მიქა 1
- 1
უფლის სიტყვა, რომელიც მორეშეთელ მიქას მიმართ იყო იუდას მეფეების - იოთამისა და ახაზის დღეებში, სამარიასა და იერუსალიმზე რომ იხილა.
- 2
ისმინე, ყველა ერო! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან.
- 3
რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოვა და ფეხქვეშ გათელავს დედამიწის სიმაღლეებს.
- 4
მთები დადნებიან მის ქვეშ და ველები გაიპობიან, როგორც ცვილი ცეცხლში, როგორც ციცაბოდან ვარდნილი წყალი.
- 5
იაკობის დაუმორჩილებლობისა და ისრაელის სახლის ცოდვის გამოა ეს ყველაფერი. რა არის იაკობის დაუმორჩილებლობა? განა სამარია არ არის? რა არის იუდას მაღლობი? განა იერუსალიმი არ არის?
- 6
ქვის გროვად ვაქცევ ველზე სამარიას, ვენახის გასაშენებელ ადგილად; ტრამალზე გადავყრი მის ქვებს და მის საძირკვლებს გავაშიშვლებ.
- 7
მისი ყველა კერპი დაიმსხვრევა, მისი ყველა შესაწირი ცეცხლში დაიწვება; გავანადგურებ მის ყველა ქანდაკს, რადგან მეძავობის გასამრჯელოთი აგროვებდა და მეძავობის გასამრჯელოთივე დაუბრუნდება მათ.
- 8
ამაზე ვიგლოვებ და მოვყვები მოთქმას, ფეხშიშველი და ტიტველი ვივლი, ტურასავით ვიკივლებ და სირაქლემასავით ვიკვნესებ.
- 9
რადგან განუკურნებელია მისი ჭრილობები, რადგან იუდას მიადგა და ჩემი ხალხის კარიბჭესაც, თვით იერუსალიმსაც უწია.
- 10
ნუ ილაპარაკებთ გათში, ნუ იტირებთ ბეთ-ლეყაფრაში; მტვერში გაგორდით.
- 11
წადი შენს გზაზე, შაფირის მკვიდრო, შიშველი და შერცხვენილი. ვერსად გაიქცევა ცაანანის მკვიდრი; გლოვაა ბეთ-ეცელში; არ არის შემწეობა.
- 12
სიკეთის მოლოდინში დაუძლურდა მაროთის მკვიდრი, მაგრამ უბედურება ჩამოვიდა უფლისგან იერუსალიმის კარიბჭეზე.
- 13
ეტლში შეაბა ბედაურები ლაქიშის მკვიდრმა; ის არის ცოდვის დასაბამი სიონის მკვიდრისთვის, რადგან მასში აღმოჩნდა ისრაელის დანაშაულებანი.
- 14
ამიტომ მორეშეთ-გათს გაუგზავნი განშორების ძღვენს. არ არიან სანდონი აქზიბის სახლები, სიცრუედ ექცევიან ისინი ისრაელის მეფეებს.
- 15
ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშას მკვიდრო, ყადულამამდე მიაღწევს ისრაელის დიდება.
- 16
თავი მოიტიტვლე, თმა შეიჭერი შენი სანუკვარი შვილების გამო; არწივივით გაქაჩლდი, რადგან განდევნილნი იქნებიან ისინი შენგან.