მარკოზი 14
- 1
1 ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძიებდნენ, რომ მზაკვრულად შეეპყროთ იგი და მოეკლათ.
- 2
ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აჯანყდესო.
- 3
როცა იესო ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში იყო და სუფრასთან იჯდა, მივიდა ქალი, რომელსაც ძვირადღირებული ნარდის სუფთა ნელსაცხებელი ჰქონდა ალებასტრონით; გატეხა ალებასტრონი და თავზე დაასხა მას.
- 4
ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ასე რად გაიფლანგა ნელსაცხებელიო?
- 5
ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის სამას დინარზე მეტად გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება? და კიცხავდნენ ქალს.
- 6
ხოლო იესომ უთხრა მათ: "თავი გაანებეთ, რატომ კიცხავთ? მან სიკეთე მიყო.
- 7
რადგან ღარიბნი მუდამ თქვენთან გეყოლებათ და როცა მოისურვებთ, შეგეძლებათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით.
- 8
მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს ნელსაცხებელი დასამარხად.
- 9
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ ქვეყანაზე, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისივე მოსაგონებლად”.
- 10
და წავიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ თორმეტთაგანი, მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი.
- 11
ეს რომ მოისმინეს, გაიხარეს და ვერცხლის მიცემას შეპირდნენ. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი.
- 12
უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავს სწირავდნენ, ჰკითხეს მოწაფეებმა: "სად გინდა, რომ წავიდეთ და პასექი მოგიმზადოთ საჭმელად?”
- 13
გაგზავნა ორი მოწაფეთაგანი, თან უთხრა: "ქალაქში წადით და შემოგეყრებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მიაქვს; უკან გაჰყევით.
- 14
სადაც შევა, იმ სახლის პატრონს უთხარით: მოძღვარმა თქვა: სად არის სასტუმრო ოთახი, სადაც ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ პასექს?
- 15
და ის გიჩვენებთ ზემო ოთახს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ ჩვენ”.
- 16
გამოვიდნენ მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში, მისი ნათქვამისამებრ იპოვეს, და მოამზადეს პასექი.
- 17
მოსაღამოვებულზე თორმეტთან ერთად მოვიდა.
- 18
როცა სუფრასთან ისხდნენ და ჭამდნენ, თქვა იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე”.
- 19
ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ ეკითხებოდნენ: "მე ხომ არა?”
- 20
ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ ეკითხებოდნენ: "მე ხომ არა?”
- 21
თუმცა ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მის შესახებ, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა: იმ კაცისთვის უმჯობესი იქნებოდა არ დაბადებულიყო”.
- 22
როცა ჭამდნენ, იესომ პური აიღო, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: "მიიღეთ და ჭამეთ - ეს ჩემი სხეულია!”
- 23
აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. იქიდან შესვა ყველამ.
- 24
უთხრა მათ: "ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.
- 25
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს, ღმერთის სამეფოში”.
- 26
იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
- 27
უთხრა მათ იესომ: "ამ ღამით ყველანი ცდუნდებით ჩემში, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ცხვრები.’
- 28
ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში”.
- 29
უთხრა პეტრემ: "თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მე მაინც არა”.
- 30
უთხრა მას იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ”.
- 31
ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: "თუნდაც მოვკვდე შენთან ერთად, მაინც არ უარგყოფ”. ასევე ეუბნებოდნენ სხვებიც.
- 32
და მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც გეთსემანია ჰქვია; უთხრა თავის მოწაფეებს: "აქ დასხედით, ვიდრე ვილოცებდე”.
- 33
თან გაიყოლა პეტრე, იაკობი და იოანე და იწყო წუხილი და ურვა.
- 34
უთხრა: "სიკვდილამდეა დამწუხრებული ჩემი სული. აქ იყავით და იფხიზლეთ”.
- 35
ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა თუ კი შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი.
