ლუკა 18
- 1
უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ.
- 2
თქვა: "ერთ ქალაქში ერთი მოსამართლე იყო. არც ღმერთისა ეშინოდა და არც ხალხისა რცხვენოდა.
- 3
იმავე ქალაქში ერთი ქვრივი ქალიც ცხოვრობდა. მივიდა მოსამართლესთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მეტოქისგან.
- 4
დიდხანს უარობდა. მერე კი თქვა თავისთვის: მართალია, არც ღმერთისა მეშინია და არც ხალხისა მრცხვენია,
- 5
მაგრამ, რაკი ეს ქვრივი აღარ მასვენებს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და არ გამტანჯოს”.
- 6
თქვა უფალმა: "გესმით, რას ამბობს უმართლო მოსამართლე?
- 7
მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?
- 8
თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს კი რწმენას დედამიწაზე?”
- 9
ზოგიერთებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, ეს იგავი უთხრა:
- 10
"ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი იყო, მეორე - მებაჟე.
- 11
ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ - მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა.
- 12
კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.
- 13
ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.
- 14
თქვენ გეუბნებით: ეს კაცი უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება”.
- 15
მიუყვანეს იესოს ჩვილები, რომ შეხებოდა მათ. მოწაფეებმა რომ დაინახეს, დაუშალეს.
- 16
მაგრამ იესომ თავისთან მიიხმო ისინი და თქვა: "გამოუშვით ბავშვები ჩემთან და ნუ აბრკოლებთ, რადგან მათნაირებისაა ღმერთის სამეფო.
- 17
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში”.
- 18
ერთმა მთავარმა ჰკითხა: "კეთილო მოძღვარო, რა გავაკეთო საუკუნო სიცოცხლის დასამკვიდრებლად?”
- 19
ხოლო იესომ უთხრა მას: "რატომ მიწოდებ კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა.
- 20
იცი მცნებები: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას?”
- 21
მან თქვა: "ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ”.
- 22
ეს რომ მოისმინა, უთხრა იესომ: "ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი”.
- 23
ეს რომ გაიგონა, დამწუხრდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.
- 24
იესომ შეხედა მას და თქვა: "რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღმერთის სამეფოში.
- 25
რადგან აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
- 26
მსმენელებმა იკითხეს: "ვიღას შეუძლია გადარჩენა?”
- 27
მან კი უთხრა: "ადამიანთათვის შეუძლებელი, ღმერთით შესაძლებელია”.
- 28
პეტრემ უთხრა: "აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოგყევით”.
- 29
ხოლო იესომ მიუგო: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინაა ისეთი, ღმერთის სამეფოსთვის მიატოვოს სახლი, ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები,
- 30
და არ მიიღოს მრავალგზის მეტი ამ დროში, მომავალ საუკუნეში კი - საუკუნო სიცოცხლე”.
- 31
წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: "აჰა, ავდივართ იერუსალიმში, სადაც აღსრულდება ყველაფერი, რაც დაიწერა წინასწარმეტყველთა მიერ ძე კაცისაზე.
- 32
ვინაიდან წარმართებს გადაეცემა, გალანძღავენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ, აფურთხებენ,
- 33
გაშოლტავენ, მოკლავენ და აღდგება მესამე დღეს”.
- 34
მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ, რადგან დაფარული იყო ეს სიტყვა მათთვის და ვერ გაიგეს ნათქვამი.
- 35
იერიხოს, რომ მიუახლოვდა, ვიღაც ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა.
- 36
გამვლელთა ხმა რომ შემოესმა, იკითხა: "რა ხდება?”
- 37
უთხრეს: იესო ნაზარეველი მოდისო.
- 38
მაშინ შეჰყვირა და თქვა: "იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”
- 39
წინ მიმავალნი უჯავრდებოდნენ, გაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა: "დავითის ძეო, შემიწყალე!”
- 40
შეჩერდა იესო და ბრძანა მასთან მიეყვანათ. რომ მიუახლოვდა, ჰკითხა:
- 41
"რა გინდა, რომ გაგიკეთო?” მან უთხრა: "უფალო, თვალი რომ ამეხილოს”.
- 42
უთხრა იესომ: "აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა”.
- 43
მყისვე აეხილა და გაჰყვა მას, თან ღმერთს ადიდებდა. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს.