გალატელთა 1
- 1
პავლე, მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთის მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი,
- 2
და ჩემთან მყოფი ყველა ძმა - გალატიის ეკლესიებს:
- 3
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან,
- 4
რომელმაც ჩვენი ცოდვებისთვის მისცა თავი, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი ქვეყნიერებისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით,
- 5
რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- 6
მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე იმისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით.
- 7
თუმცაღა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შემოაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება.
- 8
მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, წყეულიმც იყოს იგი.
- 9
როგორც უკვე ვთქვით, ახლა კიდევ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ არა ის, რაც მიიღეთ, წყეულიმც იყოს.
- 10
ახლა ადამიანების დარწმუნებას ვცდილობ თუ ღმერთისას? თუ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მსახური აღარ ვიქნებოდი.
- 11
ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებ, ადამიანური არ არის.
- 12
ვინაიდან არც მე მიმიღია და მისწავლია იგი ადამიანისგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
- 13
რადგან გსმენიათ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდევლობაში, რა სასტიკად ვდევნიდი და ვარბევდი ღვთის ეკლესიას.
- 14
მრავალ ჩემი ასაკის თანატომელს აღვემატებოდი იუდეველობაში, რადგან მამების გადმოცემების დიდად მოშურნე ვიყავი.
- 15
ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით,
- 16
გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რათა წარმართებისთვის მეხარებინა იგი; მყისვე როდი ვეთათბირე ხორცსა და სისხლს.
- 17
არც იერუსალიმში ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბეთში წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოში.
- 18
მერე, სამი წლის შემდეგ, ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.
- 19
სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, გარდა უფლის ძმის, იაკობისა.
- 20
გარწმუნებთ ღვთის წინაშე რომ, რასაც გწერთ სიცრუე არ არის.
- 21
ამის შემდეგ წავედი სირიისა და კილიკიის ქვეყნებში.
- 22
მაგრამ იუდეაში ქრისტეს ეკლესიებისთვის პირადად არ ვიყავი ცნობილი.
- 23
მხოლოდ ის სმენოდათ, რომ კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა იმ რწმენას ახარებს, რომელსაც ადრე ებრძოდაო,
- 24
და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.