2 ეზრა 7
- 1
მაშინ სისინესი, კოილე-სირიისა და ფინიკიის მთავარი, ბეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი, დარიოს მეფის ბრძანების კვალზე
- 2
სათავეში ჩაუდგნენ ამ წმინდა საქმეებს და გულმოდგინედ ეხმარებოდნენ იუდაელთა უხუცესებს და მღვდელმთავრებს.
- 3
წარმატებით წარიმართა წმინდა საქმე ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებით.
- 4
და აღასრულეს ეს უფლის, ისრაელის ღმერთის განგებით;
- 5
კიროსის, დარიოსისა და არტაქსერქსეს - სპარსელ მეფეთა ნებით სრულ იქმნა წმინდა სახლი ადარის თვის ოცდამესამე დღეს, დარიოსის მეფობის მეექვსე წელს.
- 6
შეასრულეს ყველაფერი უცვლელად მოსეს წიგნში დაწერილისამებრ, ისრაელიანებმა და მღვდლებმა, ლევიანებმა და ტყვეობიდან დაბრუნებულმა დანარჩენმა ხალხმა, ვინც მიემხრო მათ.
- 7
შესწირეს უფლის ტაძრის სატფურებისათვის ასი კურატი, ორასი ვაცი, ოთხასი კრავი;
- 8
და თორმეტი თხა მთელი ისრაელის ცოდვებისათვის ისრაელის თორმეტი შტოს მთავართა რიცხვის მიხედვით.
- 9
იდგნენ მღვდლები და ლევიანები, შემოსილნი, შტოთა მიხედვით უფლის, ისრაელის ღმერთის საქმეთა წინაშე, შესაბამისად მოსეს წიგნისა, და მეკარენი თითოეულ ბჭესთან.
- 10
გაამზადეს ტყვეობიდან გამოსულმა ისრაელიანებმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, რათა ერთად განწმედილიყვნენ მღვდლები და ლევიანები.
- 11
ტყვეობიდან გამოსულთაგან ყველანი არ განწმედილან, რადგან ლევიანები განიწმინდნენ ყველანი ერთად.
- 12
ამსხვერპლეს პასექი ყველასთვის, ტყვეობიდან დაბრუნებულთათვის და თავიანთი ძმების, მღვდლებისა და თავიანთი თავისთვის.
- 13
ჭამეს ტყვეობიდან გამოსულმა ისრაელიანებმა, ყველამ, ქვეყნის ხალხთა სიბილწეთაგან განდგომილებმა, უფლის მაძიებლებმა.
- 14
ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს, მოხარულნი ღვთის წინაშე.
- 15
რადგან შეაცვლევინა აშურელთა მეფეს გადაწყვვდ;ილება მათ შესახებ, რათა განმტკიცებულიყო მათი ხელები უფლის, ისრაელის ღმერთის საქმეთათვის.