2 ეზრა 4
- 1
დაიწყო ლაპარაკი მეორემ, რომელიც მეფეთა სიძლიერეზე ამბობდა:
- 2
ო, კაცნო, ნუთუ ყველაზე ძლიერნი არ არიან ადამიანები, მპყრობელნი მიწისა და ზღვისა და ყოველივესი, რაც მათშია?
- 3
ხოლო მეფე ყოვლისმძლეველია და ბატონობს მათზე და მბრძანებლობს მათზე და რასაც მათ უბრძანებს, ყველაფერში ემორჩილებიან.
- 4
თუ ეტყვის შეებრძოლონ ერთმანეთს, შეასრულებენ; თუ გაგზავნის მტრების წინააღმდეგ, წავლენ და დასცემენ მთებსა და გალავნებს და ციხე-კოშკებს.
- 5
დაჰხოცენ და დაიხოცებიან, მეფის სიტყვას კი არ გადავლენ. თუ გაიმარჯვებენ, მეფესთან მოაქვთ, რასაც იალაფებენ, და სხვა ყველაფერი.
- 6
ხოლო რომელნიც ომში არ გადიან, არ იბრძვიან. არამედ მიწას ამუშავებენ, როცა თესლს ჩაჰყრიან, მომკილს კვლავ მეფეს მიართმევენ და ერთიმეორეს აიძულებენ ღალა მეფესთან მიიტანონ.
- 7
იგი ირთადერთია, რომელიც თუ ბრძანებს მოკვლას, მოჰკლავენ, ბრძანებს განტევებას, განუტევებენ.
- 8
ბრძანებს ცემას, სცემენ; ბრძანებს უდაბურყოფას, უდაბურჰყოფენ, ბრძანებს აშენებას, ააშენებენ;
- 9
თუ ბრძანებს მოჭრას, მოჭრიან, და ბრძანებს დარგვას, დარგავენ.
- 10
მთელი მისი ხალხი და მისი ჯარი ემორჩილება მას.
- 11
ამას გარდა, იგი წევს, ჭამს და სვამს და სძინავს, და ისინი იცავენ მას ყოველი მხრიდან და არ შეუძლიათ მიატოვონ და აკეთონ თავისი საქმე, ვერც შეეწინააღმდეგებიან მას.
- 12
ხოლო მესამემ, რომელიც დედაკაცებზე და ჭეშმარიტებაზე ამბობდა, - ეს ზორობაბელი იყო - დაიწყო ლაპარაკი.
- 14
კაცნო, ხომ დიდია მეფე, ხომ ბევრნი არიან ადამიანები, ხომ ძლევს ღვინო? მაგრამ ვინ მბრძანებლობს მათზე ან ვინ ბატონობს მათზე? განა არა დედაკაცნი?
- 15
დედანი ჰშობენ მეფეს და ყოველ კაცს, რომელიც მბრძანებლობს ზღვაზეც და მიწაზეც;
- 16
მათგან არიან შობილნი და ისინი აწოვებენ მათ, ვინც ვაზი დარგო, რომლისგანაც ღვინო წარმოიქმნება.
- 17
ისინი უმზადებენ ადამიანებს სამოსელს, უქმნიან მათ დიდებას, და არ ძალუძთ მამაკაცებს ყოფნა უდედაკაცოდ.
- 18
თუ შეკრებენ ოქროს და ვერცხლს და ყოველგვარ ძვირფას ნივთს და მერე დაინახავენ ქალს, მშვენიერს და ლამაზ შესახედავს,
- 19
ამას ყოველივეს თავს ანებებენ და მისკენ მიილტვიან და პირდაღებულნი შეჰყურებენ; ყველაფერს ურჩევნიათ ქალი - ოქრო-ვერცხლსაც და ყოველგვარ ძვირფასეულობას.
- 20
კაცი სტოვებს თავის გამზრდელ მამას, თავის ქვეყანას და თავის ცოლს ეწებება.
- 21
სულს სტოვებს ცოლთან, არც მამას გაიხსენებს, არც დედას და არც ქვეყანას.
