ტიტე 3
- 1
შეახსენე მათ - დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.
- 2
არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი და მუდამ თვინიერნი ყველა ადამიანის მიმართ.
- 3
ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ღვარძლითა და შურით ვცხოვრობდით, საძულველნი ვიყავით და ერთიმეორის მოძულენი.
- 4
ხოლო, როცა გამოჩნდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სიკეთე და კაცთმოყვარეობა,
- 5
მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,
- 6
რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ;
- 7
რათა მისი მადლით გამართლებულები, საუკუნო ცხოვრების მემკვიდრენი გავხდეთ, რისი იმედიც გვაქვს.
- 8
სარწმუნოა ეს სიტყვა და მსურს, რომ მტკიცედ ილაპარაკო ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას; ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის.
- 9
სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე, ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.
- 10
განხეთქილების შემომტანს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე,
- 11
იცოდე, რომ ასეთმა კაცმა გზიდან გადაუხვია და სცოდავს; და თავისივე თავის მიერ არის მსჯავრდებული.
- 12
არტემასს და ტვიქიკოსს რომ გამოგიგზავნი, ჩემკენ გამოეშურე ნიკოპოლისს, ვინაიდან აქ გადავწყვიტე გამოზამთრება.
- 13
გულმოდგინედ დაეხმარე რჯულის მცოდნე ზენასს და აპოლოს, რომ არაფერი დააკლდეთ გზაში.
- 14
ჩვენიანებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ.
- 15
ყველა ჩემთან მყოფი მოგიკითხავს. მოკითხვა, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი თქვენთან ყველასთან, ამინ!