ტიტე 2
- 1
შენ ის ილაპარაკე, რაც საღ მოძღვრებას შეჰფერის,
- 2
რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში.
- 3
ხნიერი ქალებიც - ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მოძღვარნი,
- 4
რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული,
- 5
გონიერება, სისუფთავე, ოჯახზე ზრუნვა, სიკეთე, ქმრის მორჩილება, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.
- 6
ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ გონიერნი იყვნენ.
- 7
ყველაფერში კეთილი საქმეების ნიმუშად გამოიჩინე თავი: მოძღვრებაში შეურყვნელმა და ღირსეულმა,
- 8
სიტყვა გქონდეს საღი და წუნდაუდებელი, რათა შერცხვეს მოწინააღმდეგეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე.
- 9
მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს ყველაფერში, მოსაწონნი იყვნენ და არა მოკამათენი,
- 10
არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყოველნაირად შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება.
- 11
ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია,
- 12
რომელიც გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთობა და ამქვეყნიური გულისთქმანი, და გონივრულად, სიმართლითა და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში.
- 13
ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,
- 14
ვინც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისგან და თავისთვის განეწმიდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეებს მოწყურებული.
- 15
ეს ელაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალაუფლებით და ნურც უგულებელგყოს ვინმემ.