- 22
აქედან უნდა იცოდეთ, რომ დედაკაცნი ბატონობენ თქვენზე: განა თქვენი ნაშრომი და ჭირნანული - ყველაფერი ცოლებთან არ მიგაქვთ და მათ არ აძლევთ?
- 23
აიღებს კაცი თავის მახვილს და ავაზაკობის გზას დაადგება, ძარცვავს და ქურდობს, დაცურავს ზღვასა და მდინარეებზე;
- 24
ლომსაც გადაეყრება და წყვდიადში იხეტიალებს. და რასაც კი მოიპარავს, წაგლეჯს და მიიტაცებს, საყვარელს მიუძღვნის.
- 25
კაცს თავისი ცოლი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მამა და დედა.
- 26
ბევრს დაუკარგავს გონება დედაკაცთათვის და მონებად ქცეულან მათ გამო.
- 27
მრავალნი დაღუპულან და შემცდარან, წარწყმედილან დედაკაცთა მიზეზით.
- 28
ნუთუ ახლაც არ გჯერათ ჩემი? განა დიდი არ არის ხელმწიფე თავისი ძალაუფლებით? განა მთელი ქვეყანა არ ეკრძალვის მასთან მიკარებას?
- 29
მინახავს მე იგი და აპამე, განთქმული ბარტაკოსის ასული, ხელმწიფის ხარჭა, მის მარჯვნივ მჯდომელი;
- 30
მეფეს გვირგვინს ხდიდა და თავად იდგამდა თავზე, მარცხენით კი მეფეს ლოყაზე სცემდა.
- 31
მეფე მაინც პირდაღებული შეჰყურებდა: თუ ქალი გაუცინებდა მას, მეფეც გაუცინებდა; თუ ქალი გაწყრებოდა, მასზე, მეფე ეფერებოდა მას, რომ შემოერიგებინა იგი.
- 32
ო, კაცნო, როგორღა არ არიან ძლიერნი დედაკაცნი, როცა ამას აღწევენ?
- 33
მაშინ მეფემ და დიდებულებმა ერთმანეთს გადახედეს.
- 34
მან კი დაიწყო საუბარი ჭეშმარიტებაზე: კაცნო, მაშ ძლიერნი არ არიან დედაკაცები? დიდია მიწა, მაღალია ცა, სწრაფი სრბოლით მზე. რადგან ერთ დღეში გარშემოივლის ცის სიმრგვალეს და კვლავ თავის ადგილზე მოიქცევა.
- 35
განა დიდი არ არის ის, ვინც ამას აკეთებს? დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია.
- 36
ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა. ცა მას აკურთხებს, ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო.
- 37
უსამართლოა ღვინო, უსამართლოა მეფე, უსამართლონი არიან დედაკაცნი, უსამართლოა ყოველი კაციშვილი, უსამართლოა ყოველი საქმე მათი. არ არის მათში სიმართლე და თავიანთ უსამართლობაში წარწყმდებიან.
- 38
ჭეშმარიტება კი რჩება და მძლავრობს სამარადისოდ, ცოცხლობს და ძალმოსილია უკუნითი უკუნისამდე.
- 39
არ არსებობს მისთვის მიკერძოება და გარჩევა, არამედ აჩენს სამართალს ყოველივე უსამართლოსი და ბოროტის განდევნით; ყველას მოსწონს მისი საქმეები და არაფერია მის სამართალში უსამართლო.
- 40
მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა.
- 41
და შეწყვიტა ლაპარაკი. მაშინ ხმა აღმოხდა მთელ ხალხს და თქვეს: დიდია ჭეშმარიტება და მძლეთამძლე.
- 42
მაშინ უთხრა მას მეფემ: ითხოვე, რაც გსურს დაწერილზე მეტი და მოგეცემა, რადგანაც უბრძენესი აღმოჩნდი ყოველთა შორის. იჯდები ჩემს გვერდით და ჩემი ნათესავი გეწოდება.
- 43
უთხრა მაშინ მეფეს: გაიხსენე აღთქმა, რომელიც დასდე იერუსალიმის აღსაშენებლად იმ დღეს, როდესაც მეფობა მიიღე,
- 44
რომ უკან გააბრუნებდი იერუსალიმიდან წამოღებულ ყველა ჭურჭელს, რომელიც კიროსმა გამოიტანა, როდესაც ფიცი დასდო, რომ მოაოხრებდა ბაბილონს და ყველაფერს უკან დააბრუნებდა.
