მათე 20
- 1
"რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად.
- 2
მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.
- 3
მესამე საათი იქნებოდა, რომ კვლავ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში რომ იდგნენ უქმად.
- 4
უთხრა მათ: თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო; და ისინიც წავიდნენ.
- 5
კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა.
- 6
გავიდა თერთმეტ საათზეც, კიდევ ნახა უქმად მდგარნი და უთხრა მათ: რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?
- 7
უპასუხეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა. უთხრა მათ: წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო.
- 8
რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მნეს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.
- 9
მივიდნენ თერთმეტ საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი.
- 10
პირველად მისულებმა იფიქრეს, მეტს მოგვცემენო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს.
- 11
როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს.
- 12
ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა, მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო.
- 13
მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ, განა დინარად არ მოგირიგდი?
- 14
აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
- 15
ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, რომ კეთილი ვარ?
- 16
ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა”.
- 17
იერუსალიმში რომ ადიოდა, იესომ ცალკე გაიხმო თორმეტნი და უთხრა მათ გზად მიმავალმა:
- 18
"აჰა, იერუსალიმში ავდივართ; და გადაეცემა ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას.
- 19
წარმართებს გადასცემენ მას, რომ აგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან; მესამე დღეს კი აღდგება”.
- 20
მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა მას.
- 21
მან ჰკითხა: "რა გინდა?” ხოლო ქალმა მიუგო: "ბრძანე, რომ შენს სამეფოში, ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს ჩემს ამ ორ ძეთაგან”.
- 22
მიუგო იესომ პასუხად: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, მე რომ უნდა შევსვა? ან იმ ნათლობით მოინათლოთ მე რომ მოვინათლე?” და უთხრეს: "შეგვიძლია”.
- 23
უთხრა მათ: "ჩემს სასმისს შესვამთ და იმ ნათლობითაც მოინათლებით, მე რომ მოვინათლე, მაგრამ ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ”.
- 24
ეს რომ იმ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე.
- 25
იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ძალაუფლებით მართავენ მათ.
- 26
თქვენ შორის ასე ნუ იქნება; არამედ, ვისაც სურს თქვენ შორის დიდი იყოს, ის თქვენს მსახურად იქცეს.
- 27
და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს.
- 28
ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”.
- 29
იერიხოდან გამოსვლისას დიდძალი ხალხი გაჰყვა მას.
- 30
და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას; როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ; ამბობდნენ: "შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისა!”
- 31
უწყრებოდა მათ ხალხი და აჩუმებდა. ისინი კი უფრო მეტად აყვირდნენ: "შეგვიწყალე, უფალო, ძეო დავითისა!”
- 32
იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და ჰკითხა: "რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?”
- 33
უთხრეს: "უფალო, გვინდა თვალები აგვეხილოს”.
- 34
შეებრალა ისინი იესოს, შეეხო მათ თვალებს და მყისვე აეხილათ; და გაჰყვნენ მას.