2 კორინთელთა 11
- 1
ო, ნეტა ოდნავ მაინც შეიწყნარებდეთ ჩემს უგუნურებას! თუმცა მიწყნარებთ კიდეც.
- 2
ვინაიდან მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
- 3
მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.
- 4
ვინაიდან სიხარულით იწყნარებთ მათ, რომლებიც მოდიან და გიქადაგებენ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია; და ღებულობთ სხვა სულს და სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ.
- 5
მაგრამ, ვფიქრობ, რომ არაფერში ჩამოვუვარდები ესოდენ მაღალ მოციქულებს.
- 6
მართალია, სიტყვაში გაუწაფავი, მაგრამ არა ცოდნაში; თუმცა ყველაფერში გაცხადებულნი ვართ თქვენს წინაშე.
- 7
ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე, თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, და უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
- 8
სხვა ეკლესიებს ვართმევდი და გასამრჯელოს ვიღებდი მათგან, რათა თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მიჭირდა, არავინ შემიწუხებია.
- 9
ვინაიდან ჩემს ნაკლულობას მაკედონიიდან მოსული ძმები ავსებდნენ; ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით და კვლავაც ვეცდები.
- 10
და როგორც ქრისტეს ჭეშმარიტებაა ჩემში, გეუბნებით, რომ ეს სიქადული ვერ წამერთმევა აქაიის მხარეებში.
- 11
რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა იცის!
- 12
მაგრამ რასაც ვაკეთებდი, იმასვე გავაკეთებ, რომ საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, ჩვენი მსგავსნი რომ უნდათ აღმოჩნდნენ იმაში, რაშიც იკვეხნიან.
- 13
რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.
- 14
თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.
- 15
მაშ, რაღა გასაკვირია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს ღებულობენ? მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება.
- 16
და კვლავაც ვიტყვი - ნურავინ ჩამთვლის უგუნურად; და თუ არა, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა მცირეოდენით მეც დავიკვეხნო.
- 17
რასაც ასეთ თავდაჯერებულ კვეხნაზე ვამბობ, უფლის მიხედვით კი არ ვამბობ, არამედ თითქოს უგუნურებით,
- 18
და რაკი ბევრი იკვეხნის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხნი.
- 19
ვინაიდან თქვენ, ასე გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს.
- 20
იწყნარებთ, თუ ვინმე გიმონებთ, თუ ვინმე გჭამთ, თუ ვინმე სარგებლობს თქვენით, თუ ვინმე თავს იმაღლებს ან სახეში გცემთ.
- 21
ჩვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას, რომ უძლურნი აღმოვჩნდით ამაში. მაგრამ, თუ ვინმე გაბედავს და დაიკვეხნის, უგუნურებით ვიტყვი ამას: მეც გავბედავ.
- 22
ისინი ებრაელები არიან? - მეც. ისრაელიანები არიან? - მეც. აბრაჰამის თესლნი არიან? - მეც.
- 23
ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად: უფრო მეტად შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას.
- 24
ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.
- 25
სამჯერ ჯოხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი;
- 26
გამუდმებით გზაზე მდგომი, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის;
- 27
შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ უძილობაში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში.
- 28
გარდა ამისა, ყოველდღე მიხდება ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.
- 29
ვინმე დაუძლურდა და მე არ ვუთანაგრძნე უძლურებაში? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ვიწვოდი?
- 30
თუ დასაკვეხნია, ჩემი უძლურებით დავიკვეხნი.
- 31
ღმერთმა, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამამ, უკუნითი უკუნისამდე კურთხეულმა, იცის, რომ არ ვცრუობ.
- 32
დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დამასკელთა მთელ ქალაქს დარაჯობდა, რათა შევეპყარი.
- 33
სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით კედლის ჩასწვრივ და ხელიდან დავუსხლტი მას.