დაბადება 28
- 1
მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაავალა: "ცოლი ქანაანის ასულთაგან არ შეირთო.
- 2
წადი შუამდინარეთში, დედაშენის მამის, ბეთუელის სახლში, და დედაშენის ძმის, ლაბანის ასულთაგანი შეირთე ცოლად;
- 3
ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს, გაგამრავლოს და გაქციოს მრავალრიცხოვან ხალხებად.
- 4
მოგცეს შენ აბრაჰამის კურთხევა, შენ და შენს შთამომავლობას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაჰამს”.
- 5
გაგზავნა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან შუამდინარეთში, არამელი ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.
- 6
დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და შუამდინარეთში ცოლის შესართავად გაგზავნა და რომ კურთხევისას უთხრა: "არ შეირთო ცოლი ქანაანის ასულთაგან”.
- 7
და რომ გაუგონა იაკობმა თავის დედ-მამას და წავიდა შუამდინარეთში.
- 8
დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ასულები.
- 9
წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაჰამის ძის, ისმაელის ასული, და ნებაიოთისა, სხვა ცოლების გვერდით.
- 10
წავიდა იაკობი ბეერ-შებაყიდან და ხარანისკენ გაემართა.
- 11
მიადგა ერთ ადგილს და რაკი მზე ჩაესვენა, ღამე იქ გაათია. აიღო ერთი ქვა იმ ადგილიდან, სასთუმლად დაიდო და დაწვა იმ ადგილას.
- 12
და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თხემი ზეცას სწვდებოდა; ზედ კი უფლის ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ.
- 13
აჰა, უფალი იდგა მასზე და უთხრა: "მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაჰამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. მიწას, რომელზეც წევხარ, შენ და შენს თესლს მოგცემთ.
- 14
ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება შენი თესლი, განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით; და შენით და შენი შთამომავლობით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი.
- 15
შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ იმას, რაც გითხარი”.
- 16
გაიღვიძა იაკობმა და თქვა: "ჭეშმარიტად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!”
- 17
შეშინდა და თქვა: "რა გასაოცარი ადგილი ყოფილა! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ღვთის სახლი და ზეცის კარიბჭე!”
- 18
ადგა იაკობი დილაადრიან, აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა.
- 19
და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი - ღვთის სახლი; მანამდე კი ლუზი ერქვა იმ ქალაქს.
- 20
დადო იაკობმა აღთქმა და თქვა: "თუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიცავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგავარ, მომცემს პურს საჭმელად, სამოსს შესამოსად
- 21
და მშვიდობით დამაბრუნებს მამაჩემის სახლში, მაშინ უფალი იქნება ჩემი ღმერთი.
- 22
და ეს ქვა, რომელიც აღვმართე სვეტად, ღვთის სახლი იქნება და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი”.