საქმენი მოციქულთა 26
- 1
უთხრა აგრიპამ პავლეს: "ნება გეძლევა საკუთარ თავზე ილაპარაკო”. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა:
- 2
"ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპავ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც იუდევლები მდებენ ბრალს.
- 3
მით უმეტეს, რომ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს იცნობ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო.
- 4
ყველა იუდეველმა იცის ჩემი ცხოვრება სიჭაბუკიდან, რომელიც იმთავითვე ჩემს ხალხში, იერუსალიმში გავატარე.
- 5
დიდი ხანია მიცნობენ და შეუძლიათ დამემოწმონ თუ მოისურვებენ, რომ მე, ჩვენი უზუსტესი სარწმუნოების მიმდინარეობის მიხედვით ვცხოვრობდი, როგორც ფარისეველი.
- 6
და ახლა იმ აღთქმის იმედის გამო ვდგავარ სამსჯავროს წინაშე, რომელიც ღმერთმა ჩვენს მამებს მისცა,
- 7
რომლის ასრულების იმედი აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ ამ იმედისთვის მდებენ ბრალს იუდევლები, მეფევ!
- 8
დაუჯერებლად რატომ უნდა მიაჩნდეს ვინმეს, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?
- 9
მართალია, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ,
- 10
ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში; და მღვდელმთავართა მიერ მოცემული ძალაუფლებით აღჭურვილმა მრავალი წმიდანი ჩავყარე საპყრობილეში და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი.
- 11
ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ. მეტისმეტად განმძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ.
- 12
სწორედ ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართა ძალაუფლებითა და დავალებით.
- 13
შუადღისას, მეფევ, გზაზე ციდან გადმოსული, მზეზე ბრწყინვალე სინათლე ვიხილე, რომელიც მე და ჩემს თანამგზავრებს მოგვეფინა.
- 14
ყველანი მიწაზე დავემხეთ და ჩამესმა ხმა, რომელმაც ებრაულად მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა.
- 15
მივუგე: ვინ ხარ, უფალო? მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.
- 16
წამოდექი, ფეხზე დადექი; რადგან იმისთვის გამოგეცხადე, რომ მსახურად და მოწმედ დაგაყენო იმისა, რაც იხილე და რასაც გიჩვენებ,
- 17
რადგან გამოგარჩიე ამ ხალხისგან და წარმართებისგან, რომლებთანაც ახლა გგზავნი
- 18
მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის.
- 19
ამიტომ, არ ვეურჩე ზეციურ ჩვენებას, მეფე აგრიპავ.
- 20
პირველად დამასკოსა და იერუსალიმის მკვიდრთ, მერე კი იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი მონანიებას, ღვთისკენ მოქცევას, და მონანიების ღირსი საქმეების აღსრულებას.
- 21
ამისათვის შემიპყრეს ტაძარში იუდევლებმა და მოკვლა დამიპირეს.
- 22
მაგრამ ღვთის შეწევნით, დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ მცირესა და დიდს, და არაფერი მითქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ მომავალ მოვლენებზე,
- 23
რომ უნდა წამებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდართაგან; და სინათლე ექადაგა ამ ხალხისთვის და წარმართებისთვის”.
- 24
თავს რომ ასე იცავდა, ფესტუსმა ხმამაღლა თქვა: "შეიშალე პავლე! დიდ წიგნიერებას სიგიჟემდე მიყავხარ”.
- 25
პავლემ კი მიუგო: "მე არ შევშლილვარ, აღმატებულო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვლაპარაკობ.
- 26
იცის ეს ამბავი მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ; არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, რადგან ეს სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა.
- 27
წინასწარმეტყველების თუ გწამს, მეფე აგრიპავ? ვიცი, რომ გწამს”.
- 28
ხოლო აგრიპამ პავლეს უთხრა: ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.
- 29
პავლემ კი თქვა: "ღმერთს ვევედრები, რომ ადრე თუ გვიან, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ოღონდ ამ ბორკილების გარეშე”.
- 30
ეს რომ თქვა, მეფე და გამგებელი, ბერნიკე და მასთან მსხდომნი წამოიშალნენ,
- 31
განზე გადგნენ და ერთმანეთს უთხრეს, ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო.
- 32
ხოლო აგრიპამ უთხრა ფესტუსს: "შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, კეისრის სამსჯავრო რომ არ მოეთხოვა”.