1 კორინთელთა 5
- 1
საერთოდ კი ხმა დადის, რომ სიძვაა თქვენში, თანაც ისეთი, რომლის მსგავსი წარმართებშიც არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი შეურთავს.
- 2
თქვენ კი ქედმაღლობთ, იმის ნაცვლად, რომ იგლოვოთ და მოიკვეთოთ ასეთი საქმის ჩამდენი.
- 3
თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. ამიტომ უკვე დავდე მსჯავრი ამ საქმის ჩამდენს, როგორც თქვენს შორის მყოფმა.
- 4
და როცა შეიკრიბებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ჩემი სულის თანდასწრებით და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით,
- 5
სატანას გადაეცეს ასეთი კაცი ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის, იესოს დღეს.
- 6
არ შეგფერით კვეხნა. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?
- 7
სრულად მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.
- 8
ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით.
- 9
წერილში გწერდით, გარყვნილ ხალხთან არ იქონიოთ-მეთქი ურთიერთობა;
- 10
არ მიგულისხმია ამ ქვეყნიერების გარყვნილები, ხარბები, მტაცებლები ან კერპთაყვანისმცემლები, რადგან მაშინ თქვენც მოგიწევდათ ამ ქვეყნიერებიდან გასვლა.
- 11
არამედ გწერდით, რომ არ გქონოდათ კავშირი იმათთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მაინც გარყვნილია, ან ხარბია, ან კერპთაყვანისმცემელია, ან მაგინებელია, ან ლოთია, ან მტაცებელია; ასეთებთან არც კი ჭამოთ.
- 12
რადგან მე რატომ განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ?
- 13
გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენს შორის.