მარკოზი 9
- 1
უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ღმერთის სამეფოს, ძლიერებით მოსულს”.
- 2
ექვსი დღის შემდეგ მაღალ მთაზე წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა და ფერი იცვალა მათ წინაშე.
- 3
მისი ტანისამოსი ბრწყინვალე და სპეტაკი გახდა, ისე რომ, ამ ქვეყნად არც ერთ გამთეთრებელს არ ძალუძს ასე გათეთრება.
- 4
და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად, რომლებიც იესოს ესაუბრებოდნენ.
- 5
უთხრა პეტრემ იესოს: "რაბი, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთოთ სამი კარავი. ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას”.
- 6
ვინაიდან არ იცოდა რა ეთქვა, რადგან ყველა შეშინებული იყო.
- 7
და გამოჩნდა ღრუბელი, რომელმაც დაჩრდილა ისინი, ხოლო ღრუბლიდან გამოვიდა ხმა: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, მას უსმინეთ!”
- 8
უცებ მიმოიხედეს და ვეღარავინ დაინახეს ირგვლივ, იესოს გარდა.
- 9
მთიდან ძირს რომ ეშვებოდნენ, იესომ გააფრთხილა ისინი, არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგებოდა.
- 10
გულში ჩაიდეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავსო მკვდრეთით აღდგომა.
- 11
ჰკითხეს: რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?
- 12
უპასუხა: "მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და ყოველივე აღადგინოს. ძე კაცისას კი, როგორც დაწერილია, ბევრი ტანჯვა და დამცირება ელოდება.
- 13
მაგრამ გეუბნებით, რომ ელია მოვიდა და ისე მოექცნენ მას, როგორც უნდოდათ და როგორც დაწერილია მასზე”.
- 14
მოწაფეებთან რომ მივიდა, ნახა მათ ირგვლივ ბევრი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები.
- 15
მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა და გაოცდნენ. მორბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ.
- 16
ჰკითხა მათ: "რაზე ედავებით ამათ?”
- 17
ხალხიდან ერთ-ერთმა მიუგო: "მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც უტყვი სული ჰყავს.
- 18
სადაც შეიპყრობს, ძირს ანარცხებს, დუჟს ადენს, კბილებს აღრჭიალებინებს და აშეშებს. შენს მოწაფეებს ვთხოვე, განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს”.
- 19
მიუგო მათ და უთხრა: "ჰოი, ურწმუნო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ”.
- 20
მიუყვანეს. როგორც კი სულმა იესო დაინახა, ბიჭი ძირს დაანარცხა. გორავდა მიწაზე დაცემული და დუჟი სდიოდა.
- 21
ჰკითხა ბიჭის მამას: "რამდენი ხანია, რაც ასე ემართება?” უპასუხა: "პატარაობიდან.
- 22
ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რათა დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, შეგვიბრალე და გვიშველე”.
- 23
იესომ უთხრა: "თუ შეძლებ, რომ ირწმუნო, მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია”.
- 24
ბავშვის მამამ იმწამსვე შესძახა ცრემლმორეულმა: "მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას”.
- 25
როგორც კი დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბოდა და გროვდებოდა, შერისხა უწმიდური სული და უთხრა: "უტყვო და ყრუ სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ დაბრუნდე მასში!”
- 26
დაიყვირა, ძალუმად შეანჯღრია ბიჭი და გავიდა. ის კი მკვდარივით შეიქნა. ბევრმა კიდეც თქვა, მოკვდაო!
- 27
იესომ კი ხელი მოკიდა, წამოაყენა და ისიც წამოდგა.
- 28
შინ რომ შევიდა, მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს: "ჩვენ რატომ ვერ გავდევნეთ იგი?”
- 29
უპასუხა: "ეს მოდგმა სხვანაირად ვერ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით”.
- 30
იქიდან წამოსულებმა გალილეაზე გაიარეს; არ უნდოდა, რომ ვინმეს გაეგო,
- 31
რადგან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: "ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელს, ისინი მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს აღდგება”.
- 32
მათ ვერ გაიგეს ეს ნათქვამი, მაგრამ ეშინოდათ, რომ შეკითხოდნენ მას.
- 33
მივიდნენ კაპერნაუმში. სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: "რაზე დაობდით გზაში?”
- 34
ისინი დუმდნენ, რადგან გზაში ერთმანეთში დაობდნენ - ვინ უფრო დიდიაო?
- 35
დაჯდა, უხმო თორმეტს და უთხრა: "თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური”.
- 36
მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ:
- 37
"ვინც ჩემი სახელით ერთ ასეთ ბავშვს მიიღებს, ის მე მღებულობს. ხოლო ვინც მე მღებულობს, ის მე კი არ მღებულობს, არამედ ჩემს მომავლინებელს”.
- 38
უთხრა იოანემ: "მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგვყვება და დავუშალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვყვება”.
- 39
იესომ უთხრა: "ნუ დაუშლით, ვინაიდან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, აგრე იოლად ვერ იტყვის აუგს ჩემზე.
- 40
ვინაიდან ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის.
- 41
ვინც ჩემი სახელით ჭიქა წყალს მოგაწვდით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ - არ დაეკარგება მას თავისი საზღაური.
- 42
ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ.
- 43
"თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი; გირჩევნია დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე ჩაუქრობელ ცეცხლში,
- 44
სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
- 45
თუ შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი; გირჩევნია კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჩაუქრობელი ცეცხლის გეენაში იქნე ჩაგდებული,
- 46
სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
- 47
თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე იგი: გირჩევნია ცალი თვალით შეხვიდე ღმერთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაუქრობელი ცეცხლის გეენაში იქნე ჩაგდებული,
- 48
სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
- 49
ვინაიდან ყოველნი ცეცხლით დამარილდებიან და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება.
- 50
მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი დაამარილებ? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში”.