მარკოზი 15
- 1
გათენებისთანავე მოითათბირეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად; შეკრეს იესო, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს.
- 2
ჰკითხა პილატემ: "შენ ხარ იუდეველთა მეფე?” ხოლო მან მიუგო პასუხად: "შენ ამბობ”.
- 3
მრავალ ბრალს სდებდნენ მღვდელმთავარნი.
- 4
კვლავ ჰკითხა პილატემ: "არაფერს უპასუხებ? ხედავ, რამდენ რამეს გაბრალებენ?”
- 5
მაგრამ კვლავ არაფერს პასუხობდა იესო; და გაოცდა პილატე.
- 6
დღესასწაულებზე მათ თითო პატიმარს უთავისუფლებდა ხოლმე, რომელსაც სთხოვდნენ.
- 7
იყო ვინმე ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ.
- 8
მოსულმა ხალხმა იმის თხოვნა დაუწყო, რასაც პილატე ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ.
- 9
ჰკითხა მათ პილატემ: "გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?”
- 10
ვინაიდან იცოდა, რომ შურით გადასცეს იგი მღვდელმთავრებმა.
- 11
მღვდელმთავრებმა კი ხალხი წააქეზეს, რომ ბარაბას გათავისუფლება მოეთხოვათ თავიანთთვის.
- 12
პილატემ კვლავ ჰკითხა მათ: "ამას რაღა ვუყო, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ?”
- 13
მათ იყვირეს: "ჯვარს აცვი იგი!”
- 14
უთხრა მათ პილატემ: "რა ბოროტება ჩაიდინა?” მაგრამ მათ ყვირილს უმატეს: "ჯვარს აცვი იგი!”
- 15
მაშინ პილატემ, რომელსაც ხალხის დაკმაყოფილება უნდოდა, ბარაბა გაუთავისუფლა მათ, იესო კი გაშოლტვის შემდეგ ჯვარცმისთვის გადასცა.
- 16
ჯარისკაცებმა კი ეზოში ანუ პრეტორიაში შეიყვანეს იგი და მთელი რაზმი შეკრიბეს.
- 17
ძოწეულით შემოსეს და ეკლისგან დაწნული გვირგვინი დაადგეს.
- 18
დაიწყეს მისალმება: "გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!”
- 19
თავში ლერწამს სცემდნენ, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანს სცემდნენ.
- 20
მისი აბუჩად აგდებით გული რომ იჯერეს, ძოწეული გახადეს, მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და გამოიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ.
- 21
და აიძულეს ერთი გამვლელი, ვინმე სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფუსის მამა, რომელიც ყანიდან მოდიოდა, მისი ჯვარი ეზიდა.
- 22
მიიყვანეს იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც თხემის ადგილს ნიშნავს.
- 23
მიაწოდეს მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ ინდომა.
- 24
ჯვარს აცვეს და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსელი - ვისაც რა ერგო.
- 25
ასე მესამე საათი იქნებოდა, ჯვარს რომ აცვეს იგი.
- 26
და წარწერა ჰქონდა მისი ბრალდებისა: "იუდეველთა მეფე”.
- 27
მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და ერთიც მის მარცხნივ.
- 28
და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: "ავაზაკთა შორის შეირაცხა”.
- 29
გამვლელები თავებს აქნევდნენ, გმობდნენ და ამბობდნენ: "ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო!
- 30
იხსენი თავი და გადმოდი ჯვრიდან!”
- 31
მღვდელმთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებთან ერთად; ერთმანეთს ეუბნებოდნენ: "სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია.
- 32
ქრისტე, ისრაელის მეფე, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ!” მათთან ერთად ჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას.
- 33
მეექვსე საათზე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა მეცხრე საათამდე.
- 34
მეცხრე საათზე კი დიდი ხმით შესძახა იესომ: "ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?”
- 35
იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგონეს და თქვეს: "აჰა, ელიას უხმობს”.
- 36
ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გააჯერა, ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა, თან ამბობდა: "აცალეთ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელად”.
- 37
ხოლო იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა.
- 38
მაშინ, ორად გაიხა ტაძრის ფარდა, ზემოდან - ძირამდე.
- 39
როცა მის წინაშე მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შესძახა და განუტევა სული, თქვა: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო ეს კაცი”.
- 40
აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უმზერდნენ. მათ შორის, მარიამ მაგდალელი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, და სალომე,
- 41
რომლებიც გალილეაში მისი ყოფნისას, თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას; ასევე მრავალი სხვაც, მასთან ერთად რომ ამოვიდნენ იერუსალიმში.
- 42
როგორც კი მოსაღამოვდა, ვინაიდან პარასკევი ანუ შაბათის წინა დღე იყო,
- 43
მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღმერთის სამეფოს; გაბედულად შევიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა.
- 44
პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო; დაუძახა ასისთავს და ჰკითხა: "დიდი ხანია მოკვდა?”
- 45
და როცა შეიტყო ასისთავისგან, ცხედარი იოსებს მისცა.
- 46
იოსებმა იყიდა ტილო, ჩამოხსნა იგი, ტილოში გაახვია და კლდეში ნაკვეთ სამარხში დაასვენა; სამარხის კარზე კი ლოდი მიაგორა.
- 47
მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, იოსეს დედამ, დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი.