2 ეზრა 3
- 1
მეფე დარიოსმა გაუმართა დიდი ლხინი ყველა თავის ქვეშევრდომს, ყველა თავის სახლეულს და მიდიისა და სპარსეთის ყველა დიდებულს,
- 2
ყველა სატრაპს და მხედართმთავარს ქვეშევრდომი ქვეყნების განმგებელთ ინდოეთიდან ეთიოპიამდე ას ოცდაშვიდ სამთავროში.
- 3
ჭამეს და სვეს და კმაყოფილნი დაიშალნენ, ხოლო მეფე დარიოსი შევიდა საძინებელში, დაიძინა და მერე გაღვიძა.
- 4
მაშინ სამმა ჭაბუკმა, მცველებმა, რომლებიც მეფის სხეულს იცავდნენ უთხრეს ერთმანეთს:
- 5
ვთქვათ თითოეულმა ჩვენთაგანმა თითო სიტყვა, - ვინც აჯობებს, და რომლის ნათქვამიც მეორისაზე ბრძნული აღმოჩნდება, მისცეს მას მეფე დარიოსმა დიდძალი საბოძვარი და დიდი ჯილდო.
- 6
პორფირით შეიმოსოს და ოქროს სასმისით სვამდეს, ოქროზე ეძინოს და ჰქონდეს ეტლი ოქროსაღვირიანი და თავსაბურავი ბისონისა, და მანიაკი ყელზე.
- 7
დაჯდეს დარიოსის გვერდით თავისი სიბრძნის გამო და დარიოსის ნათესავად იწოდებოდეს.
- 8
მაშინ თითოეულმა დაწერა თავისი სიტყვა, დაბეჭდა და დასდო მეფე დარიოსის სასთუმალთან.
- 9
როცა გაიღვიძებს მეფე, მისცემენ მას წერილებს და ვის სიტყვასაც მიიჩნევს უბრძნესად მეფე და სამი სპარსელი დიდებული, მას მიეცეს ძლევა, როგორც წერია.
- 10
ერთმა დაწერა: უძლიერესია ღვინო.
- 11
მეორემ დაწერა: უძლიერესია მეფე.
- 12
მესამემ დაწერა: უძლიერესნი არიან დედაკაცნი, ხოლო ყოველივეს სძლევს ჭეშმარიტება.
- 13
როდესაც მეფემ გაიღვიძა, აიღეს და მისცეს მას დაწერილი და წაიკითხა,
- 14
და დაიბარა ყველა დიდებული სპარსეთისა და მიდიისა, და სატრაპნი და მხედართმთავარნი, მხარეების გამგებელნი და მრჩეველნი და დაჯდა სამსჯავროში, და მათ წინაშე წაკითხულ იქნა დაწერილი.
- 15
თქვა: მოუხმეთ ჭაბუკებს და განმარტონ თავიანთი სიტყვები. დაძახებულ იქნენ და მოვიდნენ.
- 16
უთხრა მათ: გვაუწყეთ დაწერილთა შესახებ.
- 17
დაიწყო პირველმა, რომელიც ღვინის ძლიერებაზე ამბობდა, და თქვა ასე:
- 18
კაცნო, როგორ სძლევს ღვინო ყოველივეს? ყოველ ადამიანს ებინდება გონება, ვინც მას დალევს.
- 19
ერთ ჭკუაზე აყენებს მეფეს და ობოლს, მონასა და თავისუფალს, ღატაკსა და მდიდარს.
- 20
ყოველ გონებას მოაქცევს ლხინისა და სიხარულისკენ და არ ახსენდება არავითარი მწუხარება და არავითარი მოვალეობა.
- 21
ყოველი გულს აქცევს მდიდრად და არავის ახსოვს არც მეფე და არც სატრაპი და ყველას თავის ტალანტზე ალაპარაკებს.
- 22
არ ახსოვთ, როცა თვრებიან, მეგობრებისა და ძმების სიყვარული და არც ისე იშვიათად იშიშვლებენ მახვილს.
- 23
როცა გამოფხიზლდებიან ღვინისაგან, აღარ ახსოვთ, რა მოიმოქმედეს.
- 24
ო, კაცნო, როგორღა არ არის ღვინო უძლიერესი, როცა აიძულებს ასე მოიქცნენ. თქვა ეს და დადუმდა.