დაბადება 27
- 1
როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი ისე, რომ ვეღარ ხედავდა, მოუხმო მან ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: "შვილო ჩემო!” და უპასუხა: "აქა ვარ”.
- 2
უთხრა: "მოვხუცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები;
- 3
აიღე შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, წადი ველად და მოინადირე ჩემთვის ნადირი.
- 4
მომიმზადე ჩემი საყვარელი კერძი და მაჭამე, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა სანამ მოვკვდები”.
- 5
ესმოდა რებეკას, როცა ისაკი ელაპარაკებოდა ესავს, თავის ძეს. და გასწია ესავმა ველად სანადიროდ, მამისთვის ნანადირევის მოსატანად.
- 6
და უთხრა რებეკამ იაკობს, თავის ძეს: "მოვისმინე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა ესავს, შენს ძმას; ასე უთხრა:
- 7
"მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის წინაშე, სანამ ცოცხალი ვარ”.
- 8
ახლა, მომისმინე შვილო, და ჩემი ბრძანებისამებრ მოიქეცი:
- 9
წადი და ფარიდან ორი კარგი თიკანი მომიყვანე; და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, ისეთს, მას რომ უყვარს.
- 10
და მიართმევ მამაშენს, რომ ჭამოს, რათა შენ გაკურთხოს სიკვდილის წინ”.
- 11
უთხრა იაკობმა რებეკას, დედამისს: "ჩემი ძმა ესავი ბალნიანი კაცია, მე კი უბალნო ვარ.
- 12
ხელი რომ შემახოს მამაჩემმა, მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში და კურთხევას კი არა წყევლას დავიტეხ თავზე”.
- 13
უთხრა დედამისმა: "ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე, წადი და მომიყვანე”.
- 14
წავიდა და დედამისს ორი თიკანი მიუყვანა. და ისე მოამზადა კერძი დედამისმა, როგორც მამამისს უყვარდა.
- 15
აიღო რებეკამ ესავის, თავისი უფროსი ძის, საუკეთესო სამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და შემოსა იაკობი, უმცროსი ძე;
- 16
ხელებსა და ტიტველ კისერზე კი თიკნის ტყავი შემოაცვა.
- 17
და მისცა ხელში იაკობს თავის მომზადებული კერძი და პური.
- 18
მივიდა იგი მამასთან და უთხრა: "მამა!” მიუგო: "აქა ვარ, რომელი ხარ, შვილო?”
- 19
უთხრა იაკობმა მამამისს: "მე ვარ, ესავი, შენი პირმშო; შეგისრულე თხოვნა, წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა”.
- 20
უთხრა ისაკმა თავის ძეს: "რა მალე მოგინადირებია, შვილო!” მიუგო: "უფალი, შენი ღმერთი შემეწია”.
- 21
უთხრა ისაკმა იაკობს: "მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო, შვილო, მართლა ჩემი ძე ესავი ხარ თუ არა”.
- 22
და მიუახლოვდა იაკობი ისაკს, მამამისს. მან ხელი შეახო და თქვა: "ეს ხმა იაკობის ხმაა, მაგრამ ხელები ესავის, მისი ძმისაა;
- 23
ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა. და აკურთხა იგი.
- 24
ჰკითხა: "ეს შენ ხარ ჩემი ძე ესავი?” მიუგო: "მე ვარ!”
- 25
უთხრა: "მომაწოდე და შევჭამ ჩემი შვილის ნანადირევს, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა”. მიაწოდა იაკობმა და ჭამა; ღვინოც მიუტანა და ისიც დალია.
- 26
უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: "მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო”.
- 27
მივიდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსის სურნელი, აკურთხა იგი და თქვა: "აი, სურნელი ჩემი ძისა, ვით ველის სურნელი, რომელიც აკურთხა უფალმა.
- 28
მოგცეს ღმერთმა ცის ცვარი, მიწის ნოყიერება, უხვი ხორბალი და ღვინო.
- 29
გემსახურონ ხალხები და თაყვანს გცემდნენ ერები; იბატონე შენს ძმებზე, თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა; წყეულიმც იყოს შენი მაწყევარი და კურთხეულ იყოს შენი მაკურთხებელი”.
- 30
როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, ჯერ კიდევ არ გასულიყო იაკობი მამამისისგან და ესავი, მისი ძმაც, დაბრუნდა ნადირობიდან.
- 31
მანაც მოამზადა საჭმელი, მიართვა მამამისს და უთხრა: "ჭამოს მამაჩემმა თავისი ძის ნანადირევი და მაკურთხოს მისმა სულმა”.
- 32
ჰკითხა ისაკმა, მამამისმა: "ვინ ხარ?” მან მიუგო: "მე ვარ, შენი ძე, პირმშო - ესავი”.
- 33
ფრიად შეძრწუნდა ისაკი და თქვა: "ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომართვა და შენს მოსვლამდე მაჭამა? ის ვაკურთხე და ის იქნება კურთხეული”.
- 34
რომ გაიგონა ესავმა მამის სიტყვები, შეჰყვირა ძალზე დიდი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: "მეც მაკურთხე, მამაჩემო!”
- 35
უთხრა ისაკმა: "ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა”.
- 36
თქვა ესავმა: "ამიტომაც ჰქვია სახელად იაკობი, რადგან უკვე ორჯერ მომატყუა: ჯერ პირმშოობა წამართვა, ახლა კი ჩემი კურთხევაც მიუთვისებია!” ჰკითხა: "ნუთუ ჩემთვის არ შეგინახავს კურთხევა?”
- 37
და უთხრა ისაკმა ესავს: "ბატონად დაგიყენე იგი, მსახურებად მივეცი ძმები, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, შვილო?”
- 38
ჰკითხა ესავმა მამას: "მამაჩემო, ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა? მეც მაკურთხე, მამაჩემო!” და აღიმაღლა თავისი ხმა ესავმა, და აქვითინდა.
- 39
მიუგო ისაკმა, მამამისმა: "ნოყიერი მიწისაგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი, შორს ცის ცვარისაგან.
- 40
შენი მახვილით იცხოვრებ, შენს ძმას მოემსახურები; და იქნება როცა აღუდგები, გადაიგდებ მის უღელს ქედიდან”.
- 41
შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისთვის, რომლითაც მამამ აკურთხა. და თქვა გულში: "ახლოვდება მამაჩემზე გლოვის დღეები და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს”.
- 42
ეუწყა რებეკას ესავის, თავისი უფროსი ძის, ნათქვამი, მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს და უთხრა: "აჰა, ესავი, შენი ძმა, შენი მოკვლით ინუგეშებს თავს!
- 43
ახლა მისმინე, შვილო, ხარანში გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან.
- 44
ერთხანს მასთან დაბინავდი, ვიდრე შენი ძმის გულისწყრომა დაცხრება.
- 45
შენი ძმის რისხვა რომ დაცხრება და შენს საქციელს დაივიწყებს, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან: ორივე ერთ დღეს რატომ დაგკარგოთ?”
- 46
უთხრა რებეკამ ისაკს: "სიცოცხლე შემაძულეს ხეთელმა ასულებმა; და თუ იაკობიც ხეთელ ქალს მოიყვანს ცოლად, რაღა იქნება ჩემი სიცოცხლე?”