ლუკა 17
- 1
უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: "შეუძლებელია არ მოვიდნენ ცდუნებანი, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვლენ.
- 2
მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ეს მცირეთაგანი ეცდუნებინა.
- 3
გაფრთხილდით: თუ შეგცოდოს შენმა ძმამ, გაუწყერი; თუ მოინანიოს, მიუტევე.
- 4
დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას ვინანიებო, აპატიე”.
- 5
უთხრეს უფალს მოციქულებმა: "მოგვიმატე რწმენა”.
- 6
უთხრა მათ უფალმა: "მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თუთის ხეს, აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, დაგემორჩილებათ.
- 7
რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს - მხვნელი ანდა მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას, ნუთუ ეტყვის, ახლავე მიდი და სუფრას მიუჯექიო?
- 8
განა არ ეტყვის, ვახშამი მომიმზადე და წელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო?
- 9
ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისთვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია.
- 10
ასევე თქვენც, ყველაფერს რომ გააკეთებთ, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა”.
- 11
ისე მოხდა, რომ იერუსალიმისკენ მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა.
- 12
ერთ სოფელში რომ შედიოდა ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც შორიახლოს გაჩერდნენ.
- 13
ხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ: "შეგვიწყალე, იესო, მოძღვარო!”
- 14
დაინახა და უთხრა: "წადით და მღვდლებს ეჩვენეთ”. როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ.
- 15
ერთი მათგანი, როცა ნახა რომ განიკურნა, მობრუნდა და მაღალი ხმით განადიდებდა ღმერთს.
- 16
პირქვე დაემხო იესოს ფერხთით და ჰმადლობდა მას. ის კაცი სამარიელი იყო.
- 17
მაშინ თქვა იესომ: "ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრანი სადღა არიან?
- 18
არავინ აღმოჩნდა, რომ მობრუნებულიყო ღმერთის სადიდებლად გარდა ამ უცხოტომელისა?”
- 19
უთხრა: "ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა!”
- 20
ჰკითხეს ფარისევლებმა: "როდის მოვა ღმერთის სამეფო?” და უთხრა: "ღმერთის სამეფო თვალსაჩინოდ არ მოვა.
- 21
ვერ იტყვიან: აი, აქ არის, ან: იქ არისო. რადგან, აჰა, თვითონ თქვენშია ღმერთის სამეფო”.
- 22
მოწაფეებს უთხრა: "დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა, მაგრამ ვერ იხილავთ.
- 23
გეტყვიან: აი, აქ არის, ან: იქ არისო, ნუ წახვალთ, ნუ გაედევნებით!
- 24
ვინაიდან, როგორც ელვა გაიელვებს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, ასევე იქნება ძე კაცისაც თავის დღეს.
- 25
ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ თაობის მიერ.
- 26
როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას დღეებშიც.
- 27
ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე შევიდოდა ნოე კიდობანში. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა.
- 28
ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ.
- 29
იმ დღეს კი, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაიღუპა.
- 30
ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება.
- 31
იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები - სახლში, ნუ ჩავა ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, ნურც ის დაბრუნდება უკან.
- 32
გაიხსენეთ ლოტის ცოლი.
- 33
ვინც ეცდება შეინარჩუნოს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას; ხოლო ვინც დაკარგავს თავის სიცოცხლეს, შეინარჩუნებს მას.
- 34
გეუბნებით თქვენ: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე, ერთი წაყვანილ იქნება, მეორე კი დარჩება.
- 35
ორნი დაფქვავენ ერთ ადგილზე, ერთი წაყვანილ იქნება, მეორე კი დარჩება.
- 36
ორნი იქნებიან ყანაში, ერთი წაყვანილ იქნება, მეორე დარჩება”.
- 37
ჰკითხეს: "სად, უფალო?” ხოლო მან უპასუხა: "სადაც ლეშია, სვავებიც იქვე მოგროვდებიან”.