სოფონია 2
- 1
შეგროვდით და შეიკრიბეთ, უსირცხვილო ხალხო!
- 2
სანამ მოეწევა ბრძანება და ბზესავით გადაივლის დღე, სანამ არ დაგტყდომიათ დღე უფლის რისხვისა.
- 3
ეძიეთ უფალი, ყოველნო თავმდაბალნო ქვეყნიერებისა, რომლებიც აღასრულებდით მის სამართალს; ეძიეთ სიმართლე და ეძიეთ თავმდაბლობა, იქნებ დაემალოთ უფლის რისხვის დღეს.
- 4
რადგან მიტოვებულ იქნება ღაზა და გაცამტვერდება აშკელონი, გაუკაცრიელდება აშდოდი შუადღისას და აღმოიფხვრება ყეკრონი.
- 5
ვაი ზღვისპირეთის მცხოვრებთ, ქერეთელ ხალხს! უფლის სიტყვაა შენს წინააღმდეგ, ქანაანო, ფილისტიმელთა მიწავ. გაგანადგურებ და აღარ გეყოლება მცხოვრები.
- 6
და იქნება ზღვისპირეთი საძოვრებად და მდელოებად სამწყსოსთვის და სადგომად ფარისთვის.
- 7
იუდას სახლის ნარჩენისა გახდება ეს მხარე, სადაც აძოვებენ ისინი, საღამოს კი აშკელონის სახლებში წამოწვებიან, რადგან გაიხსენებს მათ უფალი, მათი ღმერთი და მოაბრუნებს ტყვეობიდან.
- 8
მესმოდა ლანძღვა მოაბისა და გინება ყამონის ძეთა, ჩემს ხალხს რომ შეურაცხყოფდნენ და ტრაბახობდნენ მათ საზღვრებთან.
- 9
ამიტომ, ცოცხალიმც ვარ! - ამბობს ცაბაოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა - სამარადისოდ სოდომს დაემსგავსება მოაბი და გომორას - ამონის ძენი. ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოსა და უკაცრიელ მიწას. ჩემი ხალხის ნატამალი გაძარცვავს მათ და დაეპატრონება მათ მიწას.
- 10
ამას მიიღებენ ქედმაღლობის წილ, რადგან აგინებდნენ და ქედმაღლობდნენ ცაბაოთ უფლის ხალხზე.
- 11
საშინელი იქნება მათთვის უფალი, ვინაიდან მოსპობს ქვეყნის ყველა ღმერთს და ყოველი კუნძული ხალხისა მას სცემს თაყვანს, თითოეული თავისი ადგილიდან.
- 12
და თქვენც, ქუშელნო, ჩემი მახვილით განიგმირებით!
- 13
გაიწვდენს ხელს ჩრდილოეთზე, გაანადგურებს აშურს, გააცამტვერებს ნინევეს და უდაბნოსავით გააოხრებს.
- 14
ყოველგვარი მხეცების ხროვა დაიბუდებს მის შუაგულში; ვარხვი და ზღარბი ღამეს გაათევენ მის ბუღაურებზე, ფრინველთა ხმა გაისმება სარკმელებში, გატიალება იქნება ზღურბლზე, რადგან ჩამოსცვივა კედლებს კედარი.
- 15
ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, გულში რომ ამბობდა: მე ვარ და სხვა არავინ არისო! როგორ გაუდაბურდა და იქცა ცხოველთა სავანედ?! ყოველი გამვლელი მასზე გაიცინებს და ხელს ჩაიქნევს.