2 კორინთელთა 13
- 1
ეს მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.
- 2
თქვენთან ჩემი მეორედ ყოფნის დროსაც ვთქვი და ახლაც, თუმცა მანდ არ ვარ, წინასწარ ვეუბნები მათ, ვინც ადრე შესცოდა და ყველა დანარჩენსაც, რომ თუ კვლავ მოვალ, არავის დავინდობ.
- 3
რაკიღა იმის მტკიცებას ეძებთ, ლაპარაკობს თუ არა ჩემში ქრისტე, რომელიც უძლური არ არის თქვენ მიმართ, არამედ ძლიერია თქვენ შორის.
- 4
რადგან, თუმცა უძლურებაში იყო ჯვარცმული, ცოცხალია ღვთის ძლიერებით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძლიერებით, მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.
- 5
საკუთარი თავი შეამოწმეთ, ხართ თუ არა რწმენაში. საკუთარი თავი გამოსცადეთ. ნუთუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა, გამოუცდელნი ხართ.
- 6
მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი.
- 7
ვლოცულობთ ღვთისადმი, რომ არავითარი ბოროტება არ ჩაიდინოთ, არა იმისთვის, რომ ჩვენ გამოვჩნდეთ გამოცდილნი, არამედ იმიტომ, რომ კეთილს აკეთებდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვჩანდეთ.
- 8
ვინაიდან ძალა გვაქვს ჭეშმარიტების სასარგებლოდ და არა ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ.
- 9
რადგან ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი; სწორედ ამისთვის ვლოცულობთ, რომ სრულყოფას ესწრაფვოდეთ.
- 10
ამ მიზეზით გწერთ ამას შორიდან, რათა მანდ მოსვლისას მკაცრად არ მოვიქცე, იმ ძალაუფლების მიხედვით, რომელიც უფალმა მომცა ასაშენებლად და არა დასანგრევად.
- 11
და ბოლოს, ძმებო, იხარეთ და სრულყოფას მისდიეთ, ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, იცხოვრეთ მშვიდობაში; და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
- 12
მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.
- 13
მოკითხვას გითვლით ყველა წმიდანი.
- 14
უფალ იესო ქრისტეს მადლი, ღვთის სიყვარული და სულიწმიდის ზიარება ყველა თქვენგანს, ამინ!