საქმენი მოციქულთა 9
- 1
სავლე კი, რომელიც უფლის მოწაფეებისადმი ჯერ კიდევ სიკვდილითა და მუქარით სუნთქავდა, მღვდელმთავართან გამოცხადდა.
- 2
ითხოვა მისგან წერილები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც ამ გზაზე მდგომს იპოვიდა, მამაკაცსა თუ დედაკაცს, შებოჭილი აეყვანა იერუსალიმში.
- 3
გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან.
- 4
გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან.
- 5
მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა.
- 6
უთხრა შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა: "რას მიბრძანებ, უფალო, რომ გავაკეთო?” უთხრა მას უფალმა: "ადექი და შედი ქალაქში; იქ გეტყვიან, რა უნდა გააკეთო”.
- 7
კაცები, მას რომ ახლდნენ, ენაჩავარდნილნი იდგნენ: ხმა ესმოდათ, თუმცა ვერავის ხედავდნენ.
- 8
წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა; ხელი მოჰკიდეს და ისე შეიყვანეს დამასკოში.
- 9
სამი დღე ვერაფერს ხედავდა. არც ჭამდა, არც სვამდა.
- 10
იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. უფალმა ჩვენებაში უთხრა: "ანანია!” უპასუხა: "აქ ვარ, უფალო”.
- 11
უთხრა უფალმა: "ადექი და წადი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია "პირდაპირი” და იუდას სახლში, სავლედ წოდებული ტარსუსელი კაცი მოიკითხე, რადგან, აჰა, ლოცულობს იგი”.
- 12
იხილა სავლემ ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი ახელოდა.
- 13
მიუგო ანანიამ: "უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენ ბოროტად ექცეოდა შენს წმიდებს იერუსალიმში.
- 14
აქაც აქვს ძალაუფლება მღვდელმთავართაგან, შეიპყროს ყველა, ვინც შენს სახელს მოუხმობს”.
- 15
მაგრამ უთხრა მას უფალმა: "წადი, ვინაიდან ჩემი რჩეული ჭურჭელია იგი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.
- 16
რადგან მე ვაჩვენებ, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გამო”.
- 17
წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: "ძმაო, სავლე, უფალმა გამომგზავნა, იესომ, რომელიც გზაზე მიმავალს გეჩვენა, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით”.
- 18
და მაშინვე, თითქოს ქერცლი გადასძვრაო მის თვალებს, თვალი აეხილა, ადგა და მოინათლა.
- 19
საჭმელი ჭამა და მომაგრდა. რამდენიმე დღე დამასკოში, მოწაფეებთან გაატარა.
- 20
მაშინვე დაიწყო სინაგოგებში იესოს ქადაგება, რომ ის არის ძე ღვთისა.
- 21
ყველა მსმენელს უკვირდა და ამბობდა: "ეს ის კაცი არ არის, იერუსალიმში ამ სახელის მხმობელთ რომ სპობდა? განა აქაც იმისთვის არ მოვიდა, რომ შეიპყროს და მღვდელმთავრებთან წაიყვანოს ისინი?”
- 22
სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და აოგნებდა დამასკოში მცხოვრებ იუდევლებს და უმტკიცებდა, რომ იესო არის ქრისტე.
- 23
კარგა ხნის შემდეგ, მის მოსაკლავად შეითქვნენ იუდევლები.
- 24
გაიგო სავლემ მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღე და ღამ კარიბჭესთან დარაჯობდნენ, რომ მოეკლათ იგი.
- 25
მაგრამ ღამით აიყვანეს იგი მოწაფეებმა და გოდრით ჩაუშვეს გალავნიდან.
- 26
იერუსალიმში რომ ავიდა, ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა; მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ მისი მოწაფეობა.
- 27
წაიყვანა იგი ბარნაბამ, მიჰგვარა მოციქულებს და უამბო მათ, როგორ გამოეცხადა გზაში უფალი, რა უთხრა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით.
- 28
დარჩა იგი მათთან, გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ლაპარაკობდა უფლის სახელით.
- 29
გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.
- 30
ეს რომ ძმებმა შეიტყვეს, წაიყვანეს კესარიაში და ტარსუსში გაგზავნეს.
- 31
ეკლესიას კი მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის მოშიშებით დადიოდა და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.
- 32
ერთხელ, ყველა ადგილი რომ შემოიარა, პეტრე ლიდაში მცხოვრებ წმიდებთანაც მივიდა.
- 33
ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რვა წელიწადს დავრდომილი რომ იწვა სარეცელზე.
- 34
უთხრა პეტრემ: "ენეას, გკურნავს იესო ქრისტე. ადექი და თავად გაისწორე სარეცელი”. და მაშინვე წამოდგა.
- 35
ყველამ, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, იხილა იგი და უფლისკენ მოიქცა.
- 36
იაფოში ერთი მოწაფე დედაკაცი იყო, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რომელსაც გასცემდა.
- 37
იმ დღეებში იყო, რომ ავად გახდა და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედა ოთახში.
- 38
იაფო ლიდიასთან ახლოსაა, ამიტომ მოწაფეებმა შეიტყვეს, პეტრე აქ არისო და ორი კაცი გაუგზავნეს სათხოვნელად: "ნუ დააყოვნებ ჩვენთან მოსვლას”.
- 39
ადგა პეტრე და წავიდა. როცა მივიდა, ზედა ოთახში აიყვანეს. ნახა იქ ქვრივი დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უქსოვდა, სანამ მათთან იყო.
- 40
პეტრემ ყველა გარეთ გაისტუმრა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და უთხრა: "ტაბითა, აღსდექ!” ქალმა თვალი გაახილა და პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
- 41
ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი.
- 42
ეს ცნობილი გახდა მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი.
- 43
კარგა ხანი დაჰყო მან იაფოში, ვინმე მეტყავე სიმონთან.