მარკოზი 8
- 1
იმ დღეებში, კვლავ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი, საჭმელი რომ არაფერი ჰქონდათ, მოუხმო მოწაფეებს და უთხრა:
- 2
"მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ.
- 3
შინ რომ მშივრები გავუშვა, გზაში დაუძლურდებიან, რადგან ზოგიერთი ძალიან შორიდან არის მოსული”.
- 4
მოწაფეებმა უთხრეს: "ვის შეუძლია ამ უდაბურ ადგილზე ამდენი ხალხის დაპურება?”
- 5
ჰკითხა მათ: "რამდენი პური გაქვთ?” უთხრეს: "შვიდი”.
- 6
მაშინ უბრძანა ხალხს, მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო შვიდი პური, მადლი შესწირა, გატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ. მათაც ჩამოურიგეს ხალხს.
- 7
რამდენიმე თევზიც ჰქონდათ. აკურთხა და უბრძანა, ისინიც ჩამოერიგებინათ.
- 8
ჭამეს და დანაყრდნენ. დარჩენილი ნატეხებისგან შვიდი კალათი აიღეს.
- 9
ისინი კი ოთხი ათასამდე იყვნენ. და გაუშვა ყველანი.
- 10
უმალვე თავის მოწაფეებთან ერთად ავიდა ნავზე და მივიდნენ დალმანუთის მხარეში.
- 11
გამოვიდნენ ფარისეველნი, დავა დაუწყეს და ციდან ნიშანი მოსთხოვეს, რომ გამოეცადათ.
- 12
მაშინ სულით ამოიოხრა და თქვა: "რისთვის ეძებს ეს მოდგმა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ მოდგმას ნიშანი არ მიეცემა”.
- 13
და მიატოვა ისინი, კვლავ ავიდა ნავზე და გაღმა გავიდა.
- 14
მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ. ნავში ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ.
- 15
დაარიგა ისინი და უთხრა: "გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანელთა საფუარს”.
- 16
ისინი კი ერთმანეთში მსჯელობდნენ: ალბათ იმიტომ, რომ პური არა გვაქვსო.
- 17
იესო მიხვდა ამას და უთხრა მათ: "რას მსჯელობთ, პური რომ არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ ხედავთ და ვერ გაგიგიათ? გული გაგიქვავდათ?
- 18
თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ?
- 19
როცა ხუთი პური დავტეხე ხუთი ათასი კაცისთვის, რამდენი გოდორი გაავსეთ ნარჩენებით?” უთხრეს: "თორმეტი”.
- 20
"როცა ოთხი ათასისთვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი გაავსეთ ნარჩენებით?” უთხრეს: "შვიდი”.
- 21
უთხრა მათ: "მაშ, როგორ ვერ ხვდებით?”
- 22
მივიდნენ ბეთსაიდაში. მიუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას.
- 23
მან ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე დააფურთხა, ხელები დაადო და ჰკითხა: "ხედავ რამეს?”
- 24
მან აიხედა და თქვა: "ვხედავ მოსიარულე ადამიანებს, როგორც ხეებს”.
- 25
შემდეგ კვლავ დაადო ხელები თვალებზე და აახელინა; და აღუდგა მას მხედველობა, და ყველაფერი მკაფიოდ დაინახა.
- 26
შინ გაისტუმრა და უთხრა: "სოფელში ნუ შეხვალ”.
- 27
წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში. გზა და გზა მოწაფეებს ელაპარაკებოდა და ეკითხებოდა: "რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?”
- 28
მათ უთხრეს: "იოანე ნათლისმცემელიო, ზოგიც - ელიაო, ზოგი კი - ერთ-ერთი წინასწარმეტყველთაგანიო”.
- 29
კვლავ ჰკითხა მათ: "თქვენ რაღას იტყვით: ვინ ვარ მე?” პეტრემ უთხრა: "შენ ხარ ქრისტე”.
- 30
და გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ მის შესახებ.
- 31
დაუწყო სწავლება, რომ ძე კაცისას მრავალი ტანჯვის ატანა მოუწევდა; რომ მას უარყოფენ უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.
- 32
ცხადად ამბობდა ამას. პეტრემ გვერდზე გაიხმო და კიცხავდა.
- 33
ის მობრუნდა, მოწაფეებს გადახედა, პეტრეს გაუწყრა და უთხრა: "გამშორდი, სატანავ! ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას”.
- 34
მოწაფეებთან ერთად ხალხსაც მოუხმო და უთხრა: "თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს.
- 35
რადგან, ვისაც სულის* შენარჩუნება სურს, იგი დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაკარგავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას.
- 36
რა სარგებელი აქვს ადამიანს, თუ მთელ წუთისოფელს შეიძენს, თავის სულს კი ავნებს?
- 37
ან რისი მიცემა შეუძლია ადამიანს თავისი სულის სანაცვლოდ?
- 38
რადგან ვისაც ჩემი და ჩემი სიტყვებისა შერცხვება ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, ძე კაცისასაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებით, წმიდა ანგელოზებთან ერთად”.