მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ებრაელთა 8

  1. 1

    ამ ნათქვამიდან კი ესაა მთავარი: გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში.

  2. 2

    ის არის მსახური წმიდაიში და ჭეშმარიტი კარვისა, უფალმა რომ ააშენა და არა ადამიანმა.

  3. 3

    ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირად; ამიტომ საჭიროა თავისთვისაც ჰქონდეს რაიმე, რომ შესწიროს.

  4. 4

    ხოლო, თუ ქვეყანაზე დარჩებოდა, აღარ იქნებოდა მღვდელი, ვინაიდან აქ არიან მღვდლები, რომლებიც რჯულის თანახმად სწირავენ ძღვენს;

  5. 5

    რომლებიც ემსახურებიან ზეციურ ანარეკლსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს, როცა იგი შეუდგა კარვის გასრულებას. აკი ეუბნება: "იხილე და გააკეთე ყოველივე იმის მსგავსად, რაც მთაზე გეჩვენა”.

  6. 6

    ახლა კი უპირატესი მსახურება მიიღო, რამდენადაც იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია, უკეთეს დაპირებებზე რომ არის დადგენილი.

  7. 7

    ვინაიდან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისთვის ადგილს აღარ მოიძიებდნენ.

  8. 8

    ვინაიდან უთხრა მათ ყვედრებით: "აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი - და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს.

  9. 9

    ისეთ აღთქმას კი არა, როგორიც მათ მამებს დავუდე, იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა; ვინაიდან არ დარჩენილან ჩემს აღთქმაში და მეც უგულებელვყავი ისინი - ამბობს უფალი.

  10. 10

    აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ - ამბობს უფალი - ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და იქნებიან ჩემს ერად.

  11. 11

    აღარ ასწავლის თითოეული თავის მოძმეს და არ ეტყვის თითოეული თავის ძმას: შეიცან უფალი, რადგან ყველა მათგანი, დიდიან-პატარიანად, შემიცნობს მე,

  12. 12

    ვინაიდან შევუნდობ მათ უმართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ”.

  13. 13

    რაკი თქვა "ახალიო”, ამით დააძველა პირველი, ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოა მოსპობასთან.