- 36
თქვა: "აბბა, მამაო, ყოველივე შესაძლებელია შენთვის. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც - შენ”.
- 37
მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: "სიმონ, გძინავს? ვერ შეძელი, ერთ საათს გეფხიზლა?
- 38
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მოშურნეა, ხოლო ხორცი უძლური”.
- 39
კვლავ წავიდა და იმავე სიტყვებით ლოცულობდა.
- 40
მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის.
- 41
მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: "ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა! მოვიდა ჟამი. აჰა, ცოდვილთა ხელს გადაეცემა ძე კაცისა.
- 42
ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.
- 43
სიტყვა არ დაესრულებინა რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთაგან მახვილებითა და კეტებით შეიარაღებული ხალხი მოიყოლა.
- 44
გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: "ვისაც ვეამბორები, ის არის. შეიპყარით და ბადრაგით წაიყვანეთ”.
- 45
უმალვე მივიდა მასთან და უთხრა: "რაბი!” და ეამბორა მას.
- 46
მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს.
- 47
ერთმა იქ მდგომთაგანმა მახვილი იძრო, მოუქნია მღვდელმთავრის მონას და ყური მოათალა.
- 48
მაშინ უთხრა მათ იესომ: "როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად.
- 49
ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი”.
- 50
მაშინ მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ.
- 51
ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და მცველებმა შეიპყრეს იგი.
- 52
მან კი ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაიქცა.
- 53
მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და თავი მოიყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა.
- 54
პეტრე შორიახლო მიჰყვებოდა მას თვით მღვდელმთავრის ეზომდე; დაჯდა მსახურებთან და ცეცხლთან თბებოდა.
- 55
ხოლო მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი იესოს წინააღმდეგ მოწმობას ეძებდნენ, რომ მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ.
- 56
მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
- 57
ზოგი წამოდგა და ცილს სწამებდა მას; ამბობდნენ:
- 58
გავიგონეთ, რომ ამბობდა: ამ ხელთქმნილ ტაძარს დავანგრევ და სამ დღეში სხვას, ხელთუქმნელს ავაშენებო.
- 59
მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს.
- 60
ადგა მღვდელმთავარი, იესოსთან მივიდა და ჰკითხა: "არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?”
- 61
ის კი დუმდა და არაფერს პასუხობდა. ისევ ჰკითხა მღვდელმთავარმა: "შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?”
- 62
იესომ თქვა: "მე ვარ. და იხილავთ ძე კაცისას ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
- 63
მაშინ სამოსელი შემოიხია მღვდელმთავარმა და თქვა: "რაღად გვინდა მოწმეები?
- 64
თქვენ გაიგონეთ გმობა! რას იტყვით?” მაშინ ყველამ სასიკვდილო მსჯავრი დასდო მას.
- 65
ზოგიერთებმა ფურთხება დაუწყეს, თვალები აუხვიეს, სცემდნენ და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო. მსახურნი კი სახეში ურტყამდნენ.
- 66
როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მოვიდა მღვდელმთავრის ერთი მოახლეთაგანი.
- 67
როცა დაინახა პეტრე, რომელიც თბებოდა, დააკვირდა და უთხრა: "შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი”.
- 68
მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც გამეგება რას ამბობო. ეზოს გარეთ გავიდა პეტრე და მამალმაც იყივლა.
- 69
მხევალმა რომ დაინახა იგი, კვლავ უთხრა იქ მდგომთ: ესეც ერთი მათგანიაო.
- 70
მან კვლავ უარყო. მცირე ხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: ნამდვილად ერთი მათგანი ხარ, რადგან შენც გალილეველი იქნები, კილოზე გეტყობაო.
- 71
პეტრემ კი იწყო წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო.
- 72
მყისვე მეორედ იყივლა მამალმა; და გაახსენდა პეტრეს სიტყვა, იესომ რომ უთხრა: "სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს სამჯერ უარმყოფო; და იწყო ტირილი”.