საქმენი მოციქულთა 25
- 1
ფესტუსი სამთავროში რომ ჩავიდა, სამი დღის შემდეგ იერუსალიმს გაემგზავრა კესარიიდან.
- 2
მღვდელმთავრებმა და წარჩინებულმა იუდევლებმა მას პავლეს წინააღმდეგ თავიანთი სარჩელის შესახებ აცნობეს და შეევედრნენ,
- 3
იერუსალიმში გამოეძახა პავლე, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ.
- 4
მაგრამ ფესტუსმა მიუგო, პავლე კესარიაშია მეთვალყურეობის ქვეშ და მალე თვითონაც იქ მივემგზავრებიო.
- 5
და თქვა: "ახლა, რომელ თქვენგანსაც შეუძლია, წამომყვეს და, თუ იმ კაცს რაიმე დანაშაული აქვს, ბრალი დასდოს”.
- 6
ათი თუ რვა დღე დაჰყო მათ შორის და დაბრუნდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა მსაჯულის ადგილზე და პავლეს მოყვანა ბრძანა.
- 7
მოვიდა თუ არა, იერუსალიმიდან ჩამოსულმა იუდევლებმა პავლე შუაში ჩაიყენეს და ბევრი მძიმე ბრალდება წაუყენეს, თუმცა მათი დამტკიცება ვერ შეძლეს.
- 8
მან კი თავის გასამართლებლად თქვა: "არაფერი შემიცოდავს არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ”.
- 9
ფესტუსს იუდეველთა გულის მოგება უნდოდა და უპასუხა პავლეს: "იქნებ იერუსალიმში გინდა ასვლა, რომ იქ გასამართლდე ჩემს წინაშე ამის გამო?”
- 10
ხოლო პავლემ უთხრა: "კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს კიდეც ჩემი განკითხვა. იუდეველთათვის არაფერი დამიშავებია, როგორც თვითონაც კარგად იცი.
- 11
თუ მართალი არა ვარ და რაიმე ისეთი ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს; ხოლო, რაშიც ესენი მდებენ ბრალს, თუ ყველაფერი ტყუილია, არავის შეუძლია მათ ხელთ გადამცეს. კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ”.
- 12
მაშინ ფესტუსი მოეთათბირა თავის საბჭოს და უპასუხა: "კეისრის სამსჯავროს მოითხოვ და წახვალ კეისართან”.
- 13
რამდენიმე დღის შემდეგ, მეფე აგრიპა და ბერნიკე მივიდნენ კესარიაში ფესტუსის მოსაკითხად.
- 14
მრავალი დღე დაჰყვეს იქ და უთხრა ფესტუსმა მეფეს პავლეზე: "ერთი კაცია, რომელიც ფელიქსმა დატოვა პატიმრად.
- 15
იერუსალიმში რომ ვიყავი, მღვდელმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა შემომჩივლეს მასზე და მისი დასჯა მთხოვეს.
- 16
ვუთხარი, არ სჩვევიათ-მეთქი რომაელებს სასიკვდილოდ ვინმეს გადაცემა, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ დაუდგებიან ბრალმდებელნი, რათა თავის მართლების საშუალება მიეცეს მას.
- 17
აქ რომ მოვიდნენ, მეორე დღეს დაუყოვნებლივ დავჯექი მსაჯულის ადგილზე და ვბრძანე იმ კაცის მოყვანა.
- 18
ბრალმდებლები გარს შემოეხვივნენ მას, მაგრამ ვერც ერთი ისეთი ბრალდება ვერ წაუყენეს, რასაც მე ვვარაუდობდი.
- 19
რაღაცას ედავებოდნენ თავიანთ სარწმუნოებასა და ვიღაც გარდაცვლილ იესოზე, რომელზეც პავლე ამბობდა - ცოცხალიაო.
- 20
ამ საქმის გარჩევა რომ გამიძნელდა, ვუთხარი, ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ გასამართლდე-მეთქი?
- 21
მაგრამ პავლემ მოითხოვა, მისი საქმე ავგუსტუსის განსახილველად დაეტოვებინათ; მეც ვბრძანე, დაცვის ქვეშ იყოლიონ, ვიდრე კეისარს გავუგზავნი”.
- 22
უთხრა აგრიპამ ფესტუსს: "მეც მინდა იმ კაცის მოსმენა”. ხოლო მან უპასუხა: "ხვალვე მოუსმენ მას”.
- 23
მეორე დღეს, როცა აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მოვიდნენ და ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად შევიდნენ დარბაზში, ფესტუსის ბრძანებით პავლეც მოიყვანეს.
- 24
თქვა ფესტუსმა: "მეფე აგრიპავ და ყველა აქ დამსწრე კაცნო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც მრავალი იუდეველი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც ყვირილით: მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო.
- 25
მაგრამ როგორც მივხვდი, მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია; და რაკი თვითონ მოითხოვა ავგუსტუსის სამსჯავრო, გადავწყვიტე გავგზავნო იგი.
- 26
დამაჯერებელი კი არაფერი მაქვს, რომ მივწერო ხელმწიფეს; ამიტომ მოვიყვანე თქვენ წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპავ, რათა დაკითხვის მერე მეც მქონდეს რაიმე მისაწერი.
- 27
ვინაიდან უაზრობად მიმაჩნია პატიმრის გაგზავნა მისი ბრალდების გარეშე”.