სიბრძნე სოლომონისა 14
- 1
კიდევ: სანაოსნოდ და მძვინვარე ტალღების გადასალახავად ვინმე ძელს მოუხმობს, უფრო მსხვრევადს, ვიდრე მისი მატარებელი ხომალდია.
- 2
რადგან მხოლოდ მოხვეჭის სურვილმა მოისაზრა და ოსტატის ხელოვნებამ ააშენა ხომალდი.
- 3
მაგრამ ხომალდს, მამაო, შენი განგება მართავს, რდგან ზღვაში შენ მიეცი მას გზა და ტალღათა შორის საიმედო ბილიკი,
- 4
აჩვენე, რომ ყოველი ხიფათისგან დახსნა შეგიძლია, თუნდაც ვინმე უმეცარი შევიდეს ზღვაში.
- 5
გსურს შენი სიბრძნის ნამოქმედარი ფუჭი არ იყოს; ამიტომაც ანდობენ ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს ხის ნაჭერს და ტივით გადამლახველნი ტალღებისა გადარჩებიან;
- 6
რადგან თავიდანვე, როცა შეიმუსრნენ ქედმაღალი ბემბერაზები, სოფლის იმედმა ტივს შეაფარა თავი და, შენი ხელით წარმართულმა, საუკუნეს შეუნარჩუნა ახალი თაობის თესლი.
- 7
კურთხეულია ძელი, რომლითაც სამართლიანობა მოხდა.
- 8
ეს ხელითნაკეთი კი დაწყევლილია თავადაც და მისი გამკეთებელიც, რომ გააკეთა და ეს ლპობადი ნივთი ღმერთად იწოდა.
- 9
რადგან უკეთური და მისი უკეთურება ღვთისთვის თანაბრად საძულველია,
- 10
და, რაც გაკეთებულია, მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება.
- 11
ამიტომაც წარმართთა კერპებსაც მოელით განკითხვა, რადგან იქცნენ ისინი ღვთის ქმნილებათა შორის სისაძაგლედ, ადამიანთა სულების საცდუნებელად და მახედ უგუნურთა ფეხებისთვის.
- 12
რადგან კერპთა კეთების ჩანაფიქრი გარყვნილების სათავე იყო, ხოლო მათი გამოგონება - ცხოვრების გახრწნა;
- 13
რადგან არც დასაბამიდან იყვნენ და არც საუკუნოდ იქნებიან.
- 14
ისინი სოფელში კაცთა ცუდმედიდობით შემოვიდნენ და ამიტომაც აღსასრულიც სწრაფი მიესაჯათ.
- 15
უდროოდ დაღუპულ შვილზე მწუხარებით გატანჯულმა მამამ მისი გამოსახულება გააკეთა, ჯერ პატივი მიაგო როგორც მკვდარ ადამიანს, მერე კი როგორც ღმერთს და საიდუმლოებანი და საღვთო წესები გადასცა თავის ხელქვეითებს.
- 16
შემდგომად ამისა, დროის მიერ განმტკიცებული ეს უკეთური ჩვეულება შენახულ იქნა, როგორც რჯული
- 17
და ხელმწიფეთა ბრძანებებით თაყვანს სცემდნენ ამ ქანდაკებებს. მათი სახეებიც გამოაქანდაკეს, რომელთა თაყვანისცემა მათი შორს ყოფნის გამო ადამიანებს არ შეეძლოთ; საჭვრეტად შექმნეს სათაყვანო მეფის გამოსახულება, რათა შორს მყოფისთვისაც ისევე ემლიქვნელათ, როგორც ახლოს მყოფისთვის.
- 18
ხელოვანის პატივმოყვარეობა იყო მიზეზი, რომ უცნობებმაც დაიწყეს მისი თაყვანისცემა.
- 19
მან, ალბათ, მბრძანებლის საამებლად ძალ-ღონი არ დაზოგა, რომ ოსტატობის წყალობით ხატება სილამაზით შეემკო.
- 20
ხალხმა კი, მისით მოხიბლულმა, სიწმიდედ შერაცხა ეს ქმნილება, რომელსაც ადრე პატივს სცემდა, როგორც ადამიანს.
- 21
და ეს საცდურად ექცა კაცთა მოდგმას, რადგან უბედურებებით ან მძლავრობით დაბეჩავებულმა ადამიანებმა უცხო სახელები მისცეს ქვებსა და ხეებს.
- 22
მერე, ღვთის შეცნობაში შეცდომა არ იკმარეს და, დიდ ბრძოლაში უმეცრების გამო ჩათრეულნი, ამგვარ ბოროტებას მშვიდობას უწოდებენ.
- 23
ან მსხვერპლად სწირავენ ბავშვებს, ან დაფარულ წესებს ასრულებენ, ან სხვათა ადათებისამებრ თავაშვებულ ღრეობებს მართავენ.
- 24
არ უფრთხილდებიან არც თავიანთ სიცოცხლესა და არც ქორწინების სიწმიდესა და ვერაგულად ხოცავენ ერთმანეთს, ან კიდევ მრუშობით შეურაცხყოფენ.
- 25
განურჩევლად ყველა გარეულია სისხლში და მკვლელობაში, ძარცვაში და მზაკვრობაში, გარყვნილებაში და უნდობლობაში, შფოთში და ცრუ ფიცში,
- 26
სიკეთეთა მოყივნებაში, მადლის დავიწყებაში, სულთა წაბილწვაში, სქესის გაუკუღმართებაში, უწესო ქორწინებაში, სიძვაში და უსირცხვილობაში.
- 27
რადგან სახელუხსენებელ კერპთა მსახურება არის დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა;
- 28
რადგან მათი თაყვანისმცემელნი ნეტარებით შმაგობენ, სიცრუეს წინასწარმეტყველებენ; ან უსამართლოდ ცხოვრობენ, ან სწრაფად ტეხენ ფიცს;
- 29
რადგან უსულო კერპთა მოიმედენი ბოროტი ფიცისათვის სასჯელს არ ელიან.
- 30
მაგრამ სასჯელი ორივეს გამო მოაწევს მათზე. იმის გამოც, რომ კერპების ერთგულნი ბოროტად ფიქრობდნენ ღმერთზე, და იმის გამოც, რომ უსამართლოდ ფიცულობდნენ სიწმიდის მზაკვრულად მოძულენი.
- 31
რადგან არა ფიცის ძალა, არამედ ცოდვილთათვის განკუთვნილი სასჯელია, რომ დევნის მუდამ კანონის შემლახველს.