დაბადება 40
- 1
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ შესცოდეს თავიანთ ბატონს ეგვიპტის ფარაონის მწდემ და მეპურემ.
- 2
და განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს: მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესს.
- 3
შეაგდო ისინი საპყრობილეში, მცველთა უფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დაპატიმრებული.
- 4
იოსები მიუჩინა მათ მცველთა უფროსმა და ისიც ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.
- 5
ერთ ღამეს სიზმარი ესიზმრა ორთავეს - თითოეულს საკუთრივ განსამარტი: მწდეთუხუცესსაც და მეპურეთუხუცესსაც.
- 6
მივიდა დილით იოსები მათთან და ხედავს, აჰა, დაღვრემილნი არიან.
- 7
ჰკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად: "რატომ ხართ დაღვრემილნი”?
- 8
უთხრეს: "სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ ამხსნელი არავინაა”. უთხრა იოსებმა: "განა უფლისაგან არ არის ახსნა? მე მიამბეთ”.
- 9
უამბო მწდეთუხუცესმა თავისი სიზმარი იოსებს და უთხრა: "სიზმარში ვხედავ, აჰა, ვაზია ჩემ წინაშე.
- 10
სამი ლერწი ჰქონდა; როგორც კი გაიფურჩქნა, კვირტები გამოიღო და მტევნები დამწიფდა.
- 11
ხელთ ფარაონის ფიალა მეჭირა; ავიღე ყურძენი, ფიალაში ჩავწურე და ფარაონს მივართვი”.
- 12
უთხრა იოსებმა: "ეს არის მისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა.
- 13
სამი დღის შემდეგ აგამაღლებს ფარაონი და დაგაბრუნებს ძველ თანამდებობაზე; და კვლავ მიართმევ ფიალას ფარაონს უწინდელივით, როცა მისი მწდე იყავი.
- 14
ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად წაგივა საქმე; ქენი სიკეთე, გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან.
- 15
რადგან ებრაელთა ქვეყნიდან მომიპარეს და აქაც ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ დილეგში ვიჯდე”.
- 16
დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა სიზმარი იოსებმა და უთხრა: "მეც ვნახე სიზმარი: აჰა, პურის სამი მოწნული კალათა მადგას თავზე.
- 17
ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი; და ფრინველი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან”.
- 18
მიუგო იოსებმა: "ესაა მისი ახსნა: სამი კალათი სამი დღეა;
- 19
სამი დღის შემდეგ თავს მოგკვეთს ფარაონი და ხეზე ჩამოგკიდებს; შენს ხორცს კი ფრინველი დაძიძგნის”.
- 20
მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო. ნადიმი გამართა ფარაონმა თავისი მსახურებისთვის და მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესიც გაიხსენა.
- 21
დააბრუნა მწდეთუხუცესი ძველ თანამდებობაზე; და კვლავ მიართმევდა ფარაონს ფიალას;
- 22
ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოკიდა, როგორც განუმარტა მას იოსებმა.
- 23
და არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, რადგან დაავიწყდა.