საქმენი მოციქულთა 10
- 1
კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთ წოდებულ იტალიურ კოჰორტას ასისთავობდა.
- 2
მთელი თავისი სახლეულით მართალი და ღვთისმოშიში, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისთვის და მუდამ ლოცულობდა ღმერთის მიმართ.
- 3
მეცხრე საათი იქნებოდა, ჩვენებაში ღვთის ანგელოზი რომ იხილა ცხადად, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: "კორნელიუს!”
- 4
მან შეხედა, შეეშინდა და ჰკითხა: "რა არის, უფალო?” უთხრა: "შენი ლოცვები და მოწყალებანი ამაღლდნენ ღვთის წინაშე შენს გასახსენებლად.
- 5
გაგზავნე ახლა კაცები იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება.
- 6
იგი, მეტყავე სიმონს სტუმრობს, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას”.
- 7
მასთან მოსაუბრე ანგელოზი რომ წავიდა, დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ ღვთისმოსავ ჯარისკაცს, მუდმივად თან რომ ახლდა.
- 8
უამბო ყოველივე და გაგზავნა იაფოში.
- 9
მეორე დღეს, გაგზავნილები ქალაქს რომ უახლოვდებოდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცად. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
- 10
მოშივდა და ჭამა მოუნდა. სანამ რამეს მოუმზადებდნენ, აღტაცებაში მოვიდა და ჩვენება იხილა.
- 11
დაინახა, გაიხსნა ცა და გადმოეშვა დიდი ტილოს მსგავსი რაღაც ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი რომ ეშვებოდა დედამიწაზე.
- 12
დედამიწის ყველანაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი იყო მასში.
- 13
და იყო ხმა მის მიმართ: "ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე”.
- 14
მიუგო პეტრემ: "არა, უფალო, ბიწიერი და უწმიდური არასოდეს არაფერი მიჭამია”.
- 15
მეორედაც იყო ხმა მის მიმართ: "რაც ღმერთმა განწმიდა, უწმიდურად ნუ მიიჩნევ”.
- 16
ასე მოხდა სამგზის და მყისვე ცისკენ ამაღლდა ჭურჭელი.
- 17
ვიდრე პეტრე თავისთვის ფიქრობდა, როგორ უნდა გაეგო ჩვენება, რომელიც იხილა, აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა იკითხეს სიმონის სახლი და ჭიშკართან დადგნენ.
- 18
დაიძახეს და იკითხეს: "აქ დგას ბინად სიმონი, პეტრედ წოდებული?”
- 19
სანამ პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: "აი, სამი კაცი გეძებს.
- 20
ადექი, ჩადი და ყოყმანის გარეშე გაჰყევი მათ, რადგან მე გამოვგზავნე ისინი”.
- 21
ჩავიდა იმ კაცებთან პეტრე და უთხრა: "მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?”
- 22
ხოლო მათ უთხრეს: "ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც იუდეველთა მთელი ერი ემოწმება, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მიგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები”.
- 23
მაშინ მიიწვია ისინი პეტრემ და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ. თან ზოგიერთი იაფოელი ძმაც გაიყოლა.
- 24
კესარიას მეორე დღეს მიაღწიეს. კორნელიუსს თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა და მათ ელოდებოდა.
- 25
პეტრე რომ შედიოდა, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.
- 26
პეტრემ წამოაყენა და უთხრა: "ადექი, მეც ადამიანი ვარ”.
- 27
მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც მრავალი დახვდა შეკრებილი.
- 28
უთხრა: "როგორც იცით, იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან; მაგრამ მე ღმერთმა მაჩვენა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა ბიწიერი ან უწმიდური.
- 29
ამიტომ, როცა მომიხმეს, უსიტყვოდ მოვედი. ახლა გეკითხებით: რა საქმეზე დამიძახეთ?”
- 30
მიუგო კორნელიუსმა: "ოთხი დღის წინ ამ საათამდე ვმარხულობდი, მეცხრე საათზე კი შინ ვლოცულობდი და აჰა, ჩემს წინაშე, ელვარე სამოსით შემოსილი კაცი დადგა.
- 31
მითხრა: კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და მოხსენებულია შენი მოწყალებანი ღვთის წინაშე.
- 32
ამიტომ გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება; იგი მეტყავე სიმონთან დგას ბინად, ზღვის პირას.
- 33
მეც მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისგან გაქვს ნაბრძანები”.
- 34
გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: "ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,
- 35
არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ.
- 36
მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით; ის არის ყოველთა უფალი!
- 37
თქვენ იცით, რა მოხდა გალილეიდან დაწყებული მთელ იუდეაში, იმ ნათლისღების შემდეგ, იოანე რომ ქადაგებდა;
- 38
როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან.
- 39
ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანასა და იერუსალიმში, ბოლოს კი მოკლეს ძელზე დაკიდებით.
- 40
მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მესამე დღეს და მისცა მას, რომ გამოცხადებოდა,
- 41
არა მთელ ხალხს, არამედ ღმერთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეებს, ჩვენ, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.
- 42
მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ და დავუმოწმოთ ხალხს, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.
- 43
მასზე ამოწმებს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვათა მიტევებას.
- 44
პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ეს სიტყვა ესმოდა.
- 45
მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ წარმართებსაც მოეფინათ სულიწმიდის ნიჭი,
- 46
რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ თქვა პეტრემ:
- 47
"ვის შეუძლია წყლით ნათლობა დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?”
- 48
და უბრძანა მათ, იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან.