1 იოანე 3
- 1
ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რომ მის შვილებად ვიწოდებით. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს, რომ ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი.
- 2
საყვარელნო! ახლა ღვთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. მაგრამ ვიცით, რომ, როცა გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.
- 3
ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მასში, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.
- 4
ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის; ცოდვა - ურჯულოებაა.
- 5
ხოლო თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და მასში არ არის ცოდვა.
- 6
ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს; ყოველ შემცოდეს არ უხილავს და არ იცნობს მას.
- 7
შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი.
- 8
ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგანაა, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამიტომაც გამოჩნდა ძე ღვთისა, რომ დაენგრია ეშმაკის საქმენი.
- 9
ყოველი, ვინც ღვთისგან არის შობილი, არ სცოდავს, რადგან მისი თესლი იმყოფება მასში, და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისგან არის შობილი.
- 10
ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც სიმართლით არ იქცევა და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის.
- 11
რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი,
- 12
მაგრამ არა ისე, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა - მართალი.
- 13
ნუ გაგიკვირდებათ, ძმებო, თუ სძულხართ წუთისოფელს.
- 14
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
- 15
ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასში მკვიდრობს.
- 16
იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის.
- 17
ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და გულს იკეტავს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?
- 18
შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
- 19
ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და დავიმშვიდებთ გულს მის წინაშე.
- 20
რადგან თუ გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის.
- 21
საყვარელნო! თუ გული არ გვდებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფალთან.
- 22
და რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და მოსაწონს ვიქმთ მის წინაშე.
- 23
ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვამცნო.
- 24
მისი მცნებების შემნახველნი, მასში რჩებიან, ის კი მათში. ის რომ ჩვენში რჩება, იმ სულით ვიცით, რომელიც მან მოგვცა.