სიბრძნე სოლომონისა 15
- 1
ხოლო შენ, ღმერთო ჩვენო, კეთილი და ჭეშმარიტი ხარ, სულგრძელი და ყოვლის განმგებელი წყალობით.
- 2
კიდეც რომ შევცოდოთ, მაინც შენი ვართ, მაღიარებელნი შენი ძალისა; მაგრამ არ შევცოდავთ, რადგანაც ვუწყით, რომ შენად ვართ შერაცხილნი.
- 3
შენი შეცნობა სრული ჭეშმარიტებაა, აღიარება შენი ძალაუფლებისა კი უკვდავების საფუძველია.
- 4
ვერ შეგვაცდინა ჩვენ კაცთა ბოროტმა განზრახვამ და ვერც მხატვართა უნაყოფო შრომამ - ხატებამ, სხვადასხვა ფერებით აჭრელებულმა,
- 5
რომლის მზერაც უგუნურ წადილს და ტრფიალებას აღაგზნებს მკვდარი ქანდაკების უსიცოცხლო სახის მიმართ.
- 6
ამგვარ იმედთა ღირსნი არიან ბოროტებათა ტრფიალნი და მათი ჩამდენნიც, მოწადინენი და თაყვანისმცემლებიც.
- 7
მექოთნე რბილ თიხას ზელს და ჩვენდა სამსახურად გულმოდგინედ ძერწავს ყველაფერს; ერთი და იმავე თიხიდან იძერწება ორივე ჭურჭელი - საწმიდარიც და სადაგიც; მაგრამ რომელი რას უნდა ემსახუროს, ამის განმსჯელი თიხის ოსტატია.
- 8
ამ თიხიდანვე ამაო ღმერთს ძერწავს ფუჭად მშრომელი, რომელიც თავადაც მიწისგან წარმოიშვა ცოტა ხნის წინათ, ცოტა ხნის შემდეგ კი იქითკენ წავა, საიდანაც აღებულ იქნა, და მოსთხოვენ სულის ვალის უკან დაბრუნებას.
- 9
მაგრამ მას არ ადარდებს, რომ მძიმე შრომა უნდა, რომ ხანმოკლეა მისი ცხოვრება, არამედ ეჯიბრება ოქრომჭედლებსა და ვერცხლის მდნობელებს, სპილენძის ოსტატებს ბაძავს და სასახელოდ მიაჩნია სისაძაგლის ძერწვა.
- 10
ფერფლია მისი გული, თიხაზე უმნიშვნელოა მისი სასოება და ტალახზე უპატიოა მისი ცხოვრება.
- 11
რადგან ვერ შეიცნო თავისი შემქმნელი, ვინც მას ჩაუდგა მოქმედი სული და სიცოცხლის სამშვინველი შთაბერა.
- 12
მაგრამ ჩვენი სიცოცხლე მათ გართობად ჩათვალეს, ხოლო ცხოვრება სარფიან ვაჭრობად, რადგან ამბობენ: ხომ საჭიროა საიდანმე, თუნდაც ბოროტებისგან, სარგებლის მიღება.
- 13
ყველაზე უკეთ თვითონ მან იცის, რომ ცოდვას სჩადის, რადგან ქმნის თიხიდან მყიფე ჭურჭლებსა და ქანდაკებებს.
- 14
მაგრამ ყველაზე უგუნურნი და ჩვილ ბავშვებზე სულით უბადრუკნი არიან შენი ხალხის მტრები, რომელნიც ჩაგრავენ მას.
- 15
რადგან ისინი ღმერთებად მიიჩნევენ წარმართთა ხატებს, რომელთაც არა აქვთ თვალები სახედველად, არც ნესტოები ჰაერის შესასუნთქად, არც ყურები სასმენელად, არც თითები შესახებად და მათი ფეხებიც უმოქმედოა სავალად.
- 16
თუმცა ადამიანმა შექმნა ისინი და ნასესხებმა სულმა გამოსახა, მაგრამ არცერთ კაცთაგანს არ შეუძლია გამოსახოს ღმერთი, როგორიც არის.
- 17
თავად მოკვდავია და მკვდარს აკეთებს ურჯულო ხელებით, ამიტომაც სჯობს თავის სათაყვანებელთ, რადგან თვითონ ცოცხლობს მაინც, ამათ კი არასოდეს უცოცხლიათ.
- 18
უსაძაგლეს ცხოველებს სცემენ თაყვანს, უჭკუობით სხვებისგან გამორჩეულთ.
- 19
შესახედავადაც უშნონი არიან და სხვა ცხოველებივით ვერ მიგვიზიდავენ, რადგან აკლიათ ღვთის დასტური და მისი კურთხევა.