იოანე 11
- 1
იყო ავად ვინმე ბეთანიელი ლაზარე, მარიამისა და მისი დის, მართას სოფლიდან.
- 2
ეს სწორედ ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სცხო და ფეხები თავისივე თმით შეუხოცა. მისი ძმა ლაზარე გახდა ავად.
- 3
დებმა კაცი გაუგზავნეს და შეუთვალეს: "უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავადაა”.
- 4
ეს ამბავი რომ გაიგო, თქვა იესომ: "ეს ავადმყოფობა სასიკვდილოდ არ არის, არამედ ღმერთის სადიდებლადაა, რათა მისი მეშვეობით განდიდდეს ღმერთის ძე”.
- 5
იესოს უყვარდა მართა, მისი და და ლაზარე.
- 6
მისი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, ორი დღე იქვე დარჩა, სადაც იმყოფებოდა.
- 7
მერე კი უთხრა მოწაფეებს: "ისევ იუდეაში წავიდეთ”.
- 8
მოწაფეებმა უთხრეს: "რაბი, იუდევლები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და ისევ იქ ბრუნდები?”
- 9
მიუგო იესომ: "თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან წუთისოფლის სინათლეს ხედავს.
- 10
ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, რადგან სინათლე არ არის მასში”.
- 11
ამის შემდეგ უთხრა მათ: "ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მის გასაღვიძებლად მივდივარ”.
- 12
მოწაფეებმა უთხრეს: "უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება”.
- 13
იესო სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, ბუნებრივ ძილზე ლაპარაკობდა.
- 14
მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა: "ლაზარე მოკვდა”.
- 15
მიხარია თქვენს გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ, წავიდეთ მასთან”.
- 16
მაშინ თომამ, ტყუპის ცალად წოდებულმა, უთხრა დანარჩენ მოწაფეებს: "ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ”.
- 17
როცა მივიდა იესო, ნახა, რომ უკვე ოთხი დღეა, რაც სამარხში ასვენია.
- 18
ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმთან, თხუთმეტი სტადიონის მანძილზე.
- 19
ბევრი იუდეველთაგანი მივიდა მართასთან და მარიამთან, რომ ძმის გამო ენუგეშებინათ ისინი.
- 20
მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, წინ შეეგება. მარიამი კი შინ დარჩა.
- 21
უთხრა მართამ იესოს: "უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა.
- 22
თუმცა, ახლაც ვიცი, რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს ღმერთი”.
- 23
იესომ უთხრა: "აღდგება შენი ძმა”.
- 24
მართამ უთხრა: "ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს”.
- 25
იესომ უთხრა: "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს!
- 26
ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, უკუნისამდე არ მოკვდება. გწამს ეს?”
- 27
უთხრა: "დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, რომელიც მოდის წუთისოფელში”.
- 28
ეს რომ თქვა, წავიდა, თავის დას, მარიამს ჩუმად დაუძახა და უთხრა: "მოძღვარია აქ და შენ გიხმობს”.
- 29
როგორც კი გაიგო ეს, მაშინვე წამოდგა და მასთან მივიდა.
- 30
იესო ჯერ არ შესულიყო სოფელში, იქვე იდგა, სადაც მართა შეეგება.
- 31
მასთან სახლში სანუგეშებლად მისული იუდევლები, მარიამს გაჰყვნენ; ეგონათ, რომ სამარხისკენ მიდიოდა სატირლად.
- 32
მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და მოძღვარი რომ დაინახა, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: "უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა”.
- 33
იესომ ატირებული მარიამი და მასთან ერთად მოსული მტირალი იუდევლები რომ დაინახა, სულით შეიძრა და აღელდა.
- 34
ჰკითხა: "სად დაასვენეთ იგი?” მიუგეს: "მოდი და ნახე, უფალო”.
- 35
აცრემლდა იესო.
- 36
თქვეს იუდევლებმა: "ნახე, როგორ ჰყვარებია!”
- 37
ზოგი მათგანი ამბობდა: "ნუთუ ბრმისთვის თვალი
- 38
იესო კი, კვლავ სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული.
- 39
თქვა იესომ: "მოაშორეთ ლოდი”. უთხრა მართამ, მიცვალებულის დამ: "უფალო უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა”.
- 40
უთხრა მას იესომ: "განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ-მეთქი?”
- 41
და მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და თქვა: "მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.
- 42
მე ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ. ეს გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე”.
- 43
ეს რომ თქვა, დიდი ხმით შესძახა: "ლაზარე, გამოდი!”
- 44
გამოვიდა მიცვალებული; ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეხვეული, სახე კი - სუდარით დაბურული. უთხრა მათ იესომ: "გახსენით, გაუშვით, იაროს”.
- 45
მაშინ, მარიამთან მოსულმა ბევრმა იუდეველმა, იხილა რა, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი.
- 46
ზოგიერთები წავიდნენ ფარისევლებთან და უთხრეს, რაც იესომ გააკეთა.
- 47
მაშინ მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა შეკრიბეს სინედრიონი და თქვეს: "რა ვქნათ, რადგან ბევრ სასწაულს ახდენს ეს კაცი?
- 48
თუ თავის ნებაზე მივუშვებთ, ყველა ირწმუნებს. მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც”.
- 49
ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავრობდა, თქვა: "არაფერი გაგეგებათ,
- 50
ვერ მოგიფიქრებიათ, რომ ჩვენთვის უმჯობესია ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს”.
- 51
ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ ერისთვის მოკვდებოდა იესო.
- 52
და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმერთის გაფანტული შვილები.
- 53
იმ დღეს გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი.
- 54
ამიტომ იესო ცხადად აღარ დადიოდა იუდეველთა შორის; იქაურობას უდაბნოს ახლოს მდებარე მხარეში, ეფრემად წოდებულ ქალაქში გაეცალა და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად.
- 55
ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და ამ მხარიდან მრავალი ავიდა იერუსალიმში პასექის წინ განსაწმენდად.
- 56
ეძებდნენ იესოს და ერთმანეთს ეკითხებოდნენ ტაძარში მდგომნი: "როგორ ფიქრობთ, არ მოვა დღესასწაულზე?”
- 57
მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა განკარგულება გასცეს: ვინც შეიტყობდა, სად იყო, უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ იგი.