
მაშ, გაუშვი ახლა ისინი თავ-თავიანთ სახლებში, შენთვის კი აარჩიე რამდენიმე კაცი, ვინც შენთან დარჩება და ერთად გავემგზავროთ პტოლემაისისკენ. ჩაგაბარებ მას და დანარჩენ ციხე-სიმაგრეებს, დანარჩენ ჯარებს და ყველა გამგებელს; მერე კი შინ გავბრუნდები. ამის გულისთვის ვიმყოფები აქ.
- 46
ერწმუნა მას და ისე მოიქცა, როგორც უთხრა. დაითხოვა ჯარები და წავიდნენ იუდას ქვეყნისკენ.
- 47
თავისთან კი დაიტოვა სამიათასი კაცი, რომელთაგან ორი ათასი გალილეაში დარჩა, ათასი კი მას გაჰყვა.
- 48
როცა იონათანი პტოლემაისში შევიდა, ჩაკეტეს კარიბჭეები პტოლემაისელებმა და შეიპყრეს იგი და ყველა, ვინც მასთან ერთად იყო შესული, მახვილით დახოცეს.
- 49
გაგზავნა ტრიფონმა ჯარები და ცხენოსნები გალილეაში და დიდ ვაკეზე, რომ გაეწყვიტათ ყველანი, იონათანის თანამდგომნი.
- 50
მაგრამ როცა გაიგეს მათ, რომ შეპყრირილია იონათანი, მისი ხალხი კი დახოცილი, გაამხნევეს ერთმანეთი და დაიძრნენ საომრად შემართულნი.
- 51
მდევრებმა დაინახეს, რომ ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო იქნებოდა, და უკუიქცნენ.
- 52
დაბრუნდნენ ყველანი მშვიდობით იუდას ქვეყანაში და დაიტირეს იონათანი და მისი ხალხი; ძალზე შეშინებული იყო და დიდი მოთქმით მოთქვამდა მთელი ისრაელი.
- 53
მათ ირგვლივ მოსახლე ყველა ხალხი ცდილობდა მათ განადგურებას, რადგან ამბობდნენ, აღარ ჰყავთ არც წინამძღვარი და არც მშველელიო. მაშ, ახლა ვეკვეთოთ და წარვხოცოთო კაცთა შორის მათი სახსენებელი.