- 45
შენც დადებული გაქვს, რომ ააშენებ ტაძარს, რომელიც ედომელებმა დაწვეს, როდესაც მოოხრდა იუდა ქალდეველთაგან.
- 46
ახლა ამას მოვითხოვ, მეფე-ბატონო, და გევედრები - ესაა შენი სიდიადე: გევედრები, შეასრულო შენი პირისაგან გამოსული დანაპირები, რომელიც აღუთქვი ზეციურ მეფეს.
- 47
მაშინ წამოდგა მეფე დარიოსი, აკოცა მას და მიუწერა წერილები ყველა მმართველს და მხარეთა განმგებელს, მხედართმთავრებს და სატრაპებს, რათა გაისტუმრონ იგი და ყველა, ვინც მასთან ერთად მიდის იერუსალიმის აღსაშენებლად.
- 48
კოილე სირიისა და ფინიკის ყველა განმგებელს და ლიბანში მყოფთ მისწერა წერილები, მოზიდონ ლიბანიდან კედარის ძელები იერუსალიმში და მით ააშენონ ქალაქი.
- 49
მისწერა სამეფოდან იუდაში წამსვლელი ყველა იუდაელის განთავისუფლების შესახებ, რათა არცერთი უფლებამოსილი და სატრაპი, მხარეთა განმგებელი და მმართველი არ მიადგეს მათ კარს,
- 50
და მთელი მხარე, რომელსაც ფლობენ, ხარკისაგან გათავისუფლდეს, და რომ ედომელებმა დასტოვონ იუდაელთა სოფლები, რომლებიც მათ უჭირავთ.
- 51
მიეცეს ტაძრის ასაშენებლად ყოველწლიურად ოცი ტალანტი, ვიდრე არ დასრულდება შენება.
- 52
ხოლო სამსხვერპლოზე მისატანი ყოველდღიური აღსავლენისათვის დაწესებული ჩვიდმეტის გარდა გაეცეთ ათი ტალანტი ყოველწლიურად.
- 53
ყველა, ვინც გაემართა ბაბილონიდან ქალაქის ასაშენებლად, გათავისუფლდეს, ისინიც და მათი შვილებიც და ყველა მიმავალი მღვდელი.
- 54
მისწერა აგრეთვე სახსრისათვის და სამღვდელო სამოსელისთვის, რომელშიც შეასრულებენ იქ მღვდელმსახურებას.
- 55
ლევიანებს მიუწერა გასცენ სახსარი იმ დღემდე, ვიდრე არ დასრულდება სახლი და არ აშენდება იერუსალიმში.
- 56
მისწერა, რომ მისცემოდა ქალაქის ყველა მცველს კუთვნილი წილი და საზრდო.
- 57
დააბრუნა ყველა ჭურჭელი, რომელიც კიროსმა გაიტანა ბაბილონიდან; და ყოველივე, რის გაკეთებაც ბრძანა კიროსმა, მანაც ბრძანა აღსასრულებლად და იერუსალიმში წარსაგზავნად.
- 58
ხოლო როდესაც გამოვიდა ჭაბუკი, აღაპყრო პირი ზეცისაკენ იერუსალიმის მხარეს, ადიდა უფალი ზეციერი და წარმოსთქვა:
- 59
შენია ძლევა და შენია სიბრძნე, შენია დიდება, მე კი მონა ვარ შენი.
- 60
კურთხეული ხარ, რომელმაც მომანიჭე მე სიბრძნე; გმადლობ, შენ, ჩვენი მამა-პაპის უფალო.
- 61
წაიღო წერილები და მივიდა ბაბილონში და ახარა თავის ძმებს, ყველას.
- 62
ადიდებდნენ თავიანთ მამა-პაპის ღმერთს, რომ დაიხსნა ისინი და მისცა ნება,
- 63
წასულიყვნენ და აეშენებინათ იერუსალიმი და ტაძარი, რომელსაც ეწოდა სახელი მისი. ზეიმობდნენ მუსიკით და სიხარულით შვიდ დღეს.