2 კორინთელთა 10
- 1
თვითონ მე, პავლე, რომელიც პირისპირ თქვენ შორის თავმდაბალი ვარ, ხოლო შორით გაბედული თქვენ მიმართ, შეგაგონებთ, ქრისტეს სიმშვიდით და სახიერებით.
- 2
გევედრებით, ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს კადნიერი სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთებზე, ვისაც ხორცის მიხედვით მავალნი ვგონივართ.
- 3
თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით.
- 4
ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი;
- 5
მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
- 6
და მზად ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ დაუმორჩილებლობაზე, როცა თქვენი მორჩილება აღსრულდება.
- 7
ზედაპირულად ნუ განსჯით! ვისაც სჯერა, რომ ქრისტესია, თვითონვე იფიქროს, რომ როგორც თავად არის ქრისტესი, ისე ვართ ჩვენც!
- 8
და თუ უფრო მეტად დავიკვეხნი ჩვენი ძალაუფლებით, რომელიც უფალმა მოგვცა ასაშენებლად და არა თქვენს დასამხობად, არ შევრცხვები.
- 9
ამიტომ ნუ მოგეჩვენებათ, თითქოს წერილებით გაშინებდეთ.
- 10
ზოგიერთი ამბობს, წერილებში მკაცრიაო და ძლიერი, პირისპირ ყოფნისას კი - უძლური და მისი სიტყვაც უმნიშვნელოაო.
- 11
დაე, გაიგოს ასეთმა, რომ, როგორიც შორიდან წერილებში ნათქვამი სიტყვებით ვართ, ისეთივე ვართ საქმეში - პირისპირ.
- 12
ვინაიდან ვერ ვბედავთ მივეტოლოთ, ანდა შევედაროთ იმათ, ვისაც თავი მოაქვს: ისინი საკუთარი თავების მიხედვით ზომავენ და თავიანთ თავსვე ედრებიან უგუნურად!
- 13
ჩვენ კი უზომოდ არ ვიკვეხნით, არამედ ზომიერების ფარგლებში, როგორც ღმერთმა გვიწილადა; იმ საზომით, თქვენ შორის რომ გვაძლევს მსახურებას.
- 14
არა ისე, თითქოს არ მოგვეღწიოს თქვენამდე ჩვენი მსახურებით და ვიქადიდეთ, რადგან თქვენამდეც მოვაღწიეთ ქრისტეს სახარებით.
- 15
უზომოდ კი არ ვიკვეხნით სხვათა ჯაფით, თუმცა იმედი გვაქვს რომ ჩვენი ნაყოფებიც გამრავლდება თქვენ შორის, თქვენი მზარდი რწმენის შესაბამისად.
- 16
რათა თქვენს მიღმაც ვახაროთ, არა სხვათა ნაშრომში, რომ სხვების გამზადებულით არ ვიკვეხნიდეთ.
- 17
ვინც იკვეხნის, დაიკვეხნოს უფლით.
- 18
ვინაიდან ის კი არ არის მოწონებული, ვინც თავს იქებს, არამედ - ვისაც უფალი აქებს.