მათე 19
- 1
ეს სიტყვები რომ დაასრულა, გალილეიდან იუდეის საზღვრებში წავიდა იესო და იორდანეს გაღმა მივიდა.
- 2
დიდძალი ხალხი მისდევდა და კურნავდა მათ იქ.
- 3
მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: "თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?”
- 4
ხოლო მან უთხრა პასუხად: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?
- 5
და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.
- 6
ისე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს!”
- 7
უთხრეს მას: "აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრის მოწმობის მიცემა და გაშვება?”
- 8
უთხრა მათ: "მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
- 9
მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს”.
- 10
უთხრეს მას მოწაფეებმა: "თუკი ასეთია კაცის მოვალეობა ცოლის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი”.
- 11
უთხრა მათ: "ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.
- 12
ვინაიდან არიან საჭურისნი, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად; არიან საჭურისნი, რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს; არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს”.
- 13
მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ.
- 14
იესომ თქვა: "გამოუშვით ბავშვები და ნუ უკრძალავთ ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სამეფო”.
- 15
დაადო ხელები და წავიდა იქიდან.
- 16
და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: "კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?”
- 17
ხოლო მან უთხრა: "რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”.
- 18
ჰკითხა: "რომლები?” ხოლო იესომ უთხრა: "არ კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ.
- 19
პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.
- 20
უთხრა მას ჭაბუკმა: "ყოველივე ამას ყრმობიდან ვიცავდი. კიდევ რა მაკლია?”
- 21
უთხრა მას იესომ: "თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
- 22
ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა.
- 23
იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა!
- 24
კვლავაც გეტყვით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
- 25
ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ და ჰკითხეს: "აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?”
- 26
გადახედა მათ იესომ და თქვა: "კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია”.
- 27
მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა: "აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და შენ გამოგყევით, მაშ, რა გვექნება?”
- 28
ხოლო იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, ვინც მე გამომყევით, ხელახლა დაბადებისას, როცა ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად.
- 29
და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
- 30
ჰოდა მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელთაგან კი - პირველი”.