სოფონია 1
- 1
უფლის სიტყვა, რომელიც გამოეცხადა სოფონია ქუშის ძეს, გედელიაჰუს ძეს, ამარიას ძეს, ხიზკიაჰუს შთამომავალს, იუდას მეფის, იოშია ყამონის ძის დღეებში.
- 2
ყველაფერს აღვგვი მიწის პირიდან! - ამბობს უფალი.
- 3
აღვგვი კაცსა და პირუტყვს, ცის ფრინველსა და ზღვის თევზებს, მაცდურს ბოროტეულებთან ერთად; აღვგვი ადამიანს მიწის პირიდან! - ამბობს უფალი.
- 4
ხელს მოვუღერებ იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ; მოვსპობ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს და ქურუმთა სახსენებელს, მღვდლებთან ერთად.
- 5
მათ, ბანებზე რომ სცემენ თაყვანს ციურ ლაშქარს და უფალსა და მილქომს რომ იფიცებენ.
- 6
მათ, ვინც განუდგნენ უფალს, აღარ ეძებდნენ და აღარაფერს ეკითხებოდნენ.
- 7
დადუმდი უფლის, ღმერთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფლის დღე; რადგან გამზადებული აქვს უფალს მსხვერპლი, ამორჩეული ჰყავს სტუმრები.
- 8
დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და დავსჯი მთავრებს, უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსელით შემოსილს.
- 9
დავსჯი იმ დღეს ყველას, ტაძრის ზღურბლის გადამლახველს, თავიანთი უფლის სახლს ძალადობითა და სიცრუით რომ ავსებდნენ.
- 10
იმ დღეს გაისმება - ამბობს უფალი - გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან, მოთქმა საპირისპირო მხრიდან და დიდი ნგრევის ხმა მაღლობებიდან.
- 11
იბღავლეთ, ხეობის მკვიდრნო, რადგან ყველა მოვაჭრე განადგურდება და ვერცხლის ყველა მიმწონი ამოწყდება.
- 12
მაშინ იქნება, რომ ლამპრით გამოვჩხრეკ იერუსალიმს და დავსჯი საკუთარ დოვლათზე მინდობილ კაცებს, გულში რომ ამბობენ: არც სიკეთეს მოიმოქმედებს უფალი და არც სიავესო!
- 13
გაიძარცვება მათი ქონება და გაუკაცრიელდება მათი სახლები; სახლებს ააშენებენ და ვერ იცხოვრებენ მათში, ვენახებს გააშენებენ და ვერ დალევენ მათგან ღვინოს.
- 14
ახლოა უფლის დიადი დღე, ახლოა და მალე მოვა; ისმინეთ ხმა უფლის დღისა! მწარედ ატირდება იმ დღეს ყველაზე მამაციც კი!
- 15
რისხვის დღეა ეს დღე! უბედურებისა და გაჭირვების დღე, ნგრევისა და გაუდაბურების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ღრუბლებისა და ბურუსის დღე,
- 16
ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ საყვირისა და საბრძოლო შეძახილების დღე!
- 17
შევაჭირვებ ადამიანებს და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიბნევა მათი სისხლი და ნეხვივით - მათი ხორცი.
- 18
ვერც მათი ვერცხლი იხსნის მათ და ვერც - მათი ოქრო, უფლის რისხვის დღეს; და შთანთქავს მთელს ქვეყანას თავისი ეჭვიანობის ცეცხლით, რადგან, უცაბედად მოუღებს ბოლოს ქვეყნის ყველა მკვიდრს.