2 ეზრა 6
- 1
დარიოსის მეფობის მეორე წელს წინასწარმეტყველებმა ანგიამ და ზაქარიამ, ყიდოს ძემ, უწინასწარმეტყველეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ იუდაელებს უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით.
- 2
მაშინ ადგა ზერუბაბელი, ძე შალთიელისა და იესო, ძე იოცედეკისა, და იწყეს შენება უფლის სახლისა იერუსალიმში უფლის წინასწარმეტყველთა თანდასწრებით, რომელიც შეეწეოდა მათ.
- 3
ამ დროს გამოეცხადა მათ სისინესი, სირიისა, ფინიკიის განმგებელი, და ბეთარბოზნაი მათი თანამდგომნი და უთხრეს მათ:
- 4
ვისი ნებართვით აშენებთ ამ სახლს და ამ ჭერს, და სხვა დანარჩენს აღასრულებთ? ვინ არიან მაშენებელნი, რომ აღასრულებენ ამას?
- 5
მიიღეს მადლი უფლისგან, ტყვეობაში მყოფთა მფარველისგან, იუდეველთა უხუცესებმა,
- 6
და არ დაუშალეს მათ შენება, ვიდრე არ აუწყებდნენ მათ შესახებ დარიოსს და პასუხს არ მიიღებდნენ.
- 7
პირი წერილისა, რომელიც მისწერა დარიოსს და გაუგზავნა სისინესმა, სირიისა და ფინიკიის განმგებელმა, ბეთარბოზნაიმ და მათმა თანამდგომმა, მთავრებმა სირიასა და ფინიკიაში.
- 8
მეფე დარიოსს, იხარებდე! უნდა გეუწყოს ყოველივე ჩვენს უფალს, მეფეს; როცა მოვედით იუდაელთა ქვეყანაში და შევედით ქალაქ იერუსალიმში, ვპოვეთ ტყვეობიდან გამოსულნი იუდაელთა უხუცესნი, რომლებიც ქალაქ იერუსალიმში აგებენ უფლის ახალ დიდ სახლს ძვირფასი თლილი ქვებით და კედლებში ძელთა დატანებით;
- 9
ეს სამუშაოები თავგამოდებით სრულდება და კარგად მიდის საქმე მათ ხელში და ყოველივე დიდებითა და გულმოდგინებით კეთდება.
- 10
მაშინ ვკითხეთ უხუცესებს და ვუთხარით: ვისი ბრძანებით აშენებთ ამ სახლს და აფუძნებთ ამ საქმეებს?
- 11
ასე ვკითხეთ მათ, რათა გვეცნობებინა და მოგვწერა შენთვის თავკაცთა შესახებ და მოვითხოვდით მათი წინამძღოლების ნუსხას.
- 12
ხოლო მათ პასუხად მოგვიგეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ღვთისა, ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
- 13
ეს სახლი მრავალი წლის წინათ აშენდა ისრაელის დიდი და ძლიერი მეფის მიერ და დასრულდა.
- 14
როცა ჩვენმა მამებმა განარისხეს და შესცოდეს ზეციერ უფალს ისრაელისას, მისცა ისინი ხელთ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა მეფეს.
- 15
სახლი დაანგრიეს და დაწვეს და ხალხი ტყვედ წაასხეს ბაბილონში.
- 16
მაგრამ ბაბილონის ქვეყანაში კიროსის გამეფების პირველ წელს მეფე კიროსმა ბრძანა ამ სახლის აშენება.
- 17
ოქროსი და ვერცხლის წმიდა ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმის სახლიდან და დადო თავის საკერპოში, მეფე კიროსმა ბაბილონის ტაძრიდან გამოიტანა და გადასცა ზერუბაბელს და მთავარ შეშბაცარს.
- 18
ებრძანა მას დაებრუნებინა მთელი ჭურჭელი და დაედო იერუსალიმის ტაძარში და აეშენებინათ ღვთის ტაძარი მისსავე ადგილას.
