დაბადება 39
- 1
ეგვიპტეში ჩაიყვანეს იოსები და იყიდა იგი ისმაელიანთაგან ეგვიპტელმა ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა და მცველთა უფროსმა.
- 2
არ მიუტოვებია უფალს იოსები და ხელი ემართებოდა ყველაფერში. თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში ცხოვრობდა იგი.
- 3
და იხილა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და ხელს უმართავდა ყველაფერში, რასაც აკეთებდა.
- 4
მადლი ჰპოვა იოსებმა მის თვალში და ემსახურებოდა მას. დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მას ჩააბარა მთელი თავისი საბადებელი.
- 5
მას შემდეგ, რაც თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა, აკურთხა უფალმა იმ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და კურთხეული იყო უფლისგან მთელი მისი ქონება სახლში თუ მინდვრად.
- 6
იოსებს მიანდო მთელი თავისი ქონება, თვითონ კი აღარაფერზე ფიქრობდა ჭამა-სმის გარდა. მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად.
- 7
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: "დაწექი ჩემთან”.
- 8
მაგრამ იუარა იოსებმა და უთხრა ბატონის ცოლს: "ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა გააჩნია, რადგან მთელი თავისი ქონება მე ჩამაბარა.
- 9
ამ სახლში ჩემზე დიდი არავინაა; არაფერი ამიკრძალა შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევცოდო ღმერთს?”
- 10
და ყოველდღე სთავაზობდა ქალი იოსებს, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაიყოლია იოსები.
- 11
რთ დღეს იოსები თავის საქმეზე შევიდა სახლში; შინ არავინ იყო სახლეულიდან;
- 12
ჩაეჭიდა ქალი იოსებს სამოსელში და უთხრა: "წამოდი, დაწექი ჩემთან!” და ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი, გაიქცა და გარეთ გავარდა.
- 13
დაინახა რა ქალმა, რომ ხელში შეატოვა სამოსელი იოსებმა და გარეთ გაიქცა,
- 14
დაუძახა თავის სახლის კაცებს და უთხრა: "შეხედეთ, ჩვენს დასაცინად მოგვიყვანა ებრაელი კაცი! ჩემთან დასაწოლად შემოვიდა, მაგრამ მე დიდი ხმით ვიყვირე;
- 15
ჩემი კივილი რომ გაიგონა, მიატოვა სამოსელი და გაიქცა”.
- 16
გვერდით დაიდო ქალმა ბატონის შინ დაბრუნებამდე იოსების ტანსაცმელი.
- 17
და ასე უამბო ქმარს ეს ამბავი: "შენი მოყვანილი ებრაელი მონა, ჩემთვის პატივის ასახდელად შემოვიდა!
- 18
ხმა რომ ავიმაღლე და ვიკივლე, სამოსელი ჩემთან მიატოვა და გარეთ გაიქცა!”
- 19
როცა მოისმინა იოსების ბატონმა ცოლის ნათქვამი: შენი მონა ასე მომექცაო! ძალიან განრისხდა.
- 20
წაიყვანა ბატონმა იოსები და ჩააგდო საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეულნი. და იყო იგი იქ, საპყრობილეში.
- 21
მაგრამ უფალი იყო იოსებთან, წყალობა მოჰფინა მას და მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.
- 22
იოსებს ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი და ის გახდა ყველაფრის განმგებელი, რასაც საპყრობილეში აკეთებდნენ.
- 23
აღარაფერზე ზრუნავდა საპყრობილის უფროსი, რადგან უფალი იყო იოსებთან და რა საქმესაც მოკიდებდა ხელს, ყველაფერში წარმატებას ანიჭებდა უფალი.