1 იოანე 4
- 1
საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში.
- 2
ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის;
- 3
ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.
- 4
შვილებო, თქვენ ღვთისგან ხართ და სძლიეთ მათ, ვინაიდან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა.
- 5
ისინი წუთისოფლისანი არიან, ამიტომაც წუთისოფლისას ლაპარაკობენ და წუთისოფელიც ყურს უგდებს მათ.
- 6
ჩვენ ღვთისგან ვართ, ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს.
- 7
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი! რადგან სიყვარული ღვთისგანაა; ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.
- 8
ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.
- 9
ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ქვეყნიერებაზე, რათა მის მიერ ვიცოცხლოთ.
- 10
იმაში ჩანს სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად.
- 11
საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული!
- 12
ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია.
- 13
იმით ვგებულობთ, რომ ჩვენ მასში ვრჩებით და ის - ჩვენში, რომ თავისი სულისგან მოგვცა.
- 14
ჩვენ ვიხილეთ და ვამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე - ქვეყნიერების მხსნელი.
- 15
ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის - ღმერთში.
- 16
ჩვენ შევიცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი - მასში.
- 17
ამგვარად, ისეთ სრულყოფას აღწევს სიყვარული ჩვენში, რომ გაბედულება გვაქვს განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ისაა, ჩვენც ისეთივე ვართ ამ ქვეყნიერებაზე.
- 18
სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრული სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, მშიშარა კი სრული არ არის სიყვარულში.
- 19
ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.
- 20
თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა; ვინაიდან, ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს!
- 21
და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უყვარდეს!