1 კორინთელთა 4
- 1
ისე უნდა ჩაგვთვალოს ადამიანმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი.
- 2
მნეთაგან კი მოითხოვენ, რომ ერთგული იყოს.
- 3
ჩემთვის კი ნაკლებად მნიშვნელოვანია, თქვენ განმიკითხავთ თუ ადამიანთა სამსჯავრო; მე თვითონაც არ განვიკითხავ საკუთარ თავს.
- 4
თუმცა არაფერში მამხელს სინდისი, ამით მაინც არ ვმართლდები, რადგან უფალია ჩემი განმსჯელი.
- 5
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.
- 6
ეს კი ძმებო, თქვენი გულისთვის ვთქვი ჩემი და აპოლოს მაგალითზე, რათა ჩვენგან ისწავლოთ, რომ დაწერილს არ გადახვიდეთ და ერთმანეთს არ გაუყოყოჩდეთ.
- 7
რადგან ვინ განგასხვავებს? ან რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?
- 8
უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით, ჩვენს გარეშე გამეფდით და ნეტა მართლა მეფობდეთ, რომ ჩვენც ვმეფობდეთ თქვენთან ერთად.
- 9
რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულები, ღმერთმა უკანასკნელად შეგვრაცხა, როგორც სიკვდილმისჯილნი; ვინაიდან სანახაობად ვიქეცით წუთისოფლისთვის, ანგელოზებისთვის და ადამიანთათვის.
- 10
ჩვენ უგუნურები ვართ ქრისტეს გულისთვის, თქვენ კი ბრძენნი ხართ ქრისტეში; ჩვენ უძლურები ვართ, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ დიდებულები, ჩვენ კი - უპატიონი.
- 11
მშივრები ვართ ამ დრომდე და მწყურვალნი, შიშვლები, ნაცემნი და მოხეტიალენი.
- 12
ჯაფაში ვართ და საკუთარი ხელებით ვშრომობთ; გვლანძღავენ - ვლოცავთ, გვდევნიან - ვითმენთ;
- 13
სახელს გვიტეხენ - ვეფერებით; და გავხდით ნაგავი წუთისოფლისა, ყოვლის ნარჩენი აქამდე.
- 14
თქვენს შესარცხვენად როდი ვწერ ამას, არამედ შეგაგონებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს.
- 15
ვინაიდან, თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამა ბევრი ვერ გეყოლებათ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით.
- 16
ამიტომ გევედრებით, გახდით ჩემი მომბაძველნი.
- 17
ამისთვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, რომელიც გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორც ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.
- 18
ზოგიერთი გადიდგულდა, რადგან ჰგონია რომ არ მოვალ თქვენთან,
- 19
მაგრამ მალე მოვალ, თუ ინებებს უფალი და გამოვცდი არა ქედმაღალთა სიტყვებს, არამედ ძალას.
- 20
რადგან ღვთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში.
- 21
რა გსურთ, არგნით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თავმდაბლობის სულით?