ებრაელთა 7
- 1
ვინაიდან ეს მელქისედეკი, სალიმის მეფე, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაჰამს, როდესაც მეფეთა განადგურების შემდეგ ბრუნდებოდა, და აკურთხა იგი.
- 2
რომელსაც ყველაფრის მეათედი უწილადა აბრაჰამმა. უწინარეს ყოვლისა, მისი სახელი ნიშნავს სიმართლის მეფეს, შემდეგ სალიმის მეფეს ანუ მშვიდობის მეფეს.
- 3
უმამოს, უდედოს, უგვარტომოს, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული; ღმერთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ.
- 4
შეხედეთ ახლა, რამდენად დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაჰამმაც კი უწილადა თავისი ნადავლის მეათედი.
- 5
მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნებადა აქვთ მეათედის აღება ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისგან, თუმცა ისინიც აბრაჰამის საზარდულიდან გამოვიდნენ.
- 6
ის კი მათი გვარიდან არ არის, მაგრამ მაინც მიიღო მეათედი აბრაჰამისგან და აკურთხა აღთქმის მქონე.
- 7
ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება.
- 8
აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი ის, ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია.
- 9
და ასე ვთქვათ, თვით ლევიმაც კი, რომელიც მეათედს ღებულობს, აბრაჰამის მეშვეობით გაიღო მეათედი.
- 10
ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მელქისედეკი შეეგება.
- 11
მაშ, ლევიანური მღვდელმსახურებით რომ მიიღწეოდეს სრულქმნა (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით, ნაცვლად იმისა, რომ აჰარონის წესით წოდებულიყო?
- 12
რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც.
- 13
ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, საიდანაც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს;
- 14
რადგან ცხადია, რომ ჩვენი უფალი იუდასგან ამობრწყინდა, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს.
- 15
და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქისედეკის მსგავსად აღდგება სხვა მღვდელი,
- 16
რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არ არის მღვდელი, არამედ უსასრულო სიცოცხლის ძალით.
- 17
ვინაიდან დამოწმებულია: "შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.
- 18
ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უსუსურობისა და უსარგებლობის გამო,
- 19
ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი იმედი, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.
- 20
და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, -
- 21
ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: "დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.
- 22
ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდები გახდა იესო.
- 23
გარდა ამისა, მღვდლები ბევრნი იყვნენ, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში.
- 24
ხოლო მას, იმის გამო, რომ უკუნისამდე რჩება, მარადიული მღვდლობა აქვს.
- 25
ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან მარად ცოცხალია, რათა უშუამდგომლოს მათ.
- 26
ასეთი მღვდელმთავარი გვესაჭიროება ჩვენ: წმიდა, უბრალო, უმანკო, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზემოთ ამაღლებული,
- 27
რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისთვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისთვის; ვინაიდან ეს მან ერთხელ და სამუდამოდ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა.
- 28
ვინაიდან რჯული უძლურ ადამიანებს ადგენს მღვდელმთავრებად, ხოლო რჯულის შემდგომ მოსულმა ფიცის სიტყვამ დაადგინა ძე, უკუნისამდე სრულქმნილი.