- 19
მაშინ შეშბაცარი მოვიდა და დადო საფუძვეღი უფლის სახლისა იერუსალიმში, და იმ დროიდან დღემდე შენდება და არ დასრულებულა.
- 20
აწ, თუ ინებებ, მეფეო, მოიძიონ მეფე-ბატონის სამეფო წიგნთსაცავებში, რომლებიც ბაბილონშია:
- 21
თუ აღმოჩნდება, რომ მეფე კიროსის ნებით შენდებოდა უფლის სახლი იერუსალიმში და ნებავს ჩვენს მეფე-ბატონსაც, გვეუწყოს ამის შესახებ.
- 22
მაშინ ბრძანა მეფე დარიოსმა, ეძებნათ ბაბილონმი არსებულ სამეფო წიგნთსაცავებში და აღმოჩნდა ქალაქ ეკბატანაში, მიდიის ქვეყანაში, ერთი ნაწერი. რომელშიც მოხსენებული იყო შემდეგი:
- 23
კიროსის მეფობის პირველ წელს ბრძანა მეფე კიროსმა აეშენებინათ უფლის სახლი იერუსალიმში, სადაც სწირავენ მსხვერპლს ჩაუქრობელ ცეცხლზე.
- 24
სიმაღლით სამოცი წყრთა, სიგანით - სამოცი წყრთა, თლილი ქვის სამი სახლითა და ერთი ახალი სახლითურთ ადგილობრივი ხისაგან, ხოლო სახსარი გაიცეს კიროს მეფის სახლიდან.
- 25
უფლის სახლის წმინდა ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, რომელიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის სახლიდან წამოიღო ბაბილონში, დაუბრუნდეს იერუსალიმის სახლს, და სადაც შენახული იყო, იქ დაიწყოს.
- 26
ებრძანა სისინესს, სირიისა და ფინიკიის მთავარს, ბეთარ-ბოზნაის და მის თანამდგომთ. სირიასა და ფინიკიაში მმართველად განწესებულთ, რათა განეშორონ იმ ადგილებს და დაანებონ უფლის მორჩილს, ზერუბაბელს, იუდაელთა მთავარს, და იუდაელთა უხუცსებს უფლის სახლის შენება თავის ადგილზე.
- 27
ხოლო მე ვბრძანე სრულად აღაშენონ და თვალი მიადევნონ, რათა შეეწეოდნენ ტყვეობიდან გამოსულ იუდაელებს უფლის სახლის გასრულებამდე.
- 28
კოილე სირიისა და ფინიკიიდან შეკრებილი ხარკიდან გულმოდგინედ ეძლეოდეს ამ ხალხს საუფლო მსხვერპლისათვის, მთავარ ზერუბაბელს ზვარაკებისმ ვაცებისა და კრავებისათვის.
- 29
ასევე ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი განუწყვეტლივ ყოველწლიურად, როგორც იერუსალიმში მყოფი მღვდლები მოითხოვენ სახარჯად ყოველდღიურად, უსიტყვოდ.
- 30
რათა სწირავდნენ საღვრელს მაღალი ღმერთის წინაშე მეფისა და მისი შვილებისათვის და ლოცულობდნენ მათი სიცოცხლისათვის.
- 31
ბრძანა, თუკი ვინმე დაარღვევს რამეს ნათქვამში და დაწერილში, ან შეცვლის, აიღონ ძელი მისივე საკუთრებიდან და მასზე ჩამოჰკიდონ, ხოლო მისი საცხოვრებელი მეფეს გადაეცეს.
- 32
ამის გამო უფალი, ვის სახელსაც უხმობენ იქ, აღხოცავს ყველა მეფეს და ხალხს, რომელიც ხელს აღმართავს დასაბრკოლებლად ან ბოროტების ქმნად უფლის სახლის წინააღმდეგ იერუსალიმში.
- 33
მე მეფე დარიოსს დამიდგენია - იქმნას ურყევად ამის მიხედვით.