იოანე 12
- 1
პასექამდე ექვსი დღით ადრე, ბეთანიაში მივიდა იესო, სადაც იყო ლაზარე, მკვდრეთით რომ აღადგინა.
- 2
ვახშამი მოუმზადეს. მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო.
- 3
მარიამმა ერთი ლიტრი სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი აიღო, ფეხებზე სცხო იესოს და საკუთარი თმით შეუმშრალა; ნელსაცხებლის სურნელით აივსო სახლი.
- 4
იუდა ისკარიოტელმა, ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა:
- 5
"რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?”
- 6
ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და რასაც შიგ ყრიდნენ, ის იღებდა.
- 7
იესომ უთხრა: "დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის შემოინახა ეს.
- 8
რადგან ღარიბნი ყოველთვის თქვენთან გეყოლებათ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით”.
- 9
იუდეველთაგან დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ ის იქ იყო და მივიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მკვდრეთით აღადგინა მან.
- 10
მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლაც გადაწყვიტეს,
- 11
რადგან მის გამო ბევრი იუდეველი ჩამოშორდა მათ და ერწმუნა იესოს.
- 12
მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იერუსალიმში მიდიოდა იესო.
- 13
აიღეს პალმის ტოტები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: "ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, მეფე ისრაელისა!”
- 14
იესომ ჩოჩორი იპოვა და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:
- 15
"ნუ გეშინია, სიონის ასულო. აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი”.
- 16
მისი მოწაფეები თავიდან ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ, როცა განდიდდა იესო, მაშინ გაიხსენეს და მიხვდნენ, რომ ეს მასზე იყო დაწერილი, და ასე მოექცნენ მას.
- 17
და მოწმობდა მის შესახებ ის ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი.
- 18
ამიტომ შეეგება ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა.
- 19
ფარისევლებმა კი ერთმანეთს უთხრეს: "ხედავთ? ვეღარაფერს ვხდებით. მთელი ქვეყანა მას მიჰყვება”.
- 20
დღესასწაულზე თაყვანსაცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ.
- 21
მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო და სთხოვეს: "ბატონო, იესოს ნახვა გვსურს”.
- 22
ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა; ამის შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ იესოს უთხრეს.
- 23
იესომ მიუგო და უთხრა მათ: "დადგა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა.
- 24
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.
- 25
ვისაც უყვარს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას. ხოლო, ვისაც სძულს თავისი სიცოცხლე ამ წუთისოფელში, საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას.
- 26
ვინც მე მემსახურება, მე უნდა მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს სცემს მამა.
- 27
ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისგან! მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
- 28
მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: "განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”.
- 29
იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, დაიქუხაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი დაელაპარაკაო.
- 30
მიუგო იესომ და უთხრა: "ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.
- 31
ახლაა ამ ქვეყნიერების განკითხვა და ახლა განიდევნება გარეთ ამ ქვეყნიერების მთავარი.
- 32
და როცა ავმაღლდები დედამიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ”.
- 33
ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
- 34
უთხრა ხალხმა: "რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო? ვინ არის ეს ძე კაცისა?”
- 35
მაშინ უთხრა მათ იესომ: "კიდევ მცირე ხანს იქნება თქვენ შორის სინათლე. იარეთ სანამ სინათლე გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.
- 36
სანამ გაქვთ სინათლე, ერწმუნეთ სინათლეს, რათა გახდეთ სინათლის ძენი”. ეს სიტყვები რომ თქვა, წავიდა იესო და მიეფარა მათ თვალთაგან.
- 37
ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ იწამეს იგი,
- 38
რათა ასრულებულიყო წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვა, რომელმაც თქვა: "უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენი ნათქვამი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?”
- 39
ისიც თქვა ესაიამ, რა მიზეზით არ შეეძლოთ ერწმუნათ:
- 40
"თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა, რათა თვალებით ვერ იხილონ და გულით ვერ მიხვდნენ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი”.
- 41
ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება და ილაპარაკა მასზე. მთავრებმა ირწმუნეს, მაგრამ არ აღიარებენ
- 42
ბევრმა მთავარმა ირწმუნა იგი, მაგრამ ვერ აღიარებდნენ ფარისეველთა გამო, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ.
- 43
რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება.
- 44
იესომ შესძახა და თქვა: "ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა,
- 45
და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.
- 46
მე სინათლედ მოვედი წუთისოფელში, რათა არც ერთი, ვისაც ჩემი სწამს, არ დარჩეს ბნელში.
- 47
თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან წუთისოფლის განსაკითხად კი არა, წუთისოფლის სახსნელად მოვედი.
- 48
ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ჰყავს თავისი განმკითხავი; სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.
- 49
რადგან მე ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.
- 50
და ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ”.